თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს

AutoSharing Option
საქართველოში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი "ლელოს" სტუმარია და მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება - საქართველოში ხანგრძლივი ჩამოუსვლელობის მიზეზებზე, ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის აუცილებლობაზე...

ვიღაც აშკარად ერეოდა
- მართალია, რომ შესაძლოა, ლევან ყიფიანის გვერდით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გიხილოთ?
- ეს თემა არ განხილულა.

- ერთმანეთს არ შეხვდით?
- ლევანი ჩემი მეგობარია, "ჩვენი ფეხბურთი" მასთან და გოჩა ჯამარაულთან ერთად დავაფუძნე და ცხადია, შევხვდები და დაველაპარაკები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,
რომ სპორტის სამინისტროში მოადგილეობას მთავაზობს.

- უფრო რეალურად, თქვენი კანდიდატურა სულ სხვა პოსტზე გაჟღერდა: საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი გახდეთ.
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, რადგან სანამ ვინმე კანდიდატურას წამოაყენებს, მანამდე უნდა დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები.

- ზვიად სიჭინავას საპრეზიდენტო პოსტზე ლეგიტიმაცია 2015 წლამდე აქვს. ახლა კი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ლაპარაკიც არ ისმის.
- ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა, იქ შევარდნა და მიტინგებით ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის გადაყენება. ფედერაციის ოპონენტები სწორედ იმიტომ ვიყავით, რომ იქ ბოლო წლებში სახელმწიფო უხეშად ერეოდა და პრეზიდენტებს ისე ნიშნავდა, თითქოს ეს იყო არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ სამინისტრო და ხელმძღვანელებს ქვეყნის პირველი პირები ნიშნავდნენ.

ამდენად, არც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ახალი ძალის ჩარევის მომხრეები ვართ. ფედერაციის ხელმძღვანელთა შეცვლა იგივე მეთოდის გამოყენებით დაუშვებელია და ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, ჩვენ არც არავის გადაყენებას არ ვითხოვთ.

მაგრამ საკითხს მეორე მხარე აქვს: ყველამ იცის, ფედერაციაში რა "არჩევნებიც" ტარდებოდა. გავიხსენებ თუნდაც აღმასკომის წევრთა არჩევნებს, როდესაც 25 კანდიდატიდან ვიღაცეებისთვის სასურველი პირველი 18 კანდიდატურა პირდაპირ შემოხაზეს. ისიც ვერ შეძლეს, რომ დემოკრატიულობა ეთამაშათ.

ამდენად, აქ უფრო მორალური პასუხისმგებლობის საკითხი დგას. ბოლოს და ბოლოს, არც წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ საარჩევნო ვადა ამოწურული, მაგრამ გადააყენეს. სწორედ იმიტომ, რაც უკვე ვთქვი - საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფო ქვემდებარე რგოლის, სამინისტროს როლში განიხილავდა.

ფედერაციამ ნდობა უნდა დაიბრუნოს
- ანუ ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ფიქრობთ?
- ეს ყაველაშვილის, ჯამარაულის ან ვინმეს ახირება კი არ არის, ჩვენს ფეხბურთს სჭირდება. აქ საკითხი სხვაგვარად დგას. მეგობარი ბიზნესმენია და ვკითხე, ფეხბურთში თანხა რომ დააბანდო, რა გარემო გჭირდება-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? რთული საფეხბურთო მეურნეობის მართვა, საქმის კეთება უნდა შეეძლოს და ვენდობოდეო.

ეს არის მთავარი: მგონი, არ ვაჭარბებ, საზოგადოების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციამ და ჩვენმა ფეხბურთმა ნდობა დაკარგა და თუ მისი დაბრუნება გვინდა, სიჭინავა უნდა გადადგეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ეს ხელს შეუწყობს ძალიან მნიშვნელოვან და ჯანსაღ პროცესებს.

- სიჭინავას ხაზსაც ვერ გადავუსვამთ, მან ბევრი რამ გააკეთა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, როგორც იქნა, ნაკრების ბაზა დაასრულა, 12-მდე სტადიონი და მოედანი მოაწესრიგა...
- კარგს არავის ვუკარგავთ, ეს გაუმართლებელიც იქნება. არ გვსურს, ძველი ტენდენციით, საფეხბურთო სამყარო "ჩვენებად" და "სხვისიანებად" დავყოთ. სამწუხაროდ, აქამდე ასეც ხდებოდა, ან - მე, ან - შენ. სიჭინავამ თავიდან კი დაიწყო გაერთიანებაზე ლაპარაკი, მაგრამ მერე აშკარად იგრძნობოდა, რომ ვიღაც მართავდა.

ფედერაციის ახალ არჩევნებში ნებისმიერმა მსურველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ზვიად სიჭინავამ. როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, ვნახავთ, რომ ხალხი არათუ უნდა ჩამოვიშოროთ, პროფესიონალი და საქმის მცოდნეები სანთლით საძებარი გვეყოლება.

აქ ლაპარაკია არა პიროვნულ შურისძიებაზე, არამედ სამართლიანობის აღდგენაზე. თანაც, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სატკივარი, ყველა იმ პიროვნების სადარდებელია, ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა.

აუცილებელია, წინასაარჩევნო პროგრამები საჯაროდ განვიხილოთ, დაინტერესებულმა ადამიანებმა რომ იცოდნენ, ვინ რას გვთავაზობს და ვის პროგრამას რა პლუს-მინუსები გააჩნია; საკითხები ერთად განვიხილოთ, იყოს ღია მსჯელობა, კანდიდატებს შორის ტელედებატები, რომ საბოლოოდ მართლაც საუკეთესო შევარჩიოთ და არა მთავრობისთვის სასურველი კანდიდატი. აი, ეს იქნება სამართლიანი და ობიექტური არჩევნების წინაპირობა.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობაში იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობს. ასეთივე გრძნობა უნდა ჰქონდეს საფეხბურთო სამყაროს, რომ ის წყვეტს ფეხბურთის ბედს და არა სხვა ვიღაც კაბინეტში; რომ ნიშნავენ არა პროფესიონალს და საფეხბურთო სამყაროსთვის მისაღებ პიროვნებას, არამედ მთავრობისთვის სასურველ და მართვად კადრს. წინა არჩევნებში მომხდარ დარღვევებს კი ვერავინ დაემალება.

მაგრამ მე ამ საკითხებზე ახლა შეგნებულად არ გავამახვილებ ყურადღებას, ვინმემ დაპირისპირებად რომ არ ჩათვალოს. პირიქით, საფეხბურთო სამყაროს სამართლიანობის აღდგენა გააერთიანებს და შეკრავს, დელეგატები კი პასუხისმგებლობას იგრძნობენ, თუ ვის და რატომ ირჩევენ.

სხვათა შორის, მგონია, რომ ფედერაციის მიმართ ნდობის აღდგენით თავად სიჭინავაც უნდა იყოს დაინტერესებული. მან ხომ იცის, რეალურად არჩევნებზე რაც მოხდა, რა უსამართლობაც ტრიალებდა და ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა. თორემ სიჭინავას პიროვნულად არ ვუპირისპირდები და ვიმეორებ, სულაც არ ვარ მისი მოკვეთისა და დასჯის მომხრე. პირიქით, სამართლიან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რა პრობლემაა, იქნებ ყველაზე აზრიან პროგრამას გვთავაზობს?

თავისუფალი არჩევნების გარეშე კი ვერც ქვეყანა განვითარდება და ვერც ფეხბურთი. ეს ორჯერ ორივით მარტივი საკითხია. და თუ ფეხბურთი პოლიტიკისგან არ გავმიჯნეთ, სულ იქნება კულუარული დაპირისპირებები, ფეხბურთის მიმართ საზოგადოების ნდობას კი ვერ აღვადგენთ.

სახელმწიფო დაფინანსება
- ბოლო წლებია, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას 7 მილიონი ლარით აფინანსებს. როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
- ეს ყველაფერი ჩვენს პროგრამაში აისახება, მაგრამ ზოგადად გეტყვით: ჩვენს რეალობაში, როდესაც ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის საინტერესო არ არის, ფედერაციის მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით შენახვა და სრულფასოვანი ფუნქციონირება შეუძლებლად მეჩვენება.

თავიდან სახელმწიფო დოტაცია საჭიროც იქნება, რომ მოღონიერდეს და ფეხზე დადგეს. სახელმწიფოსაც უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სფეროა და მისი განვითარება აუცილებელია.

- მაგრამ, როდესაც ორგანიზაციას სახელმწიფო აფინანსებს, თქვენი თქმის არ იყოს, მერე ხომ შეიძლება ისევ გაუჩნდეს სურვილი, სამინისტროსავით მართოს და თავისი კადრები დანიშნოს?
- ეს თავშივე უნდა გამოირიცხოს და მახინჯი სისტემა მოისპობა. როგორც ვიცი, ახალი ხელისუფლების მხრიდან უკვე გაცხადდა, რომ სახელმწიფოს ჩარევა დაუშვებელია, რადგან არც ქვეყნის იმიჯს წაადგება, არც ფეხბურთს და არც სახეობის განვითარებას.

ახალი სტადიონების, ბაზებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩინოვნიკმა ყველაფერში ცხვირი ჩაყოს და საფეხბურთო სამყაროს უკარნახოს, ვინ აირჩიონ პრეზიდენტად, ვინ კიდევ - მწვრთნელად და გუნდის მენეჯერად. სახელმწიფომ თავისი ვალი უნდა შეასრულოს, სპეციფიკური საკითხების გადაწყვეტა კი პროფესიონალებს უნდა მიანდოს.

სახელმწიფოსა და ფეხბურთის თანამშრომლობისა და დახმარების ფორმაზე ჩვენს პროგრამაში დეტალურად შევეხებით. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო პროექტს იხილავთ.

ერთიანი სისტემა და არა კეთილი ნება
- დღეს ქართული ფეხბურთის პრობლემა ისიც არის, რომ გაუგებარია ფეხბურთისადმი სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება: გუბერნატორს თუ მოსწონს, გუნდსა და საფეხბურთო სკოლებს აფინანსებს; თუ არადა, რეგიონი უფეხბურთოდ რჩება...
- ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელსაც ერთიანი ხედვით უნდა მოევლოს და არა პიროვნული დამოკიდებულებით. ფეხბურთისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა ვინმეს შეხედულებით არ უნდა განისაზღვრებოდეს.

- კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები თუ გაგაჩნიათ, რომელიც ფეხბურთის განვითარებასა და მომგებიან დარგად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს?
- ცხადია, ამაზე ბევრი გვიფიქრია. კანონმდებლობის შეცვლა მართლაც აუცილებელია, მაგრამ დეტალებში ვერ წავალ. თუმცა მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში მისვლის მსურველ გუნდს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გაწერილი პროგრამა, რა, როგორ და როდის უნდა გააკეთოს, როგორ ესახება ფეხბურთის განვითარება, ხოლო ამ პროცესში - სახელმწიფოს როლი.

ლაპარაკია არა შეღავათებზე, არამედ ისეთ კანონმდებლობაზე, რომელიც ფეხბურთით ბიზნესს დააინტერესებს, ეს კი მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა გახდეს; თორემ არასწორად მიმაჩნია, სახელმწიფოს საგადასახადო შეღავათი რომ მოვთხოვოთ.

როგორ მომნატრებია აქაურობა...
- დაბოლოს: დიდი ხანია, რაც საქართველოში არ ჩამოსულხართ...
- დიახ, ბოლოს ორწელიწადნახევრის წინ ვიყავი...

- რა იყო ჩამოუსვლელობის მიზეზი?
- ჩემი პირადი ამბავი ბევრად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდებოდა. საერთოდ, საფეხბურთო კარიერის დროსაც უცხოეთში ვცხოვრობდი და წელიწადში 2-3-ჯერ თუ ჩამოვდიოდი, მაგრამ 2,5-წლიანი პაუზა ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა.

სიმართლე გითხრათ, ახლა უკეთ მივხვდი, თუ რას განიცდიდნენ გრიგოლ რობაქიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ქართული ემიგრაცია.

ნოსტალგია დიდი გრძნობაა, ასეთ დროს განსაკუთრებულად ხვდები შენი ქვეყნის, ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების ფასს - ყველა და ყველაფერი ძალიან მენატრებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: "...მაშინ მივხვდი, რას გრძნობდნენ ემიგრაციაში გრიგოლ რობაქიძე და ექვთიმე თაყაიშვილი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს
ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს
ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!
მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა
მკითხველის კომენტარები / 16 /
;ლოოლპ
mamu.
19:43 23-10-2012
0
ბ-ნო ზვიად ! ია ვამ ოდინ უმნი ვეშ სკაჟუ,ტოლკო ტი ნე ობეჟაისა--დაანებე ფედერაციის პრეზიდენტობას თავი და ზუგდიდში და სამეგრელოში მიხედე ფეხბურთს
gocha
15:39 19-10-2012
0

სიახლეები პოპულარული