იმერეთის ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციას ვალერი მანაგაძე დაუბრუნდა

AutoSharing Option
იმერეთის ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციას ერთწლიანი შესვენების შემდეგ ვალერი მანაგაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც აღმასკომის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ამ პოსტზე გიორგი აბესარაშვილი შეცვალა.

ვალერი მანაგაძე იმერეთის რეგიონულ ფედერაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა შარშან იგი იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა აბესარაშვილმა ჩაანაცვლა.

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ აბესარაშვილმა იფფ-ს თავკაცის პოსტი დატოვა და რიგგარეშე სხდომაზე ახალ პრეზიდენტად (რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო) ვალერი მანაგაძე აირჩიეს.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის აღმასკომს და რაიონების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ფედერაციის გეგმებზე ისაუბრა:

"ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი იქნება. სხვა
გზა არ გვაქვს, თუ გვინდა, რომ საქართველოში ფეხბურთი წინ წავიდეს, პირველ რიგში, ბავშვებს უნდა მივხედოთ.

ის კურსი, რასაც ამ მხრივ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, რეგიონის დონეზეც უნდა გადმოვიტანოთ და ნიჭიერ ახალგაზრდებს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ბავშვთა ფეხბურთთან ერთად, შესაძლებლობების ფარგლებში დიდ გუნდებსაც დავეხმარებით.

ჩვენი ფედერაცია სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელთა შორის 6 ჩემპიონატს ატერებს და ამ მხრივ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვართ. პირობები გამკაცრდება და ჩემპიონატებში ის გუნდები იასპარეზებენ, რომლებსაც ბავშვებს ელემენტარულ სავარჯიშო პირობებს მაინც შეუქმნიან.

სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონის ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში ნორმალური ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ნიჭიერი ახალგაზრდები სავარჯიშოდ დედაქალაქში გარბიან, სადაც უკეთესი პირობებია.

მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ქუთაისში აღზრდილი 150 ბავშვი თამაშობს საქართველოს უმაღლეს და პირველი ლიგის გუნდებში.

სასიხარულოა, რომ "ტორპედო" და "ზესტაფონი" ბოლო დროს უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ ბავშთა ფეხბურთს. მოედნებსაც აკეთებენ, რაც ადგილობრი
ვი ფეხბურთელების გადინებას შეანელებს...

დიდ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდა მსაჯების მომზადებას და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენს სამსაჯო კომიტეტში გაწვრთნილი არბიტრები: გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი და მიხეილ კუპატაძე წლეულს დააწინაურეს და უმაღლესი ლიგის მატჩებს ამსაჯებენ.

გარდა ამისა, ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასაც",
- აღნიშნა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებულმა ვალერი მანაგაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული