"სალერის თასი": ჰოლანდიის საუკეთესო სკოლა საქართველოში შერცხვა

AutoSharing Option
"ბენდელას" სტადიონზე "სალერის თასის" (1997 წელს დაბადებულთა შორის) გათამაშებაში მხოლოდ გამარჯვებული დარჩა გამოსავლენი.

"ლევან ჟორდანიას" ფონდისა და საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ორგანიზებული ტურნირის გრაფიკი თავიდანვე აირია, რადგან ანდრეს კარასკოს გაწვრთნილ "მალაგას" თბილისში ჩამოსვლა ერთი დღით დაუგვიანდა და "საბურთალოსთან" პირველი ტურის შეხვედრა გადაუდეს.

მაგრამ შემდეგ ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომ ამ ორმა გუნდმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

21 დეკემბერს გამოტოვებული შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ესპანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. ეს გუნდები კიდევ ერთხელ ფინალში შეხვდებიან, რომელიც "ბენდელაზე" (ყოფილი სამედიცინოს სტადიონი) 23 დეკემბერს 16 საათზე დაიწყება.

მე-3 ადგილზე გასულის ვინაობა თბილისის "ლოკომოტივისა" და არნემის "ვიტესის" შეხვედრაში გაირკვა.

კვლავ მშვენივრად ითამაშა თბილისელთა პლეიმეიკერმა გიორგი არაბიძემ, რომელიც თავისიანთა შეტევებს უნარიანად ხელმძღვანელობდა. დაძაბული მატჩი ქართველების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მერაბ ჟორდანიას "ვიტესმა", რომელსაც ჰოლანდიაში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სკოლა აქვს, ტურნირზე ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო.

არნემელთა ასეთი სუსტი გამოსვლა მოულოდნელი იყო. ამავე დროს, იმაზეც მიუთითებს, რომ ქართულ ფეხბურთს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რადგან "საბურთალომ" და "ლოკომოტივმა" სამივე შეხვედრა მოუგეს, თუმცა, ჯერ "მალაგასთან" მოგება ვერც ერთმა მოახერხა.

ვნახოთ, ნავსი 23 დეკემბერს თუ გატყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრეს კარასკოს ჩამოყვანილმა "მალაგამ" თბილისის "ლოკომოტივი" არ დაინდო
სალერის თასი: თბილისის "ლოკომოტივმა" არნემის "ვიტესი" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი არ შერცხვა, თავის სტრატეგია აქვს, რაც ფეხბურთელების გაზრდას გულისხმობს და არა რაღაც ტურნირების მოგებას.
დუდუ
11:58 22-12-2012
0

სიახლეები პოპულარული