მაგრამ თურქი ბიზნესმენების ვიზიტი ჩვენთვის მხოლოდ ამის გამო არ გამხდარა საინტერესო, რაზეც წერილის ბოლოს მოგახსენებთ.
აზიზ რაფეტი: "ჩვენ ანთალიაში ბელექის, ქემერის, ლარასა და სიდეს სასტუმროებთან ვთანამშრომლობთ და გუნდებს ვუჯავშნით სასტუმროს, ვუდგენთ კვების რაციონს, ვუგეგმავთ მოსამზადებელი ეტაპებს, სპარინგ-მატჩებს, სად და რა მოედნებზე ივარჯიშონ.
ანუ გუნდი ანთალიაში რომ ჩადის, მხოლოდ ფეხბურთზე
ვცდილობთ, იმიჯს გავუფრთხილდეთ. კლიენტთან ურთიერთობა აწყობილი გვაქვს არა მხოლოდ მოგების მიზნით, არამედ პარტნიორობის გასაგრძელებლად. არადა, ბევრი გუნდია, რომელიც უკმაყოფილოა ორგანიზატორით, შეპირებულ საკონტროლო შეხვედრებს ვერ ატარებს, ან სასტუმროში კვება არ აკმაყოფილებს და ა.შ.
ჩვენი სამსახურით ბევრი ცნობილი კლუბი და მწვრთნელი სარგებლობს: ომარ თეთრაძე, გაჯი გაჯიევი, ვალერი გაზაევი, რუსული, უკრაინული, ბელორუსული, ბულგარული, ჩეხური, ყაზახური, აზერბაიჯანული, სომხური, უზბეკური კლუბები.
ანთალიაში ორგანიზებას ვუკეთებთ საერთაშორისო ტურნირებს... შარშან პირველად ჩავიყვანეთ ქუთაისის "ტორპედო" და ვიცით, რომ შეკრებით კმაყოფილები დარჩნენ. ამას გარდა, ვთანამშრომლობთ ფეხბურთის ფედერაციებთან და მსაჯთა კორპუსის მომზადების საინტერესო გეგმასაც ვთავაზობთ - ისინი, პარალელურად, საკონტროლო მატჩებშიც დასაქმდებიან.
ახლა წარმომადგენლობა საქართველოშიც გავხსენით, რადგან ეს აუთვისებელი ბაზარია. აქ ბევრ კლუბს აქვს ფინანსური პრობლემები და უცხოეთში გამგზავრებას ვერ ახერხებს. მაგრამ ყველას დაველაპარაკებით და დარწმუნებული ვარ, საინტერესო თანამშრომლობას შევთავაზებთ".
...1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საფეხბურთო საზოგადოება ელის, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი ხელისუფლება სპორტისა და კონკრეტულად, ფეხბურთის განვითარებისთვის.
არაერთი საინტერესო მოსაზრება არსებობს, მაგრამ ერთში ყველა თანხმდება - ამ კუთხით მისაბაძი თურქული მოდელია, რომელიც პრეზიდენტმა თურქუთ ოზალმა განახორციელა.
რვაწლიანი მმართველობის (1983-1991) პერიოდში, მან მოახერხა და ჩამორჩენილი ქვეყანა ფეხზე დააყენა, ხოლო თურქული ფეხბურთი ევროპულ დონეს მიუახლოვა.
მაგრამ კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგა ფეხბურთის განვითარებისთვის ოზალმა და რა საკონონმდებლო ინიციატივებსა თუ ხერხებს მიმართა, ეს ქართულ საფეხბურთო სამყაროში ბევრმა კარგად არ იცის.
ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და დღეისათვის ქართული სპორტისთვის აქტუალურ მოდელზე თურქ სტუმარს ველაპარაკეთ.
"ნაღდად არ გამკვირვებია, აქ რაც მითხრეს: თურმე, თბილისის "დინამო" ჩვენი ფეხბურთის გრანდებს 90-იან წლებამდე დიდი ანგარიშით ამარცხებდა. ადრე თურქული ფეხბურთი მართლაც დაბალ დონეზე იყო. მისი განვითარება კი მთლიანად თურქუთ ოზალის დამსახურება არის.
მან არა მხოლოდ ფეხბურთი, მთელი ქვეყანა გარდაქმნა. ის იყო გონიერი და მოქნილი პოლიტიკოსი. ამავე დროს, ეკონომიკაც მშვენივრად ესმოდა.
თურქეთში ფეხბურთის აღზევება საკურორტო ბიზნესის განვითარებით დაიწყო, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც სასურველი იყო და ფეხბურთისთვისაც - ამ უკანასკნელის განვითარება ხომ ბევრად არის დამოკიდებული კავშირებზე.
თურქული ფეხბურთი კი ისეთი დაბალი დონის იყო, რომ ცნობილ კლუბებს ჩვენთან თამაში არ სურდათ და არ ჩამოდიოდნენ.
სხვათა შორის, 80-იან წლებში ანთალიის სანაპიროები მიტოვებული იყო. იქ მშობლები მიწებს ნაბოლარა შვილებსა და ქალიშვილებს უტოვებდნენ, ვისაც ჩვენი წესებით, ყველაზე ნაკლები მემკვიდრეობა ერგება. ახლა ისინი მიწების გაქირავების ხარჯზე მილიონერები გახდნენ.
რა ქნა ოზალმა? მას ტურისტული პოტენციალის ათვისება სურდა და უმდიდრეს ბიზნესმენებს, რომელთაც წარმოება სტამბულსა და ანკარაში ჰქონდათ, ჰკითხა, რა შემთხვევაში აითვისებდნენ ანთალიას.
დაინტერესება არ იყო და სასტუმროების ასაშენებლად თავად შესთავაზა 49 წლით დაბალპროცენტიანი სახელმწიფო კრედიტი, თითოეულს, მინიმუმ, 5 მილიონი ლირა.
თურქული ფული მყარი არ არის, ინფლაცია მის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებდა და ბიზნესმენები დაინტერესდნენ - ეს თანხა ხომ ხვალისათვის კიდევ უფრო გაუფასურდებოდა.
ამას გარდა, ყველა, ვინც სასტუმროში სპორტულ კომპლექსსა და სტადიონს მოაწყობდა, ოზალმა წყლის გადასახადისგან გაათავისუფლა. ეს იყო სერიოზული ბიძგი, რამაც ბიზნესმენები უკვე მასობრივად დააინტერესა და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას დასაბამი მისცა.
ანთალიაში სასტუმროების კომპლექსების მშენებლობის შემდეგ ტურისტების რაოდენობა უდიდესი ტემპებით იზრდებოდა. მერე ჩვენსკენ ევროპისა და აზიის გუნდებმაც გამოიხედეს და ნელ-ნელა, ევროპელებს დაბალი ლიგის თურქული კლუბებიც გაუშინაურდნენ.
ბოლოს იმ დონეზე მივედით, რომ ახლა ჩვენთან ევროპული გრანდებიც სიამოვნებით ჩამოდიან. მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ და ჩვენი ფეხბურთის დონეც გაიზარდა. ანუ ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სასტუმროების ბიზნესის ხელშეწყობა იყო, რამაც ევროპელებთან უშუალო და ინტენსიური კავშირი დაგვამყარებინა.
თურქული ფეხბურთის განვითარებას ხელი მთელ ქვეყანაში პოპულარულმა "ინტერტოტოს " გათამაშებამაც შეუწყო, რადგან ჩვენთან ტოტალიზატორები და სათამაშო სახლები აკრძალულია. აზარტის მოყვარულები მას ეტანებიან.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, გათამაშების 40 პროცენტი პირდაპირ სპორტს, უმთავრესად, ფეხბურთს ერიცხება, წლიურად, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი. ეს არის უზარმაზარი ხელშეწყობა. თანხა კი ნაწილდება ფეხბურთის ფედერაციაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ბავშვთა ფეხბურთსა და კლუბებზე.
სახელმწიფოსთვის ეს მომგებიანია, რადგან თურქეთის ეკონომიკის ახალი დარგი, საფეხბურთო მეურნეობა შეიქმნა, საიდანაც ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად 3-3.5 მილიარდი დოლარის გადასახადი შედის" - ამბობს ფერიტ ჯაფირი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"