საფეხბურთო კლუბები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
5 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენელთა შეკრება - ე.წ. 12-თა საბჭოს გეგმიური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას "ბათუმისა" და "სიონის" წარმომადგენლების გარდა, ყველა კლუბი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ეროვნული ჩემპიონატის განვლილი ტურების შესახებ. მთავარი თემა კი 4 ნოემბერს გამართული ქუთაისის "ტორპედოსა" და "დინამო" თბილისის შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტი იყო, როცა ადგილობრივებმა თბილისელთა ფანების კუთვნილი ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ვრცლად ისაუბრა "დინამოს" მმართველმა დირექტორმა - ბუბა ტყავაძემ. მისი თქმით, კლუბი საგანგებო, ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
და მომხდარზე რეაგირებას და ფაქტის გამოძიებას სთხოვს. როგორც ცნობილია, მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე საპატრულო პოლიციამ რვა ადგილობრივი გულშემატკივარი დააკავა.

სფფ-ის პრეზიდენტმა კლუბებს შესთავაზა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით საბჭომ თავად შეიმუშავოს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, ამა თუ იმ ქალაქსა თუ რეგიონში ჩასული სტუმარი გუნდი და მისი გულშემატკივრები თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ.

დიდი ალბათობით, ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტში შევა მცირე ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ინციდენტების შემთხვევაში, უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მასპინძელ კლუბს დაეკისრება. ამასთან, მასპინძელი მხარე ვალდებული იქნება, უზრუნველყოს მსაჯებისა და სტუმარი გუნდის (აგრეთვე, გულშემატკივრების) გაცილება ქალაქის გასასვლელამდე.

უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენელთა მორიგი გეგმიური შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება და სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება ამ დროისთვის რეგლამენტში უკვე შეტანილი იქნება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული