გამგზავრებამდე უკრაინელმა სტუმარმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები გამართა.
ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სურკისმა უეფას გზავნილიც დატოვა, რაც მათთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის მნიშვნელოვანია - განაგრძეთ მუშაობა. ანუ, რომ "ვთარგმნოთ", ფედერაციის თავკაცები დაარწმუნა, რომ სახელმწიფო მათ საქმიანობაში არ ჩაერევა და არ მოხსნის.
გრიგორი სურკისმა კომენტარი
"2015 წლის სუპერთასის მასპინძლობა თქვენი ქვეყნისთვის მხოლოდ სპორტული კი არა, ძალიან დიდი სოციალური მოვლენა უნდა იყოს. ღონისძიების ღირსეულად ჩატარება სერიოზული გზავნილი იქნება უეფასთვის, რომ საქართველოს შეუძლია მსგავს მასშტაბებთან გამკლავება...
რატომ არ წავედი აეროპორტიდან ფეხბურთის ფედერაციის მანქანით? ფედერაციის ხელმძღვანელებს ნებისმიერ დროს ვხვდებით, თითქმის ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი გვაქვს და შესანიშნავად ვიცით, რას აკეთებენ და როგორ მუშაობენ. აქ თქვენ მთავრობის წევრების გასაცნობად და მათთან მოლაპარაკებების გასამართავად ჩამოვედი.
მე მკვეთრად განსაზღვრული მისია მქონდა - თქვენს ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, ჩვენ მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე გარანტიები მიმეღო, რაც პრემიერ-მინისტრმა მომცა.
მთავრობის სათავეში ცოტა ხნის წინ მოსული ეს ადამიანი ქართველმა ხალხმა დიდი მოლოდინითა და იმედით აირჩია. ძალიან კმაყოფილი ვარ მასთან შეხვედრით და გაცნობით. დავინახე ადამიანი, რომელიც თავის დანაპირებს შეასრულებს - უეფას სწორედ ამის გაგება სურდა.
თუ 6 დეკემბერს უეფა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფუტსალის ოთხთა ფინალის მასპინძლობა საქართველოს ანდოს, მჯერა, მთავრობა მხარს დაგვიჭერს, რაც თქვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება".
ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. უეფამ ბატონი სურკისის ვიზიტი ასეთი ფორმატით იმიტომ დაგეგმა, რომ თავად მიეღო გარანტიები და მიიღო კიდეც. მათ შორის - იმ შემთხვევისათვის, თუ 6 დეკემბერს ფუტსალის ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლებას თბილისს მისცემენ.
ჩვენმა მთავრობამ დაადასტურა ფედერაციის თანადგომა და ისიც, რომ ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ახლა უნდა დაველოდოთ შანსს, რომელიც საკმაოდ დიდია...
მოლაპარაკებებს უშუალოდ არ დავსწრებივართ, რადგან უეფამ თავად მოითხოვა შეხვედრების ასეთი ფორმატით გამართვა, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
უეფას სულ ვეუბნებოდით, რომ მართალია, ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ჩვენი პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების გარანტიების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. თუმცა, მათ თავად სურდათ დარწმუნება და მიხარია, რომ ახლა უეფა სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობს. ბატონი სურკისის გარდა, ამას ჩვენი სამინისტროც დაგიდასტურებთ.
მთავარია, მუშაობა სრული სვლით გავაგრძელოთ, ჩვენს გულშემატკივარს ყოველ წელს ელიტრაუნდებისა თუ შესარჩევი ეტაპების საქართველოში ხილვის საშუალება რომ ჰქონდეს და თანდათანობით უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებსაც გავუშინაურდეთ.
იმედია, უეფა კიდევ უფრო დიდ ნდობას გამოგვიცხადებს, რადგან ჩვენი მთავრობის მხრიდან მყარი გარანტიები არსებობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მასპინძლობისთვის ვიბრძვით
გრიგორი სურკისის ვიზიტი საქართველოში - აჟიოტაჟი და რეალობა