საქართველოს სტუმრად უეფას აღმასკომის წევრი გრიგორი სურკისი ეწვევა

AutoSharing Option
3 დეკემბერს თბილისში უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და უეფას აღმასკომის წევრი გრიგორი სურკისი გვესტუმრება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეს გეგმიური ვიზიტი იქნება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ სურკისს ხანგრძლივი საქმიანი და პირადი ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მეორეხარისხოვანია - უეფადან ქართული ფეხბურთის მმართველებს აცნობეს, რომ სურკისის ვიზიტის მიზანი ორი მიმართულებით ინსპექტირებაა.

თბილისში 2015 წელს უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება და უეფას აღმასკომის წევრი მოსამზადებელი ეტაპების დაგეგმვასა და გარკვეულწილად, არსებული ვითარების შემოწმებასაც აპირებს.

ამასთან, უეფას სურს
დარწმუნდეს, რომ საქართველოს წინა მთავრობისგან გაცემული გარანტიები ახლაც ძალაშია. შესაბამისად, უეფას აღმასკომის წევრი, ალბათ, მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ისე, აქ სიტყვა "ალბათ" უადგილოა, რადგან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან უკრაინელი სტუმრის შეხვედრა დაგეგმილია.

გარდა ამისა, ოქტომბერში ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი თბილისის "იბერია სტარი" უეფას თასის ფინალური ეტაპზე, ანუ ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალში გავიდა.

კლუბის პრეზიდენტმა ვახო წერეთელმა მასპინძლობისთვის ბრძოლა მაშინვე გადაწყვიტა. სურკისი ამ მიზნით თბილისის სპორტის სასახლის შემოწმებას და ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევასაც აპირებს.

"სურკისის ვიზიტი მნიშვნელოვანია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში შეიტანა თხოვნა, ფუტსალის ევროპის ფინალი საქართველოში რომ ჩატარდეს.

როგორც ვატყობ, მეორე საკითხის, 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მიმართ ყურადღება ცოტა განელდა. ამიერიდან, სუპერთასთან დაკავშირებით, უეფადან სტუმრები ძალიან ხშირად გვეყოლება. ისინი თავად დააკვირდებიან მოსამზადებელ სამუშაოებს და ყველა დეტალი ერთად უნდა გავიაროთ", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული