თბილისის ფედერაციას კვლავ გრიგოლ ცაავა უთავკაცებს

AutoSharing Option
14 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის (თფფ) VIII ყრილობა გაიმართა.

საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, ტრიბუნა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს დაუთმეს. მაგრამ "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ განაცხადი მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა, გრიგოლ ცაავამ წარადგინა.

ცაავამ გასული 4 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობასა და განხორციელებულ პროექტებზე ილაპარაკა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მასშტაბური გახდა თბილისის საერთაშორისო ბავშვთა ფეხბურთის ფესტივალი, ჩამოყალიბდა ელიტ ლიგა, შეიქმნა თბილისის ასაკობრივი ნაკრებები.

მან სამომავლო გეგმებიც წარადგინა: ცაავა საფეხბურთო სკოლების ლიგის
დაფუძნებას აპირებს, სადაც ისინი უფროსი ასაკის ნაკრებებით წარდგებიან და არა ცალ-ცალკე გუნდებით. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული გადაწყვეტილებაა.

ცაავა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფედერაციასთან მწვრთნელთა საბჭოს შექმნას, რომელიც თბილისის სკოლებში დასაქმებულ სპეციალისტებს თანამედროვე მეთოდიკით მოამარაგებს და დააწესებს მოთხოვნებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, თავად ფედერაცია კი სკოლების მუშაობას გაუწევს მონიტორინგს.

თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს თფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა რევაზ მგელაძემ, თფფ-ს საფინანსო მენეჯერმა ზვიად წულუკიძემ, თენგიზ სულაქველიძე-უმცროსმა, გივი ნეფერიძემ (საქართველოს უნივერსიტეტი), გია მაისურაძემ (მთვარის გლობუსი), მურად ანჯაფარიძემ (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), რის შემდეგაც გასულ ოთხწლედში თფფ-ს მუშაობა დადებითად შეაფასეს.

საარჩევნო პროცედურა სწრაფად დასრულდა და ხმის დამთვლელია კომისიის წევრმა რომან შონიამ გამოაცხადა, რომ გრიგოლ ცაავამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ასე რომ, ვეტერანი ფეხბურთელი თფფ-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

თფფ-ს აღმასკომის წევრები გახდნენ: გოჩა ავსაჯანიშვილი, ვახტანგ ბზიკაძე, ელგუჯა გუგუშვილი, მამუკა ელიკაშვილი, გია თავაძე, ოთარ კორღალიძე, რევაზ მგელაძე, გია მაისურაძე, კარლო მჭედლიძე, გივი ნეფარიძე, თენგიზ სულაქველიძე, მიხეილ ტყავაძე, ოთარ შენგელია, გრიგოლ ცაავა, რევაზ ძოძუაშვილი, გიორგი ჭილაია, მალხაზ კაკაურიძე, კახა კაშია, როლანდ ჩხაიძე.

დელეგატებს სიტყვით მიმართეს ცნობილმა მწვრთნელმა ელგუჯა გუგუშვილმა ("ზოოვეტი"), საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ყრილობაც დასრულდა. სიჭინავამ განაცხადა, რომ ორგანიზაციას ბურთებით და სხვა საჭირო ატრიბუტიკით უზრუნვლყოფს.

ყრილობის დასრულების შემდეგ გამოაცხადეს ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები: თბილისის საუკეთესო საფეხბურთო სკოლად აღიარეს "საბურთალო", საუკეთესო გუნდად ლევან გვანცელაძის გაწვრთნილი "დინამოს" აკადემია (1998 წელს დაბადებულები), საუკეთესო მწვრთნელად - ვასილ მაისურაძე, რომლის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვდა.

ლაურეატებს თბილისის ფედერაცია საგანგებო პრიზებითა და საჩუქრებით წლის ბოლოს დაგეგმილ ტრადიციულ ღონისძიებაზე დააჯილდოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული