ბაქარ მირცხულავა: დავამტკიცებ, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ვაი-მენეჯერებს ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები გზას აუცდენიათ და მათთვის კარიერა დაუნგრევიათ.

"მენეჯერებთან" ერთად ამაში ხშირად თავად ფეხბურთელების "წვლილიცაა", რომლებიც ხშირად ბრმად მიენდობიან გაურკვეველი წარმოშობის "საფეხბურთო აგენტებს" და მათგან დაიმედებულები თავიანთ კარიერერას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ...

თუმცა, ფეხბურთელებსაც უნდა გავუგოთ: როცა კარგ უცხოურ კლუბში "მოწყობას" გპირდებიან, მაცდუნებელ წინადადებაზე უარის თქმა ძალიან რთულია...

ამ წერილში ერთი იმედისმომცემი ფეხბურთელის გასაჭირის შესახებ გიამბობთ, რომელიც "კეთილისმსურველებმა" იმდენი ატარეს, რომ საბოლოოდ უგუნდოდ დატოვეს...

ბაქარ მირცხულავა 16 წლის იყო, როცა ქუთაისის
"ტორპედოდან" პორტუგალიური გრანდის, ლისაბონის "ბენფიკას" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. თავის გამოჩენის შემდეგ "ბენფიკას" დუბლებში გადაიყვანეს და იქ ორი წელი იასპარეზა.

პარალელურად საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა. "ბენფიკადან" წამოსვლის შემდეგ კარიერის გაგრძელებას კვლავ უცხოეთში აპირებდა, ბელგიური და რუსული კლუბების ვარიანტებს ჰპირდებოდნენ, რის გამოც ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან ქართულ კლუბს საკმაოდ მომხიბლავ წინადადებაზე უთხრა უარი.

მერე როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე თავად ფეხბურთელი გვიამბობს:

"ბენფიკას" დუბლებიდან იმ იმედით წამოვედი, რომ უკეთეს გუნდში გავაგრძელებდი კარიერას.

პორტუგალიაშივე მქონდა "მარიტიმუს" ვარიანტი, ამასთან ერთად ბელგიურ ან რუსულ კლუბში გადასვლას მთავაზობდნენ, მაგრამ მომატყუეს. ბოლო ვარიანტი იყო ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნება, სადაც მწვრთნელად კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი მუშაობდა.

დამპირდნენ ფორმაში როგორც კი ჩადგები გათამაშებთო, მეც თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და ფორმაც აღვიდგინე, მაგრამ "ბენფიკადან" გათავისუფლების ფურცლის ჩამოსვლას ორი თვე დააგვიანდა.

ამ ხნის განმავლობაში თამაშის უფლება არ მქონდა. ეს პრობლემა კი მოგვარდა, მაგრამ მალე მწვრთნელთა შტაბი შეიცვალა.

"ტორპედოში" გია გეგუჩაძე დანიშნეს, რომელმაც ზამთრამდე არ მათამაშა, შემდეგ დამპირდა, რომ შანსს მომცემდა, ანთალიაში შეკრებაზეც წამიყვანა, მაგრამ იქედან დაბრუნების შემდეგ დუბლებში გადამიყვანა.

შეკრებაზე სხვებს რომ "სასწაულები" ეკეთებინა და ჩემზე ორი თავით უკეთესები ყოფილიყვნენ, ხმას არ ამოვიღებდი, მარგამ ასე არ იყო და ამიტომ მწყდება გული. ყველას მისცეს თავის გამოჩენის შანსი, მე კი 5 წუთიც კი არ მათამაშეს.

მწვრთნელმა მაგრძნობინა, რომ ჩემი ადგილი "ტორპედოში" არ იყო და მეც წამოსვლა ვამჯობინე. მიზეზიც ვიცი, თუ რატომ ამითვალწუნა გია გეგუჩაძემ, თუმცა ეს თემა საჯაროდ სალაპარაკო არ არის."

"ტორპედოდან" წასვლის შემდეგ მირცხულავამ საქართველოში კვლავ უცხოეთს მიაშურა. უკრაინაში "მოღვაწე" ქართველი აგენტი მას უკრაინულ გუნდში გადაყვანას დაჰპირდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარკოვშიც ჩაიყვანა, მაგრამ მირცხულავამ მალე აღმოაჩინა, რომ ისევ მოატყუეს.

"ხარკოვში მე და კიდევ ერთი ქუთაისელი ფეხბურთელი ჩაგვიყვანეს. იქ სამი კვირა ვიყავი და გუნდს არც გავკარებულვარ. ეგ კი არა, საშინელ პირობებში ვცხოვრობდი და ფორმა რომ შემენარჩუნებინა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ყოველდღე მპირდებოდა გუნდში მიყვანას, მაგრამ ისევ უგუნდოდ დავრჩი.

ამის შემდეგ კიევში ჩავედი, მაგრამ ყველა გუნდი დაკომპლექტებული იყო და ფეხბურთელები აღარ სჭირდებოდათ, მით უმეტეს ლეგიონერები. ბოლოს ბელარუსშიც ვცადე ბედი, მითხრეს "გომელში" მიგიყვანთ სინჯებზეო, მაგრამ არც იქ მომეცა გუნდში მისვლის საშუალება და საქართველოში დავბრუნდი.

ამდენმა ტყუილმა და გაუგებრობამ ფსიქოლოგიურად ძალიან გამტეხა, მაგრამ, ფეხბურთი უზომოდ მიყვარს, ასეთი ვითარება ჩემთვის უცხოა, თითქმის ოთხი თვეა უგუნდოდ ვარ, მაგრამ ვეცდები ამ მდგომარეობიდან გამოვიდე და კვლავ გავაგრძელო თამაში.

ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, უცხოეთში წასვლას აჯობებს კვლავ საქართველოდან დავიწყო, იმედია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს მოვძებნი და დავამტკიცებ, რომ ფეხბურთის თამაში კვლავ შემიძლია."

* * *

ამ წერილში ბაქარ მირცხულავამ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის მხრიდან ათვალწუნებაზეც ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით ქუთაისელთა დამრიგებელის კომენტარსაც აქვე გთავაზობთ.

"ბაქარ მირცხულავა ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარ თავს თუ უფრო კრიტიკულად მიუდგება, მისთვის უკეთესი იქნება. საკმაოდ ნათლად მივუთითე ნაკლოვანებებზე და ავუხსენი, თუ რას ვითხოვდი მისგან, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერ გაიგო...

შეკრებაზეც მყავდა და რამდენიმე შეხვედრა ვათამაშე კიდეც, ეს შანსის მიცემა არ არის? მის ადგილას მე სხვა გუნდში წავიდოდი და ჩემს სიძლიერეს დავამტკიცებდი.

თუ უნდა, რომ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს, სხვაგან უნდა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. მას ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ" - აღნიშნა გია გეგუჩაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებას ვუსურვებ ამ ბიჭს ღმერთმა ხელი მოუმართოს !
0
წარმატებები გქონდეს ძმაო, უცხო არ არის შენი პრობლემა ჩემთვის. სამწუხაროდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია შენს დღეში საქართველოში. იმედია ვიღაც მოგაქცევს ყურადღებას. ღმერთი შენსკენ
messi
11:36 02-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული