ოთარს საკმაოდ საინტერესო, დადებითი და უარყოფითი ასპექტებით გაჯერებული კარიერა აქვს. 31 წლის ხიზანეიშვილთან საუბარში მის მიერ განვლილი გზა გავიხსენეთ და დღევანდელობასაც შევეხეთ.
სანაკრებო დებიუტი და სპარტაკული სირთულეები
ფეხბურთელად ჩამოყალიბებას, უპირველესად, 35-ე საფეხბურთო სკოლასა და ბავშვობის მწვრთნელ გოჩა ავსაჯანიშვილს უმადლის. საქართველოს ნაკრებში
ხიზანეიშვილი მოსკოვის "სპარტაკში" აღმოჩნდა და მასთან ერთად რუსეთის ჩემპიონიც გახდა, თუმცა არ მიიჩნევს, რომ იქ გატარებული პერიოდი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა:
"მოსკოვში 18 წლის ასაკში წავედი და ამისთვის ბოლომდე მზად არ ვიყავი. უპირველესად, ხელს ენობრივი ბარიერი მიშლიდა და "სპარტაკშიც" საკმაოდ ცივად მიმიღეს.
ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მიზანმიმართულად მებრძოდა, მაგრამ ამ ფაქტორებმა შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შემიშალა.
ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩავატარე და რუსეთის ჩემპიონიც გავხდი, მაგრამ ამის მიუხედავად, იქ თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი".
დინამო, ფრაიბურგი და დიდი უიღბლობა
"სპარტაკის" შემდეგ მცირე ხნით "როსტოვში" ითამაშა, შემდეგ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა, რასაც მოსკოვის "დინამოში" გადასვლა მოჰყვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კარიერის მეორე აღმავალი ტალღა სწორედ ეს იყო.
"მოსკოვის "დინამო" საჩემო გუნდი აღმოჩნდა. იმ დროისთვის რუსულსაც კარგად ვფლობდი და საფეხბურთო გამოცდილებაც სამყოფი მქონდა.
ძირითადშიც სისტემატურად ვთამაშობდი, მოსკოვში ცხოვრებასაც შევეგუე და თანაგუნდელებთანაც გამოვნახე საერთო ენა. თუმცა მაინც მსურდა დასავლეთ ევროპაში თამაში და როცა "ფრაიბურგის" წინადადება მივიღე, დიდხანს არ მიყოყმანია".
"ფრაიბურგშიც" ეფექტურად დაიწყო და გერმანიაში კარგი პრესაც ჰქონდა, თუმცა საქართველო-თურქეთის მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც წელიწადზე მეტი გააცდენინა.
"საუბედუროდ, მაშინ დავშავდი, როცა კარიერის საუკეთესო პერიოდი მქონდა. პირველ ბუნდესლიგაში სტაბილურად ვთამაშობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მალე "ფრაიბურგზე" უფრო ძლიერ გერმანულ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა მომეცემოდა. ამ ტრავმამ კი ძალიან დამხია უკან".
ამის მიუხედავად, "ფრაიბურგთან" მაინც კარგი მოგონებები აკავშირებს, განსაკუთრებით თბილად კი გუნდის მაშინდელ მწვრთნელ ფოლკერ ფინკეს იხსენებს:
"თბილი და სამართლიანი ადამიანი იყო და ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ფეხბურთელებს ეროვნების მიხედვით არ ანსხვავებდა.
კარგად ვიცით, რომ მას ქართველი ფეხბურთელების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ იგივეს იტყვიან ნებისმიერი ეროვნების მოთამაშეები, ვისაც მათთან უთამაშიათ".
ქართველი მწვრთნელებიდან კი ხიზანეიშვილი გია გეგუჩაძეს გამოარჩევს.
გადალახული დაბრკოლებები
ტრავმების გარდა, ხიზანეიშვილის ცხოვრებაში სხვა უსიამოვნებებიც იყო, რამაც მის კარიერას დაღი ტრავმებზე არანაკლებად დაასვა. დღეს მოხარულია, რომ ყოველივე ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და აქვს იმის საშუალება, რომ მთელი ძალებით საყვარელ საქმეზე იყოს კონცენტრირებული.
"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა გრძელდება და კვლავ მაქვს იმის საშუალება, ფეხბურთი სასურველ გარემოში ვითამაშო.
დიდი მადლობა თბილისის "დინამოს", რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა და მაქსიმალურად ვცდილობ, ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების ნდობა გავამართლო.
საქართველოში "დინამოს" გარდა, სხვა კლუბის ღირსება არ დამიცავს და ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ. "დინამო" ერთი დიდი მეგობრული ოჯახია და მისი წევრობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა".
კარიერის განსაკუთრებული დღე
საფეხბურთო წარსულიდან სასიხარულოც ბევრი აქვს გასახსენებელი და გულსატკენიც, ერთი დღე კი არასდროს დაავიწყდება - ეს არის 2003 წლის 30 აპრილი, როცა საქართველოს ნაკრებმა თბილისში რუსეთს სძლია.
"შეიძლება ვინმეს ეთქვა, რომ ეს რიგითი საფეხბურთო მატჩი იყო, მაგრამ თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებდა, რომ საქართველო-რუსეთი არ იყო ერთი ჩვეულებრივი თამაში. შესანიშნავად გვესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი ჩვენი ერისთვის და მოედანზე სული და გული დავდეთ.
მართლაც კარგად ვითამაშეთ, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო და ღვთის წყალობით, მთელ საქართველოს უდიდესი ზეიმი ვაჩუქეთ. ეს დაუვიწყარი ემოცია იყო.
აუცილებლად უნდა გავიხსენო ივო შუშაკი, რომელმაც ჩვენზე არანაკლებ შეისისხლხორცა ამ გამარჯვების მნიშვნელობა და რუსეთის ნაკრების დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა".
ნაკრებთან კი, უპირველესად, მაინც იმედგაცრუება აკავშირებს:
"ისევე, როგორც ნაკრების ყველა ამჟამინდელ თუ ყოფილ ფეხბურთელს, გული მტკივა, რომ ქართველ გულშემატკივრებს დიდი ნატვრა ვერ ავუსრულეთ და ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთხელაც ვერ გავედით. ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
გულს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ საკუთარ სინდისთან აბსოლუტურად პირნათელი ვარ: ნაკრებში ყოველთვის ვცხადდებოდი, ტრავმა არასდროს მომიგონებია და სწორედ ნაკრებში თამაშისას მივიღე ორი მძიმე ტრავმა".
მნიშვნელოვანი როლი დინამოში
გრძნობს, რომ როგორც გამოცდილს, თბილისის "დინამოში" დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება:
"მაქსიმალურად ვცდილობ, ახალგაზრდა თანაგუნდელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. გუნდში ძალიან მეგობრული გარემოა და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ბიჭებთან აზრების გაცვლა-გამოცვლა.
ჩემს გამოცდილებას ჩვენი მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინიც აფასებს და ხშირად მთხოვს, რომ პარტნიორებს მისი ტაქტიკური ჩანაფიქრი ავუხსნა".
ახალგაზრდა ფეხბურთელებს კი სიდინჯეს და გადაწყვეტილების ცივი გონებით მიღებას ურჩევს:
"რუსეთი და უკრაინა ფინანსური კუთხით შესანიშნავია, მაგრამ თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს არჩევანი აქვს, უმჯობესია, დასავლეთევროპულ კლუბს მიანიჭოს უპირატესობა. იქ მისი კარიერა უფრო სწორ კალაპოტში გადავა და თუ მოინდომებს, ახლო მომავალში ფინანსურადაც კარგად იქნება უზრუნველყოფილი".
კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ აპირებს, საერთოდ კი, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას კიდევ რამდენიმე წელიწადი არ გეგმავს:
"ახლა ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ფაზაა. ხანგრძლივი დროის შემდეგ დადგა პერიოდი, როცა ფეხბურთის თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და არ მაქვს მიზეზი, ამ სიამოვნებაზე უარი ვთქვა.
31 წლის ვარ, ეს კი მცველისთვის იდეალური ასაკია. ჩემს აწმყოსაც და ახლო მომავალსაც თბილისის "დინამოს" ვუკავშირებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოთარ ხიზანეიშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც წამებისა და დამცირების ობიექტი გახდა
ოთარ ხიზანეიშვილი: თამაშის ხარისხის მხრივ, "დინამოს" მეტი მოეთხოვება
ოთარ ხიზანეიშვილი ისევ დინამოელია
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...