გავალამაზოთ საფეხბურთო სეზონი - ლეგიონერები ადგილობრივების წინაღმდეგ

AutoSharing Option
მცირე ხნის წინ 12-თა საბჭოს სხდომაზე ვწერდით: ამ შეკრებაზე ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

კლუბების წარმომადგენლებმა მოიწონეს და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ინიციატივას, რომ ამიერიდან უმაღლესლიგელებს სამი ლეგიონერის დამატებისთვის გადასახადი მოეხსნათ.

ალოგიკურია ლიმიტისა და გადასახადის დაწესება საქართველოში, სადაც თითეზე ჩამოსათვლელი ლეგიონერია.

ეს შეზღუდვები ისეთ ქვეყნებში წესდება, სადაც უცხოელთა სიჭარბესთან გამკლავებას, ადგილობრივი ბაზრის დაცვას და სათადარიგოთა სკამზე უხვად დარჩენილი საკუთარი მოთამაშეების ხელშეწყობას ცდილობენ.

მაგალითად, რუსული კლუბები ისე გამდიდრდნენ, ბევრგან ლეგიონერები ადგილობრივებს სჭარბობენ. მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკის" განაცხადში 51,9 პროცენტი ლეგიონერია - ასევე უმრავლესობაა რუსეთის პრემიერლიგის
16 გუნდიდან 7-ში.

ამ კუთხით ლიდერი "კრასნოდარია", სადაც ეს ციფრი 57,7 პროცენტს შეადგენს, მთლიანად რუსეთის საფეხბურთო ლიგაში კი - 46 პროცენტს. ამის გამო გადაწყვიტეს, სავალდებულო წესით დაეკანონებინათ შემადგენლობაში მინიმუმ 4 ადგილობრივის თამაში.

საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6.9 პროცენტია, 12 გუნდს სულ 22 ლეგიონერი ჰყავს. ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალია მოლდოვაში (34,2 %), ყაზახეთში (31,3 %), ლატვიაში (26,8 %), მალტაში (26,9 %), ბელარუსში (23,4 %), ლიტვაში (20,5 %), ესტონეთში (19,4 %), სომხეთში (11,4 %), აღარაფერს ვამბობთ კვირპოსსა (70,4 %) და აზერბაიჯანზე (39,4 %).

საქართველოში დინამო ლიდერობს
უმაღლეს ლიგაში ლეგიონერების მხრივ ლიდერი "დინამოა" (26,9 %). შემდეგ მოდიან "გაგრა" (21, 7%), გორის "დილა" (14,8 %), "ზესტაფონი" (11,5 %) და ბათუმის "დინამო" (10,3 %). საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე მყოფი "გაგრა" პირველ ლიგაში თამაშობს.

გადავხედოთ უმაღლესი ლიგის მაჩვენებლებს:

1. "დინამო" - 26,9 %
2. "დილა" - 14,8 %
3. "ზესტაფონი" - 11,5 %
------------------------------------
4. "ბათუმი" - 10,3
5-6. "ზუგდიდი", "მერანი" - 4,0--4,0 %
7. "მეტალურგი" - 3,8 %
8. "სიონი" - 3,7 %
9. "კოლხეთი" - 3,6 %
-------------------------------------
10. "ვიტ ჯორჯია" 0 %
11. "ჩიხურა" - 0 %
12. "ტორპედო" - 0 %

ლეგიონერები საერთოდ არ ჰყავთ "ტორპედოს", "ჩიხურას", "ვიტ ჯორჯიას". რაც შეეხება "კოლხეთის", "მერანისა" და "სიონის" "ლეგიონერებს", ისინი უცხო ქვეყნის პასპორტის მქონე ქართველები არიან: ამირან წაბრია (უკრაინა, "კოლხეთი"), ლუკა ხომასურიძე (საბერძნეთი, "კოლხეთი"), გიორგი გაბისონია (უკრაინა, "მერანი"), რევაზ ჯიქია (რუსეთი, "სიონი").

ასევე ლეგიონერად ითვლება ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველი ირაკლი კვეკვესკირი - 20 წლის მცველი რუსეთის მოქალაქეა.

განაცხადში 3 ლეგიონერის უფასოდ შეყვანის საკითხს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ცვლილება 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

თუმცა, სიახლე პირველი და რეგიონული ლიგების კლუბებზე არ გავრცელდება: ადგილობრივი მოთამაშეების დასაქმებისა და გაზრდის მიზნით, ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა - გერმანიაში, თურქეთში, ავსტრიაში...

სხვათა ტრადიცია
ახლა მთავარზე: მას შემდეგ, რაც პროფესიული ფეხბურთის ლიგა უფუნქციოდ დატოვეს, სეზონის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების გალა-კონცერტი "დიაც" აღარ იმართება და ისედაც უფერული საფეხბურთო სეზონი კიდევ უფრო გაუფერულდა.

ცხადია, საფეხბურთო ჩემპიონატის პოპულარობა დამოკიდებული არის მის დონეზე, მაგრამ ტრიბუნებზე მაყურებლის რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია ტურნირის გამუდმებული რეკლამით, აქციებით, ათასგვარი ღონისძიებებით, რასაც პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილი ხელმძღვანელობა ახერხებდა, არ ისვენებდა და ათასგვარი ხერხით გამუდმებით ცდილობდა ხალხის დაინტერესებას.

საფეხბურთო სეზონის გალამაზების ერთ-ერთი საშუალება ლეგიონერებისა და ადგილობრივებისგან დაკომპლექტებული ნაკრებების ყოველწლიური მატჩის გამართვა არის.

ასეთი ტრადიცია ბევრ ქვეყანაში დამკვიდრდა. მაგალითად, მოლდოვაში, სამხრეთ კორეაში, ლიტვაში, ლატვიაში, ყაზახეთში.

ასეთ შეხვედრებში უთამაშიათ გია კვარაცხელიას, მირზა მერლანს (ორივეს - ლიტვაში), დავით ჩაგელიშვილს (ყაზახეთში), ლევან კორღალიძეს (მოლდოვაში).

სამხრეთ კორეაში სიმბოლურ ნაკრებებს გულშემატკივრები ადგენენ, ზოგან - ფეხბურთის ფედერაცია ან პროფესიული ფეხბურთის ლიგა.

რა თქმა უნდა, არც ერთი ჩამოთვლილი ქვეყანა საფეხბურთო გრანდი არ არის, მაგრამ ამ ქვეყნებში ადგილობრივი ჩემპიონატის პოპულარიზაციას ცდილობენ და მათი გამოცდილება ამიტომ არის საინტერესო.

სწორედ ამ დროს ხდება სეზონის საუკეთესო მოთამაშეების, მათ შორის, ლეგიონერების დაჯილდოება.

რატომაც არა?
საქართველოში ლეგიონერებს კარგად არც ვიცნობთ. "დიას" მივიწყების შემდეგ ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეების გვარები მედიაში თუ გაჟღერდება, წლის ბოლოს კი ფედერაცია საუკეთესოებს დაასახელებს, ეს არის და ეს.

გაცილებით მეტია საჭირო. ლეგიონერებისა და ადგილობრივების ზემოთნახსენები მატჩის ჩატარებას წინ რა უდგას? ასე საფეხბურთო სეზონი გალამაზდება და გულმშემატკივარი ბევრ მოთამაშეს გაიცნობს.

საქართველოში კი საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები ჩამოვიდნენ: უეფას თასის მფლობელი ჩისკო, ხორვატიის ნაკრების ყოფილი მეკარე მარინ სკენდერი, ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნათან ჟუნიორი. სხვათა შორის, ბევრმა არც ის იცის, რომ პირველი ლიგის ცხინვალის "სპარტაკში" ვლადიკავკაზის "ალანია 2"-ის ყოფილი მეკარე ალან ხალიევი თამაშობს.

მოკლედ, ლეგიონერებისა და ადგილობრივების ნაკრებების შეხვედრა უინტერესო სანახავი არ უნდა იყოს და სურვილის შემთხვევაში, მისი ჩატარება სავსებით რეალურია. თუ ეს ფეხბურთის ფედერაციას არ სურს, პრემიერლიგის ინიციატორებს შანსი ექნებათ, ამ აქციით გულშემატკივრებს საკუთარი თავი და გემოვნება გააცნონ.

გადავხედოთ ლეგიონერთა სიას, სადაც პირველ ლიგაში მოასპარეზეთა გვარებსაც ამოიკითხავთ და დაგვეთანხმებით, მათი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ქართველი მოთამაშეების შეხვედრა ბევრს მაყურებელს მიიზიდავს.

მეკარეები: მარინ სკენდერი (ხორვატია, "დილა"), ივან ჰოსმანი (ხორვატია, "მეტალურგი"), ივან პიცანი (უკრაინა, "ბათუმი"), ანდრე ნონოსი (კამერუნი, "სასკო"), ალან ხალიევი (რუსეთი, "სპარტაკი").
მცველები: დარკო გლიშიჩი (მაკედონია, "დინამო"), პატრიკ მილხრაუმი (გერმანია, "ზესტაფონი"), ამაუდ ჩუენსე ("გურია", კამერუნი), რენცო რადინა (ხორვატია/გერმანია, "გაგრა"), იუსიფ ჰაადი (განა, "ადელი"), ბოიმო ფრიდოლინი (კამერუნი, "ზუგდიდი"), ირაკლი კვეკვესკირი (რუსეთი, ბათუმის "დინამო").
ნახევარმცველები: კოტო (ესპანეთი, "დინამო"), ალვარო (ესპანეთი, "დინამო"), ჩისკო (ესპანეთი, "დინამო"), რობერტინიო (ბრაზილია, "დინამო"),, ლეონარდო (ბრაზილია, "დილა"), მიხაილ გორელიშვილი (რუსეთი, "დილა"), იგორ იელიჩი (სერბეთი, "ზესტაფონი"), ბენჟამინ ტეიდი (ნიგერია, "გაგრა"), ამირან წაბრია (უკრაინა, "კოლხეთი"), ლუკა ხომასურიძე (საბერძნეთი, "კოლხეთი"), გიორგი გაბისონია (უკრაინა, "მერანი").
თავდამსხმელები: ჟუნიორი (ბრაზილია, "დილა"), ბოტი გოა (კოტ დივუარი, "ზესტაფონი"), ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი (ესტონეთი, "დინამო"), ალბერტ იაგუე (ესპანეთი, "დინამო"), ოლექსანდრ ტიმჩიშინი (უკრაინა, "ბათუმი"), ტიერი კლოვისი (კოტ დივუარი, "ბათუმი"), უმარ მაგაჯი (ნიგერია, "გაგრა"), ჯონი ჯერემია (ნიგერია, "გაგრა"), რევაზ ჯიქია (რუსეთი, "სიონი").
მწვრთნელები: დუშან უჰრინი (ჩეხეთი, "დინამო"), ხერარად სარაგოსა (ესპანეთი, "ლოკომოტივი")

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქარტველოს ნებისმიერ გუნდს უნდა ყავდეს 3-4 ლეგიონერი. ტუ უნდატ რომ რამეს მიაგწიონ როგორც საქარტველოს ჩემპიონატში ასევე ევროთასებზე
qomagi
12:02 16-12-2012
0
და რატომ მხოლოდ სამი, საერთოდ მოხსნან შეზღუდვა, უნდა დამთავრდეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ეს ლეგიონეროფობია... ნახეთ ზემოთ სტატისტიკა, სადაც ლეგიონერთა რიცხვი გაიზარდა ხარისხმა და შედეგებმაც საგრძნობლად მოიმატა...
Walkabout
16:05 16-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული