ზოგადად ეს საქართველოს სატკივარიც არის - კანონმდებლობა დამქირავებელს, ფაქტობრივად, დაქირავებულის აბუჩად აგდების უფლებას აძლევს და ეს სამწუხარო ტენდენცია ყველა სფეროზე ვრცელდება.
ცხადია, ფეხბურთზეც, მიუხედავად იმისა, რომ აქ ფიფას ფედერალური კანონმდებლობა არის პრიორიტეტული.
ქართულ ფეხბურთში კონტრაქტის დარღვევის უამრავი მაგალითი გვახსოვს, კურიოზულებიც კი, როდესაც გუნდს სახელფასო დავალიანება არყის საბითუმო პარტიით გადაუხადეს. ასეთი რამ ერთხელ რუმინეთში მოხდა, პრეზიდენტს ფული შემოაკლდა და მოთამაშეებს ვალი... ღორის ხორცით გაუსტუმრა.
უმაღლესი ლიგაში ახალციხის
საქართველოში პრობლემაა კონტრაქტში ელემენტარული პუნქტის შეტანა, რომელიც მოთამაშის დაზღვევას გულისხმობს - შესაბამისი პროფილის კომპანიები ფეხბურთთან თანამშრომლობას ერიდებიან, კლუბების მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოთამაშეთა მკურნალობის ხარჯებზე უარს ამბობენ.
არადა, ეს ფეხბურთში ისეთივე ბუნებრივი უნდა იყოს, როგორც ვარჯიში.
ან რამდენი მწვრთნელი და ფეხბურთელი გვახსოვს, რომელთაც კლუბებმა ხანგრძლივი კონტრაქტები დაურღვიეს და "მშრალზე" დატოვეს. ყველას კარგად ახსოვს გრიგოლ ჭანტურიასა და "ზესტაფონის" ცნობილი დავა.
ბოლო მაგალითი ფოთის "კოლხეთში" მოხდა, სადაც სამი თვის არგაცემული ხელფასების ფონზე, თერთმეტი მოთამაშე დაითხოვეს და მათ საკუთარი უფლებების დაცვა ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვიტეს.
მანამდე "ზესტაფონში" ოთხი მოთამაშის გაშვებასა და დასჯას აპირებდნენ.
საერთოდ, ჩვენში ხშირად ფორმდება კონტრაქტები, სადაც პირობების დარღვევის შემთხვევაში ცალმხრივად მხოლოდ მოთამაშე ან მწვრთნელი ისჯება, კლუბი კი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. მაგრამ დღეს კონკრეტული პრობლემების განხილვას არ ვაპირებთ, რადგან ამით საკითხს ვერ მოევლება.
საინტერესო უნდა იყოს საკონტრაქტო მოთხოვნები, რომელიც უეფამ წლეულს, აპრილში ჩამოწერა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო პროფესიული ფეხბურთის სტრატეგიულ კავშირთან, ევროპული კლუბების ასოციაციასთან და პროფესიონალ ფეხბურთელთა პროფკავშირებთან (ფიფპრო) შეთანხმდა და დაადგინა ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უეფას წევრი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ:
1 - კონტრაქტი გაფორმებული უნდა იყოს წერილობით;
2 - მასში გაწერილი უნდა იყოს კლუბისა და ფეხბურთელის ძირითადი უფლება-მოვალეობები;
3 - კონტრაქტში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ხელფასის, სამედიცინო დაზღვევის, სოციალური დაცვისა და ანაზღაურებადი შვებულების შესახებ;
4 - ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს დავების წარმოშობის შემთხვევაში მათი გადაწყვეტის გზებს.
გარდა ამისა, ახალი შეთანხმების თანახმად, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან დაესწრონ ვარჯიშებს, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით და დაიცვან დისციპლინა.
ამას გარდა, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი აპირებს, რომ უახლოეს მომავალში დააკანონოს შემდეგი: მოთამაშის იჯარის შემთხვევაში, კლუბები ვალდებულები იქნებიან, მინიმუმ ერთწლიანი კონტარქტები გააფორმონ.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის იქნება, რადგან გავრცელებული ფორმა, ნახევარწლიანი იჯარა მოთამაშეს სტაბილურობის განცდასა და ზრდის სრულყოფილ საშუალებას არ აძლევს. ასე, ძირითადად, საბიუჯეტო კლუბებში ხდება.
საინტერესო ფაქტია: გორის "დილასთან" ფეხბურთელებმა ხანგრძლივი კონტრაქტები გააფორმეს, მაგრამ ოფციონის (0,6+) წესით. ანუ, ფაქტობრივად, ნახევარწლიანი ხელშეკრულებებია, რაც კლუბის ინტერესსაც ეწინააღმდეგება, რადგან ნახევარ წელიწადში ყველა მოთამაშეს შეუძლია კონტრაქტზე უარი თქვას.
* * *
"ზესტაფონის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა პროფკავშირების ჩამოყალიბებით მოგვარება:
- საქართველოში უნდა არსებობდეს ფიფასთან და ფიფპროსთან კავშირის მქონე ლიცენზირებული პროფკავშირები, რომელიც კონტრაქტის სტანდარტებს გააკონტროლებს და მოთამაშეთა და მწვრთნელთა უფლებებს დაიცავს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კლუბებმა ვეღარ გაბედონ თვითნებურად და ცალმხრივად, კონტრაქტების სათავისოდ შედგენა.
ის, რაც დღეს საქართველოში შაბლონად არის დანერგილი, ამას ხელშეკრულება არ ჰქვია, დამქირავებელს არანაირი ვალდებულება არ აქვს და ნებისმიერ დროს ისე გაგათავისუფლებს, რომ თავად არ დაზარალდება.
- კარგად მახსოვს, ეს იდეა ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს გია ჯიშკარიანმა წამოსწია, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
- ფეხბურთელმაც უნდა იცოდეს, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია, რომელიც მის კანონიერ უფლებებს დაიცავს და ადვოკატს დაუქირავებს. 300-ლარიანი კონტრაქტიც ფიფას სტანდარტებით უნდა გაფორმდეს და 10-ათასდოლარიანიც.
21-ე საუკუნეა, არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი დომინირებდეს, მეორეს კი მინიმუმიც არ ჰქონდეს.
არ გახსოვთ, იტალიაში სერია "ა"-ს სეზონის დაწყება ერთი თვით გადაიწია და ფეხბურთელები მოედანზე არ გადიოდნენ, რადგან პროფკავშირმა კლუბებს მოთხოვნები წაუყენა, მოთამაშეებმა კი სოლიდარობა გამოავლინეს. იგივე მოხდა ნბა-შიც.
- ჩვენთან მოთამაშეები არიან სოლიდარულები?
- ეს 10 მოთამაშემ და მწვრთნელმაც რომ გააკეთოს, პროცესი დაიწყება და მსოფლიოში აპრობირებული იურიდიული ნორმები საქართველოშიც დამკვირდება.
ჩვენი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შეგნება ამ დონემდე მისულია, რომ პროფკავშირების ჩამოყალიბება მათთვის აუცილებელია.
ამის გაკეთება არც ისე ძნელია, ორგანიზაციასთან კონტრაქტები გააფორმონ და თვეში 10-15 ლარი მაინც გადაიხადონ.
მე თუ მკითხავთ, ეს ქართული ფეხბურთის განვითარებას წაადგება. პროფკავშირები გააკონტროლებენ კონტრაქტებს, ცალმხრივად რომ არ შედგეს და დაქირავებულის ინტერესები დაცული იქნას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?
ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელს შეკრების დროს იატაკზე ეძინა...
გრიგოლ ჭანტურია: ფიფამ ჩემი დაამტკიცა