შეხვედრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. მართალია, სტუმრები თავდაპირველად ორი ბურთის სხვაობით მშრალად უგებდნენ გორელებს, საბოლოოდ მასპინძლებმა სამი ბურთის უპირატესობით 6:3 იმარჯვეს.
მატჩი შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გია რევაზიშვილის მიერ იყო ორგანიზებული.
"ქართველი და ებრაელი ერის ურთიერთობა, მოგეხსენებათ, მრავალსაუკუნოვანია და ურთიერთკეთილგანწყობა დიდი ხანია, ჩამოგვიყალიბდა. გორელი და ებრაელი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი კი ჩემი და ისრაელში მცხოვრები ქართველი
ბორისი ყოფილი ფეხბურთელია. იგი ჩემი მომდევნო თაობის გორის "დილას" შემადგენლობაში იყო. დიდი ხანია, მსურდა მისი დახმარებით ებრაელი ფეხბურთელების გორში სტუმრობის ორგანიზება მოგვეხდინა და მოხარული ვარ, რომ ეს ამხანაგური შეხვედრა შედგა.
იმედი მაქვს, ჩვენი კავშირები გაღრმავდება და მომავალში კიდევ სხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაც გახდება შესაძლებელი", - გვითხრა გია რევაზიშვილმა.
მოგეხსენებათ, დღესდღეობით ისრაელში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაცაა მსხვერპლი. თამაშის გამართვის დღეს კი ერთ-ერთ ებრაელ ფეხბურთელს უკან დაბრუნებაც მოუწია დაბომბვის შედეგად მამის დაღუპვის გამო. მოედანზე კი ფეხბურთელები შავი სამკლავურებით გავიდნენ.
მატჩამდე ებრაელ სტუმრებს გორის ციხე და ქალაქის სხვა ისტორიული ადგილებიც დაათვალიერებინეს.
შეხვედრას ესწრებოდა "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ისრაელში თამაშობდა და მწვრთნელადაც მუშაობდა. საინტერესოა, რომ ებრაელი ფეხბურთელები დარასელიას დიდი სიხარულით შეხვდნენ და მასთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
სტუმრები აშქელონიდან შიდა ქართლში კიდევ ორიოდ დღეს დარჩებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"