გიორგი პაპიაშვილი: გვინდა, რომ "ტორპედო" შიდა კადრებით დაკომპლექტდეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი გუნდთან დაკავშირებულ საინტერესო და აქტუალურ თემებზე საუბრობს.

- ბატონო გიორგი, მოდით დავიწყოთ იმაზე საუბრით თუ რა სიახლეები იგეგმება კლუბში?
- ამ ეტაპზე სიახლის სახით გეტყვით იმას, რომ კლუბის გადაწყვეტილებით, "ტორპედოს" საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთების ყიდვა 2 დღით ადრე იქნება შესაძლებელი - ქუთაისში, "ვისოლის" სამ ბენზინგასამართ სადგურზე.

ეს აქცია 4 ნოემბერს თბილისის "დინამოსთან" ჩასატარებელი მატჩის წინ დაიწყება და ეროვნული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც ცხადია, ბილეთის შეძენის მსურველ გულშემატკივრებს უფრო მარტივ გზას შესთავაზებს.

სიახლე აღარაა, თუმცა
აღვნიშნავდი "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე მოწყობილ ბუნებრივსაფარიან მოედანს, რომელიც აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. განვითარება გრძელდება და ინფრასტრუქტურას თანდათან უფრო გავაუმჯობესებთ.

ასევე მოგახსენებთ, რომ "ტორპედომ" აქტიურად დაიწყო საგარეო კუთხით კლუბებთან ურთიერთობები და ამის მაგალითად, მნიშვნელოვანი პრეცედენტი დაფიქსირდა, ჩვენ შევძელით მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება თურქულ "ტრაბზონსპორთან".

- დიახ, ჩვენი გუნდის მინიმალური ანგარიშით მარცხის მიუხედავად, საყურადღებოა, რომ ეს მატჩი სანაკრებო პაუზისას ჩატარდა. იმ დროს, როცა ჩემპიონატებში დროებითი შესვენებაა და ასეთი დონის მეტოქესთან ჩატარდება ამხანაგური შეხვედრა, ეს მისასალმებელია. ამგვარ სიამოვნებას ქართული გუნდები მოკლებულები არიან...
- გეთანხმებით, მოლაპარაკებებისა და რამდენიმე შეხვედრის საფუძველზე, როგორც ტრაბზონში, ასევე საქართველოში მათ ხელმძღვანელებთან, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს ორი გუნდი აქტიურად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და დამეგობრდებიან.

ჩვენ ვიყავით ტრაბზონში, რომელიც არაჩვეულებრივი საფეხბურთო ქალაქია, იქ მასპინძლობა მთლიანად ადგილობრივმა კლუბმა გაგვიწია.

ანალოგიურად, ჩვენც ვუმასპინძლებთ "ტრაბზონსპორს". ეს მოხდება იმ პერიოდში, როცა სანაკრებო პაუზა იქნება, კონკრეტირებას ვერ მოვახდენ, თუმცა ყოველდღიურად მიმდინარეობს მეორე მხარესთან საუბრები და შეიძლება ითქვას, რომ ეს თურქული გუნდი აუცილებლად ჩამოვა ქუთაისში.

ფაქტია, რომ ქართული რეალობიდან გამომდინარე ასეთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ჯერ არცერთ კლუბს არ გადაუდგამს.

ჩვენ რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს იდეები და მარტო ამ გუნდთან დაახლოებაზე არ გავჩერდებით. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ ვიტყვი, რომ რამდენიმე ქვეყნის კლუბებთან მოლაპარაკებების ფაზაში ვართ.

უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტორი არა მარტო ქუთაისის "ტორპედოს" გაუხსნის გზას, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის იქნება გარკვეულწილად წინ გადადგმული ნაბიჯი.

- წლის ბოლოს, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდება, ცნობილია თუ არა სად გაივლის "ტორპედო" შეკრებას?
- გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, თუმცა მოლაპარაკებების სტადიაში ვართ "მარბელიას თასზე" მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაშიც აქტიურად ვართ ჩართულები. მომდევნო თვეში მე და "ტორპედოს" ფიზმომზადების მწვრთნელი ივო კატუშიჩი მივემგზავრებით ესპანეთში, სავარაუდო შეკრების გასავლელ ადგილზე და იქ ვნახავთ თუ რა გარემოში მოუწევს ჩვენს გუნდს მზადების პროცესის ჩატარება.

დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ ზამთრის შეკრებას გუნდი თებერვლის პირველი რიცხვებიდან გაივლის.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნის ძლიერი გუნდები იქნებიან, ჩემთვის როგორც ცნობილია უკვე გაირკვა, რომ ბორისოვის "ბატეს" და კიევის "დინამოს" თანხმობა აქვთ გამოცხადებული მონაწილეობაზე.

დასაზუსტებელია ის ტელეარხები, რომლებიც ექსკლუზიურ უფლებას მოიპოვებენ ტურნირის ტრანსლირების თაობაზე. ალბათ, გულშემატკივრებისთვის ცნობილია თუ რამდენად პრესტიჟულია ეს შეჯიბრი.

- გუნდის მიზნებზეც გვითხარით ეროვნულ სეზონში...
- რთულია ამ წუთას რაიმეს თქმა, თუმცა აშკარაა, რომ გუნდი თამაშობს გამართულ ფეხბურთს. მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არის პირველ ექვსეულში მოხვედრა, ოღონდ, რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე.

შემდგომ უკვე მომზადების დონე და გავლილი შეკრება გვიჩვენებს თუ რამდენად რეალურად შეიძლება ფიქრი მაღალი ადგილებისთვის.

- ალბათ, მუშაობთ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის კატეგორიის ამაღლებაზე?

- რა თქმა უნდა, 9 ნოემბერს ქუთაისში ჩამოდიან ფედერაციის წარმომადგენლები. როგორც გითხარით, სტადიონს დღესდღეობით გააჩნია უფლება უმასპინძლოს ევროტურნირების პირველ-მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს.

შემდგომი კატეგორიის მოსაპოვებელი ინსტრუქციებს ფედერაციის წარმომადგენლებისგან მივიღებთ, რომლებიც შემდეგ ამ ყველაფერს აგზავნიან უეფას სადამკვირვებლო ჯგუფში, თუ რა მოთხოვნები აქვს ქუთაისის "ტორპედოს" შესასრულებელი, რომ მიიღოს შემდეგი კატეგორია.

სტადიონის ლიცენზირების პროცესი ყოველწლიურად ხდება და ვფიქრობ, რომ ამჟამად, ჩვენი სტადიონი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომ მივიღოთ უფრო მაღალი კატეგორია.

- ცოტა არ იყოს ამოუხსნელი თემაა და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში ქუთაისში თამაშებზე მაყურებელთა დასწრება უჩვეულოდ დაბალია, არა და გუნდი ხომ მოწინავე ადგილებზეა. ასეც რომ არ იყოს "ტორპედოს" გულშემატკივრები ხომ გაჭირვების დროსაც ედგნენ ქუთაისურ კლუბს გვერდში...
- მართლაც, სამწუხაროა მათი სიმცირე, თუმცა ვიმედოვნებ, რომ თითოეული ქუთაისელი იმდენად აფასებს თავის საყვარელ გუნდს, რომ ბოლო პერიოდის ჩავარდნა ამ კუთხით აუცილებლად გამოსწორდება და ამის რეალურ მაგალითს ჩვენ უკვე მომდევნო საშინაო მატჩში ვნახავთ, რომელიც თბილისის "დინამოსთან" გვაქვს და ის კატეგორია, რომელიც არ დადიოდა სტადონზე ლამაზი თამაშების საყურებლად დაბრუნდება.

- თქვენ თვლით, რომ კლუბი საკმარისად ახდენს თამაშის აფიშირებას?

- ჩვენ ვახდენთ აფიშირებას ვებგვერდის მეშვეობით, ადგილობრივი ტელევიზიით, ქალაქის ყველა უბანში იკვრება აფიშები და ჩვენს სტადიონზე მატჩის მიმდინარეობისას ხდება გამოცხადება თუ მომდევნო საშინაო თამაში როდის გვაქვს და ვისთან.

ასევე, ნებისმიერი სპორტულ გაზეთსა თუ ინტერნეტ გვერდებზე ხდება დაანონსება. ასე, რომ თუ გულშემატკივრებს აქვთ სურვილი თამაშზე დასწრებისა, ინფორმაციის მიიღება მათთვის შესაძლებელი უნდა იყოს.

აქვე დავსძენ, რომ როგორც წინა წლებში, ასევე გავაგრძელებთ ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, რომლებიც ინფორმირებულები იქნებიან ამ კუთხით. ამაში ჩართულია მთელი ქუთაისის საზოგადოება და აქტიური კამპანია მიმდინარეობს ხალხის მოსაზიდად.

სამწუხაროდ, ხშირად ისეც ემთხვევა, რომ, როცა "ტორპედო" ქუთაისში თამაშობს არასაფეხბურთო ამინდი არის, თუმცა ეს არ ამართლებს გულშემატკივარს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინახავს გასულ სეზონში თოვლსა და წვიმაში ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს.

ვფიქრობთ, იმასაც, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბევრისთვის შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ბოლო დროს თამაშებზე სიარული. მგონია, რომ "დინამოსთან" თამაშიდან დაიწყება ხალხის დაბრუნება სტადიონზე.

გუნდი ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს დღესდღეობით. თავისთავად, ჩვენ ყოველთვის შედეგი გვინდა, მაგრამ ამის გარეშეც ლამაზი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია ქუთაისის "ტორპედოს", ასე, რომ ვისაც ფეხბურთის აღქმა ძალუძს, ნამდვილად დატკბება იმით, რასაც ნახავს.

ეს არის წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, დადგმული სპექტაკლი "ტორპედოს" ფეხბურთელების შესრულებით. ბიჭებმა კარგად იციან თუ რამხელა სიხარულის მომტანია მათი ყოველი გამარჯვება ქუთაისისთვის და მათ გულშემატკივართათვის.

ეს ბიჭები მომართული არიან იმისთვის, რომ შექმნან ხელოვნების ნიმუში.

- ჩემპიონატის პირველმა წრემ განვლო, "ტორპედო" მეორე ადგილზეა, შეაფასეთ აქამდე გუნდის გამოსვლა...
- თავდაპირველად, ვიტყვი იმას, რომ გუნდში დიდი აქცენტია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და არაა გამორიცხული, რომ გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ დასახელდეს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც "ტორპედოში" ითამაშებენ და გუნდის მიზნებისთვის იბრძოლებენ.

ჩვენი საერთო აზრია, რომ შიდა კადრებით დაკომპლექტდეს გუნდი. "ტორპედოში" ნიჭიერი ბიჭების რიცხვი კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება შეფასებას, "ტორპედომ" საკმაოდ კარგად დაიწყო ასპარეზობა და გვჯერა, რომ კიდევ უფრო მოუმატებს.

- და ბოლოს, "ტორპედოს" უახლოესი მეტოქეები: ჯერ "ზუგდიდი" შემდეგ კი თბილისის "დინამო" არიან, ურთულესი თამაშები გვექნება...
- "ზუგდიდს" ძალიან ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს, მითუმეტეს სტუმრად ვთამაშობთ და ძალიან გაგვიჭირდება სამი ქულის მოპოვება.

4 ნოემბერს კი თბილისის "დინამოს" ვუმასპინძლებთ, ყველას მოეხსენება, რაოდენ მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან პაექრობა.

თბილისში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ მოტივაცია ჩვეულზე მეტია, გვინდა, რომ ყველას გავუქარწყლოთ ის გულდაწყვეტა, რაც "დინამოსთან" გასვლით თამაშზე იყო. "დინამო" ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგეა და ასეთივე თამაშიც იქნება.

ეს მატჩი უნდა იყოს ნათელი გამოხატულება იმისა თუ რა დონეზე არის დღეს ქართული ფეხბურთი.

"დინამოსთან" შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და თამაშზე დასასწრები ბილეთი 2 ლარი ეღირება.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული