არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოში მსოფლიოში ცნობილი სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანიის, "სალერის" პრეზიდენტი რიჩარდ სალერი გვესტუმრა.
ცნობისთვის: "სალერი" ამზადებს ბურთებს, ფორმებს, სპორტულ ფეხსაცმელს და სხვადასხვა ატრიბუტიკას; რამდენიმე საფეხბურთო გუნდისა და ნაკრების გენერალური სპონსორია და მათი ეკიპირებით უზრუნველყოფაზეც ზრუნავს. აქვს წარმომადგენლობები ამერიკაში, რუსეთსა და უკრაინაში, გერმანიაში ფლობს საფეხბურთო მაღაზიების ერთ-ერთ უდიდეს ქსელს.
მესამე წელიწადია, რაც სალერის კომპანია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორია, ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, გოჩა თამაზაშვილთან კი მეგობრობს.
სწორედ გერმანული
მაშინ რიჩარდ სალერი ქართველი ბავშვებით მოიხიბლა და გადაწყვიტა, რომ მათი ზრდისთვის მცირედით მაინც შეეწყო ხელი.
წლეულს "სალერმა" საქართველოში თავისი წარმომადგენლობა გახსნა, სპორტული კომპლექსისა და სპორტული სამოსის ცენტრის აშენებაში 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. აგვისტოში კი საქართველოში კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციასთან გააფორმა ხელშეკრულება.
კონტრაქტის მიხედვით, ცნობილი გერმანული ბრენდი პირველი ლიგის გენერალური სპონსორი გახდა და ლიგის ყველა, 24-ივე გუნდს სრულ ეკიპირებას გადასცემს - სავარჯიშო და სათამაშო ფორმებს, კეპით დაწყებული, სპორტული ფეხსაცმლით დამთავრებული. ამავე დროს, კომპანიამ ვალდებულება აიღო, საფირმო მაღაზიაში ყველა პირველლიგელი გუნდის ფორმა გაყიდოს, გულშემატკივარმა საყვარელი კლუბის მაისურის შეძენა რომ შეძლოს.
"სალერის" მეპატრონე თავიდან თანამშრომლობას საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" გეგმავდა, მაგრამ მასშტაბის გაზრდა და პირველი ლიგის გუნდების დახმარება მერე გადაწყდა.
ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გერმანული კომპანიის წარმომადგენლობამ საჩუქარი "შავფორმიანებსაც" გაუკეთა და 100 სამსაჯო კომპლექტი გადასცა. გარდა ამისა, 5-5 ათასი ლარით დააჯილდოვებს პირველი ლიგის ორივე ზონის პირველ-მეორეადგილოსნებს, დამატებით კი სპორტული ეკიპირების თითო-თითო კომპლექტს გადასცემს.
მაშინ ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ სხვა სახეობების თანადგომაზეც ფიქრობდნენ. ვიზიტი ნოემბერში შედგა - რიჩარდ სალერი და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხზე ესაუბრნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი და მეგობრული ხასიათის იყო და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ ლაპარაკი შეეხებოდა სერიოზულ პროექტებს:
"მინისტრთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვან თემებზე ვილაპარაკეთ. სალერი ყიფიანის კვალიფიციური მიდგომით კმაყოფილი დარჩა. ერთი მიმართულება იქნება "საბურთალო", მეორე კი ზოგადად, ქართული ფეხბურთი და სპორტი.
ალბათ, საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია შემოვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც ჩვენი მწვრთნელების კვალიფიკაციას და ქართული სპორტის საერთო დონის ზრდას წაადგება.
ამას გარდა, ვილაპარაკეთ აღდგენითი, სამედიცინო ცენტრების გახსნაზე, საგანმანათლებლო ინსტიტუტების განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე.
თანამშრომლობის სურვილი არის და მალე შეიტყობთ, გერმანული კომპანია სამინისტროსთან ერთად რაზე შეთანხმდნენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"