კახა ებრალიძე: უმადურობა იქნება, ზვიად სიჭინავას გადადგომას დავუჭიროთ მხარი

AutoSharing Option
მესამე წელია, გურიის ფეხბურთს წარმატებულად ხელმძღვანელობს კახა ებრალიძე. ამ პერიოდში გურიის კლუბები შედეგიანად ათამაშდნენ და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სამივე ქალაქის სტადიონებს მაყურებელი დაუბრუნდა, რა თქმა უნდა, იმის იმედით, რომ "გურია" და "მერცხალი" ელიტლიგაში ითამაშებენ.

მიმდინარე სეზონში ამის შანსი ლანჩხუთელებს აქვთ, რომლებსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მინდვრის საფარი გამოუცვალა. უფრო ადრე სფფ-მ გურიის რეგიონულ ფედერაციას ქალაქის ცენტრში ოფისი შეუძინა.

თუმცა ყველაზე მთავარი, რაც გრფფ-ის მესაჭემ ამ სამ წელიწადში მოახერხა, ისაა, რომ გურიის ფეხბურთი დაყოფილი აღარ არის და ლანჩხუთ-ოზურგეთის დაპირისპირება უკვე სამი წელია,
რაც ისტორიის საკუთრება გახდა.

"ლელო" კახა ებრალიძეს განვლილი 3 წლის შესაფასებლად და გურულ ფეხბურთში დღეს არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ რეგიონული ფედერაციის ოფისში ესტუმრა:

- სამი წელია, რაც რეგიონულ ფედერაციას უდგახართ სათავეში. რისი გაკეთება მოახერხეთ ამ ხნის განმავლობაში და რას პირდებით ფეხბურთის გურულ გულშემატკივრებს?
- ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და გურიის ფეხბურთში პრობლემები არ გვაქვსო, ამას ვერ გეტყვით და არც თქვენ დაიჯერებთ, თუმცა ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ; რისი შესაძლებლობა გვაქვს, იმაზე მეტსაც, რომ რეგიონში ფეხბურთს ყურადღება არ მოაკლდეს.

მნიშვნელოვან საკითხებს აუცილებლად ვუთანხმებთ ოზურგეთისა და ჩოხატაურის საფეხბურთო საზოგადოებას და ჩვენთან ისე არაა, რომ ლანჩხუთი ერთპიროვნულად წყვეტდეს, გურიის ფეხბურთში რა როგორ სჯობს.

დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ბავშვთა ფეხბურთს, ყოველწლიურად ვატარებთ ტურნირებს. ჩვენი აღზრდილები საქართველოს სხვადასხვა ასაკის ნაკრების კანდიდატები არიან.

მეტად სასიხარულოა, რომ "გურია" წარმატებით ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მთავარი კანდიდატია. კლუბის ელიტაში დაბრუნება მთელ გურიის ფეხბურთს წაადგება.

სწორი მუშაობა მიდის და სამომავლოდ უმაღლესზე იფიქრებს ოზურგეთის "მერცხალიც", რომელსაც ნაყოფიერად ხელმძღვანელობს ხარიტონ ჩხატარაშვილი.

სასიამოვნო მოულოდნელობაა ჩოხატაურის "ბახმაროს" ამბიციები, რაც უპირველესად, გრიშიკო თოდრიას დამსახურება გახლავთ.

- როგორც ვიცი, არც ერთ კლუბს არ ჰყავს სპონსორი და ფონს ადგილობრივი ბიუჯეტით გადიხართ...
- დიახ, ასეა და ამისთვის მადლობელი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების. არ ყოფილა შემთხვევა, გურიის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილისთვის დახმარება გვეთხოვოს და რაც შესაძლებლობა ჰქონდა, არ გაეკეთებინა.

- როგორც ცნობილია, "გურიისთვის" ბევრი გააკეთა ლანჩხუთის აწ უკვე ყოფილმა გამგებელმა გიორგი გოგუაძემაც, რომელსაც მაჟორიტარული არჩევნები კლუბის ლეგენდამ, თემურ ჩხაიძემ მოუგო...
- დიახ, გია გოგუაძე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეულია, ფეხბურთი აგრერიგად რომ უყვარს. რომ არა თემურ ჩხაიძის გამარჯვება ლანჩხუთის არჩევნებში, გია გოგუაძის წაგება "გურიასთვის" ძალიან მტკივნეული იქნებოდა.

ჩვენ, ლანჩხუთში საფეხბურთო კუთხით დასაქმებული ადამიანები, აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში - ორივე კანდიდატი კლუბისთვის ძვირფასი გახლდათ. ერთი მხრივ, გაგვიმართლა, რომ ყველა შემთხვევაში, "გურია" უპატრონოდ არ დარჩებოდა.

თემურ ჩხაიძემ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, კარგი ადამიანია - მან ისეთ დროს გაუწოდა დახმარების ხელი "გურიას", როცა ძალიან ბევრი ამ დროს დაელოდებოდა გუნდის დაშლას, რისი საშიშროებაც აშკარად გვქონდა და მერე გუნდის აღდგენით პიარს გაიკეთებდა.

მას გვერდში კახა კალაძეც დაუდგა. ამ ხალხის დამსახურებაა, რომ დღეს "გურია" აგრძელებს ჩემპიონატს და კლუბი პოლიტიკას არ გადააყოლეს. ზოგადადაც იმის მომხრე ვარ, ფეხბურთი პოლიტიკას გაემიჯნოს.

- ამ სამი წლის მანძილზე გურიის ფეხბურთში რამდენიმე გამოსარჩევი პროექტი განხორციელდა - ფეხბურთის ფედერაციამ ოფისი შეგიძინათ, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე ახალი საფარი დაიგო... ამის ფონზე და ზემოთ პოლიტიკაც ვახსენეთ, ჩაგეკითხებით - რას იტყვით იმაზე, რომ ბევრი სფფ-ის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს ითხოვს?
- ჩვენი მხრიდან უმადურობა იქნება, ზვიად სიჭინავას გადადგომას დავუჭიროთ მხარი. გურიის ფეხბურთს მისი ყურადღება ამ სამი წლის განმავლობაში არ მოკლებია.

რა თქმა უნდა, მეტი პრობლემაა და მეტი სახსრებია რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის საჭირო, მაგრამ გურულები ამ პერიოდში გაკეთებულით უკმაყოფილონი ვერ ვიქნებით.

- ამ ეტაპზე "გურიას" სტადიონის რეკონსტრუქცია შეჩერებულია. იმედია, ახალი ხელისუფლება გააგრძელებს წინამორბედის დაწყებულ საქმეს, მაგრამ ზვიად სიჭინავა უეფას პროექტით ოზურგეთის სტადიონის რეაბილიტაციას აპირებდა და რატომ მოიხსნა დღის წესრიგიდან ეს საკითხი?
- არ მოხსნილა და ოზურგეთის არენის რეაბილიტაცია, იმედია, მალე დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციას პროექტი კი ჰქონდა დაწერილი, მაგრამ, როგორც ვიცი, უეფამ ის პროექტი ბოლო მომენტში არ დააფინანსა.

- არ შეიძლება არ გკითხოთ გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც სანაკრებო ბაზადაც გამოდგება, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის შემთხვევაში...
- როგორც იცით, ამაზე არის საუბარი. ლანჩხუთს ახლა კიდევ ერთი პლუსი აქვს, რომ პარლამენტში გვყავს ადამიანი თემურ ჩხაიძის სახით, ვისი დიდი იმედიც აქვთ "გურიას" გულშემატკივრებს.

მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი თემური "გურიას" სპონსორთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს. რა თქმა უნდა, ამის მცდელობები ადრეც იყო, მაგრამ სულ სხვაა, როცა საქმეში ჩართული იქნება პარლამენტარი, თანაც ისეთი, რომელიც ლანჩხუთში უპატიოსნეს კაცადაა ცნობილი.

კახა ებრალიძე: ჩვენ უმადურები არა ვართ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენი მხრიდან შეიძლება უმადურობაა მაგრამ ქართულ ფეხბურთში რომ არაკომპეტენტური
ხალხი მუშაობს ფაქტია

gocha
15:54 25-12-2012
0
რატომ იქნება უმადურობა? იმიტომ რომ შენ ზიხარ თბილ ადგილას? ბოდიში, მაგრამ ეს ყველაფერი უვიცობისა და უცოდინარობის გამოვლინებაა. თუ მართლა გგონია რომ ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა? თუმცა ფაქტი სახეზეა - რაც დავთესეთ იმას ვიმკით. შენ და შენნაირებმა მიიყვანეს ქართული ფეხბურთი ამ სიმაღლეზე!
G-XIII
00:21 26-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული