გორის "დილას" ექს-მეპატრონის სკანდალური განცხადება: გუნდი ძალით წამართვეს!

AutoSharing Option
კომენტარი, რომელსაც ჩვენ ქვემოთ შემოგთავაზებთ, გორის "დილას" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბიზნესმენმა გელა ჩხეიძემ გაავრცელა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კლუბის მეპატრონე გახლდათ.

ჩხეიძემ მაშინ პირველად განაცხადა, რომ "დილა" ჩამოართვეს და სადავო საკითხის წამოწევისთვის და გუნდის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს.

"საფეხბურთო კლუბ "დილა გორი"-ს ახლანდელ მესვეურებს.

მე გახლავართ გუნდის მეპატრონე და პრეზიდენტი, რომელსაც 2005 წელს "დილა" ძალისმიერი გზით ჩამომართვეს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოვითხოვ მოლაპარაკების გამართვას"
, - წერდა ჩხეიძე.

* * *
ამის შემდეგ გელა ჩხეიძე ჩვენ დაგვიკავშირდა და გვითხრა:

"მსურს ჯერ მოკლედ
მოგითხროთ ისტორია, როგორ ჩამომართვეს გორის "დილა".

გუნდი მე და კიდევ 16-მა ბიზნესმენმა მაშინ ავიყვანეთ, როდესაც უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ დადგა დრო, როდესაც "დილა" გაძლიერდა, უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და ჩვენთვის გაუგებარი მოძრაობები დაიწყო.

მოკლედ, კლუბის დათმობას გვთხოვდნენ. თავიდან ეს სერიოზულად არ მივიღე, მაგრამ მე და "დილას" დირექტორი რამდენჯერმე დაგვიბარეს პროკურატურაში, მე კი პოლიციის ზედამხედველობა მქონდა შეფარდებული.

ყველაფერი გასაგები გახდა და საბოლოოდ, დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ, კლუბი ღამით გუბერნატორის ორმა მოადგილემ ჩამოგვართვა, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, დირექტივებს სწორედ პროკურატუ
რიდან იღებდნენ - მე მეკუთვნოდა გორის "დილას" 75%, რომელიც ქალაქის გამგებლის მოადგილემ გადაიფორმა.

ამავე დროს, დაგვათმობინეს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიც. ამ დროს მე უკვე დევნილი ვიყავი და პარტნიორებთან შეუთანხ
მებლად, გოჩა ლომიძეს სტადიონის 100%-იანი წილი წაართვეს.

მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და დავასახელო გვარები და მოვლენები, ვინ და რამ გვაიძულა
გუნდის დათმობა.

ახლა ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ უკვე ჩემი სატკივარის გამხელა და საკითხის ცივილიზებული გზით წამოწევა შესაძლებელი გახდა. არ მსურს ახლანდელ მეპატრონესთან კამათი და ჩხუბი, მაგრამ სამართალმა უნდა გაიმარჯვოს.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ყველა სადავო საკითხი ერთმანეთში გაარკვიეთო. ჰოდა, ვიწყებ გარკვევას და "დილას" ამჟამინდელ მეპატრონესთან ადამიანურად დალაპარაკება მსურს.

ამავე დროს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა "დილაში" რამდენიმე წლის წინათ.

უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოვალ და ამ თემაზე ვრცლად, ფაქტებითა და დოკუმენტებით მოგითხრობთ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ საქმის განხილვამ გორის "დილას" ზიანი არ მიაყენოს. პირიქით, რაც უნდა სადავო საკითხი იყოს, გუნდს მზრუნველობა არ უნდა მოაკლდეს".


* * *
აქვე "დილასთან" დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხზეც მოგახსენებთ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებამ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები კლუბებს არ უნდა აფინანსებდნენ, "დილასთან" და ბევრ სხვა კლუბთან დაკავშირებით ბევრ მითქმა-მოთქმასა და არასწორ ინტერპრეტაციებს დაუდო სათავე.

მაგალითად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ფეისბუქზე" გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შსს-ს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, გორის კლუბს აღარ დავაფინანსებთო. თუმცა მსგავსი რამ ოფიციალურად არსად თქმულა.

საერთოდაც, კლუბთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ბურუსით არის მოცული. ისიც კი ითქვა, ლევან ყიფიანის განცხადებამდე შსს "დილას" დამფინანსებელი აღარ იყო, თვეზე მეტია, რაც გუნდს "საქართველოს ბანკი" პატრონობსო. მაგრამ ამ თემაზე კლუბში არ ლაპარაკობენ, ლაბირინთში გარკვევა კი ლამის შეუძლებელია.

თუმცა გვითხრეს, რომ გორის "დილას" ბიუჯეტი წლის ბოლომდეა გაწერილი და გუნდის დაშლა აზრადაც არავის მოსვლია. აქ ლაპარაკია საკუთრების ფორმის შეცვლაზე, რაც ისე უნდა განხორციელდეს, "დილამ" რომ არ იზარალოს. რეალურად სწორედ ეს არის განხილვის თემა და არა დაფინანსების სასწრაფოდ შეწყვეტა.

კლუბში გაურკვევლობა ამის გამო არის და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ელიან, სადაც "დილასთან" დაკავშირებით საბოლოო პოზიცია იქნება დაფიქსირებული.

ჩვენი პოზიციაც მკაფიო არის: უეფა თავის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბების განსახელმწიფოებრიობა დაიწყოს და ამ კუთხით, "დილას" ამბავი სადავო ნამდვილად არის - მძლავრი სახელმწიფო სტრუქტურის დაფინანსებული კლუბი მის კონკურენტებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს და კერძო მეპატრონე მართლაც სჭირდება.

მაგრამ სადავო ვერ და არ იქნება, რომ "დილამ" ჩვენს ჩემპიონატს დამატებითი ინტრიგა შემატა და სანამ ამ გუნდს კერძო მეპატრონე არ გამოუჩნდება, მისი დაშლა ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩხეიძეების რა მოგახსენოთ მაგრამ სირცხვილი გორელების იმ ნაწილს, ვინც მიშა ქარელი და ირაკლი ოქრუაშვილი საერთოდ პოლიტიკაში და კერძოდ კი ხელისუფლებაში მოიყვანა, ვინც ბადრი ხატიძეს და სიზმარა ბოჭორიშვილს გუბერნატორს ეძახდა დააბრუნეთ ეგენი და გყავდეთ ისევ თავზე წამოსასმელად ხალხი ვისაც სუფრაზეც კი არ დაუჯდება წესიერი კაცი
laini
17:53 16-04-2015
0
გელა ჩხეიძეს ნამუსი რომ ქონდეს ხმას არ უნდა იღებდეს, იმხელა დანაშაული აქვს ჩადენილი., ალბათ თვითონ მამაპაპისგან მემკვიდრეობით ერგო ეგ გუნდი, ეგ რომ აახიეს და კარგად ჭიკჭიკებს, რატომ იმას არ ყვება გორის ბამბეულის კომბინატის დაქცევისა და განადგურებისათვის რამდენი გადაუხად ნაცმოსბიჭებს რომ არ დაეჭირათ. მაგას ისე არ მოუვდეს რა, თაგვმა თხარათხარაო...
kaxaberi
02:28 03-11-2012
0

სიახლეები პოპულარული