მიხეილ გორელიშვილი: მთავარია, "დილასთან" ერთად ამ სეზონში ტიტული მოვიგო

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში რუსთავის "ფოლადზე" მოპოვებულ გამარჯვებაში წვლილი გორის "დილას" ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა მიხეილ გორელიშვილმა შეიტანა.

იგი 19 წლისაა და შიდაქართლური გუნდის შემადგენლობაში ნათამაშებ 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. პროფესიულ კარიერაში გატანილ გოლებს მისთვის სწორედ "მეტალურგთან" დაედო დასაბამი.

გთავაზობთ ს/კ "დილას" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მის მიერ მიცემულ ინტერვიუს.

- დავიბადე ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც წლების წინ მამა საქართველოდან სასწავლებლად ჩავიდა და დედაჩემზე დაქორწინდა. დედა გვარად გოლოვინაა. მყავს უფროსი ძმა სიმონი, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მამა ჩემთან
ერთადაა საქართველოში და ბაბუასთან ერთად ჩემს უშუალოდ ყველა მატჩს ესწრება.

- როგორც ვიცით, ფეხბურთთან ერთად, არც უმაღლესი განათლების მიღებაზე ამბობთ უარს...
- დიახ, მოსკოვის ფიზიკური კულტურის აკადემიაში ვსწავლობ ფეხბურთის თეორიისა და მეთოდიკის სპეციალობით. მინდა მწვრთნელი გამოვიდე.

- ფეხბურთის თამაში ნიჟნი ნოვგოროდში დაიწყეთ, მერე კი ყაზანის "რუბინის" დუბლშემადგენლობაში აღმოჩნდით...
- ჩემს მშობლიურ ქალაქში იყო საკმაოდ სახელოვანი ბავშვთა ფეხბურთის აკადემია. მისი აღსაზრდელები ზედიზედ 6 წლის განმავლობაში იგებდნენ რუსეთის თასს.

იქ 4 წელი ვითამაშე და როცა ჩემი მწვრთნელი პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად მოსკოვში გადავიდა საკმაოდ ცნობილ ჩერტანოვოს საფეხბურთო აკადემიაში, მეც მას გავყევი.

ჩერტანოვოდან აღმოვჩნდი "რუბინის" დუბლშემადგენლობაში, სადაც წელიწადნახევარი ვითამაშე. მიწვეული ვიყავი რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში და 2011 წლის ოქტომბერში ბულგარეთში ვითამაშე 3 ოფიციალური მატჩი. სამწუხაროდ, ყველა თამაში წავაგეთ და ელიტრაუნდში გასვლა ვერ შევძელით.

- ჩვენებური ფესვები გაქვთ, მაგრამ ქართულად ვერ საუბრობთ. თუმცა, როგორც ვიცით, ყველაფერს კარგად იგებთ..
- ჩემგან განსხვავებით, ძმას ხშირად უწევდა საქართველოში ჩამოსვლა და მას ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონდა.

მე კი, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრება რუსეთში გავატარე და იქ ქართულის ცოდნის საჭიროება არ მქონია - დედ-მამა ერთმანეთთან რუსულად საუბრობდა. მამა რასაც ახერხებდა, ეს ქართული ტრადიციებით აღზრდა იყო.

- ყველაზე მეტად რომელი ქართული ტრადიციები გახსენდებათ?

- სტუმართმოყვარეობა, უფროსისადმი პატივისცემა და მრავალი სხვა.

- გორის "დილაში" როგორ აღმოჩნდით?
- ამაში მთავარი როლი მამუკა ჯუღელმა ითამაშა, რისთვისაც მას ძალიან ვემადლიერები. ვთვლი, რომ იმ ფეხბურთელებთან ვარჯიშიც კი, ვინც დღეს "დილაშია", ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალებაა.

ხშირად ვეცნობი რუსული საიტების ფორუმებს და ბევრი აღნიშნავს - გორის "დილა" რუსეთის პრემიერლიგის ძლიერი საშუალო გუნდი იქნებაო.

სიმართლე გითხრათ, "დილაში" ჩემს ასეთ კარგ დახვედრას არ ველოდი. საქართველო ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა, მაგრამ შარშან დეკემბრამდე აქ ბოლო 8 წელიწადი არ ვყოფილვარ და პრაქტიკულად, თავიდან მომიწია ადაპტაციის პროცესის დაძლევა.

ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო ის, როგორ მიმიღეს ბიჭებმა. ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებულია ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელის თანადგომა, როგორიც გიორგი შაშიაშვილია. მისგან პირველივე დღიდან ვგრძნობ ყურადღებას. ძალიან გულისხმიერია გოგიტა გოგუა.

რაღა შორს წავიდე - ბოლო მატჩში, რომელშიც ჩემი პირველი გოლი გავიტანე, ძალიან დამეხმარა დავით კვირკველიას რჩევები. მისი მუდმივი შეგულიანებები რომ არა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა.

ყველაზე მთავარი კი მწვრთნელის ნდობა იყო - გიორგი დარასელია მენდო და მაშინ, როცა ალექსანდრე გურულმა თამაშის დაწყებიდან ძალიან მალე მიიღო ტრავმა, ასეთ გადამწყვეტ მომენტში შემიყვანა მოედანზე.

- იგრძნობოდა, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება თქვენ გქონდათ...
- ეს გასაგებიცაა, მთავარი მწვრთნელი ბოლო თამაშებში რეგულარულად მგზავნიდა "დილას" დუბლშემადგენლობასთან ერთად, რომელიც ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს და იქვე ატარებს საშინაო მატჩებს.

მეტწილად ასეთივე პირობებში მიწევდა "რუბინის" დუბლებში თამაშიც. ახალგაზრდა ორგანიზმი მაქვს და სხვებზე მეტად შემიძლია ასეთ საფარზე თამაშისადმი ადაპტირება.

რუსთავში თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მოედანზე თანაგუნდელების, განსაკუთრებით კი, კვირკველიას გამხნევებამ, შედეგი გამოიღო.

- პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი გამორჩეულად ეფექტურიც იყო...

- ყოველთვის მიკვირდა, როცა ფეხბურთელები ამბობდნენ - მატჩის ღამეს ვერ ვიძინებ, რადგან თვალწინ თამაშის პერიპეტიები მაქვსო. კვირას მეც ასე დამემართა - გოლს რომ თავი დავანებოთ, სულ ის მომენტი მიტრიალებდა, ხელსაყრელ სიტუაციაში კარს ზემოდან რომ გადავაცილე.

- ზუსტად ერთი წელიწადი ხართ საქართველოში და მოგიწიათ ჩვენი ჩემპიონატისთვის თვალის დევნება. რა შეგიძლიათ თქვათ მის დონეზე და სავარაუდო პერსპექტივაზე?
- საერთო დონეზე ალბათ რაიმე დასკვნების გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ ეს შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ აქაურ ფეხბურთელს შეუძლია ითამაშოს კარგი ფეხბურთი რუსეთის პრემიერლიგაში - აღარაფერს ვამბობ პირველ დივიზიონზე.

- აშკარაა, გორის "დილა" დიდ ფეხბურთში თქვენს მოსახვედრად ურიგო ტრამპლინი არ იქნება...

- მეც ამის იმედი მაქვს. თუმცა, ძალიან მინდა, რომ ჯერ აქ ფეხის მოკიდება შევძლო, მერე კი უკეთესი ვარიანტებიც გამოჩნდება. ჯერ ახალგაზრდა ვარ და წინ საკმაოდ ხანგრძლივი კარიერა მელოდება.

- რუსეთის 19-წლამდელებში ნათამაშეი გაქვთ. უახლოესი მიზნები მომავალ ასაკობრივ კატეგორიას უკავშირდება თუ კლუბს?
- ვფიქრობ, მთავარია, "დილასთან" ერთად მიმდინარე სეზონში ტიტული მოვიგო, ევროტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ და მერე ნაკრებიდანაც იქნება ყურადღება.

fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული