გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა

AutoSharing Option
გორის "დილა" ახლოს იყო დიდ მიღწევასთან - ევროპალიგის ჯგუფში შესვლასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ პორტუგალიურ "მარიტიმუს" კისერი ვერ მოუგრიხა.

"დილა" განსაკუთრებული გუნდი გამოდგა. კლუბს შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა. "დილაში" მივიდა გამოცდილი მენეჯერი, ქართველი ფეხბურთელების მომფულიანებელი მამუკა ჯუღელი. ასეთ კომბინაციას კი მოჰყვა ის, რომ "დილაში" ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი მოხვდა.

ვინაიდან "დილა" ევროფრონტზე იყო გადართული, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურებში წარმატებით ვერ თამაშობდა.

ძალიან ძნელია, ერთი ფრონტიდან მეორეზე გადმორთვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორი ძალიან განსხვავებული რანგის ტურნირს ეხება საქმე.

ევროსარბიელის შემდეგ ჯუღელმა
მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელიას უხმო. "დილა" არ ყოფილა დარასელიას გემოვნებით დაკომპლექტებული გუნდი, სეზონისწინა შეკრებაც არ გაუვლია ამ მწვრთნელის ხელში, მაგრამ დარასელიამ მაინც დაატყო ხელი გუნდს - "დილამ" ეროვნულ ჩემპიონატში მიჯრით თერთმეტი შეხვედრა მოიგო.

შთამბეჭდავი გამოდგა დარასელიას დებიუტი "დილაში" - პირველივე ცდაზე "დინამო თბილისი" გააკრა ბეჭზე.

რა ფეხბურთს თამაშობდა გორის "დილა"? კონცეპტუალური მომენტები ძნელად შესამჩნევი იყო, უფრო ფეხბურთელების გამოცდილება და კლასი განაპირობებდა გორული გუნდის ძლევამოსილებას.

თერთმეტმატჩიანი სერიის შემდეგ "დილა" უმცროსი დუშან უჰრინის გუნდთან თბილისში უნიათოდ გამოიყურებოდა და 0:3 დამარცხდა.

სეზონის პირველი ეტაპის დასრულებამდე "დილა" კიდევ ერთხელ დამარცხდა - შინ ქუთაისის "ტორპედოსთან".

"დილა" "დინამოს" სამი ქულით ჩამორჩება, ოღონდაც სეზონის მეორე ეტაპზე გორელებს სულ სხვა გუნდი ეყოლებათ - "დილას" შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აფინანსებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი გუნდს ისე ვეღარ შეინახავს, როგორც ამას პოლიციის დახმარებით აკეთებდა. შესაბამისად, წამყვანი ფეხბურთელები "დილადან" წასვლას აპირებენ, მამუკა ჯუღელს ელოდებიან, რომ ახალი გუნდი გამოუძებნოთ.

"დილა" უკვე დატოვა გიორგი დარასელიამ.

არ არის კარგი, რომ აღზევებული გორის "დილა" ხანმოკლე პროექტი გამოდგა, მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად ხომ დრო არის საჭირო. როგორც უნდა იყოს, მოღონიერებულმა "დილამ" ქართული საკლუბო ფეხბურთი გამოაცოცხლა.

მეკარე
ხორვატი მარინ სკენდერი ჯერ კიდევ წინა სეზონში მივიდა "დილაში". საიმედო კიპერია, ძნელია მის თამაშში ნაკლის დანახვა. სკენდერი "დილას" მართლაც რომ გამოადგა.

ხორვატი მძაფრ კონკურენციას ვერ გრძნობდა "დილაში". ბექა შეყრილაძე ურიგო მეკარე როდია, მაგრამ ხორვატი ისე მყარად იდგა "დილას" კარში, რომ მისი ალტერნატივა არ ჩანდა.

უშეცდომო არც სკენდერი ყოფილა. გორში ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრაში დააღალატა გუნდი, ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმულზე ბურთი ხელიდან გაუვარდა და ნიკა საბანაძემ მეკარეს შეცდომა არ აპატია.

საერთო ჯამში, "დილას" მეკარეზე სამდურავი არ უნდა ეთქმოდეს, სკენდერმა სეზონის პირველი ეტაპი სტაბილურად ჩაატარა.

დაცვა
დაცვის ხაზს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ამაგრებდნენ; კიდევ, გიორგი ონიანი, ვისაც საქართველოს ჩემპიონატში ჭიპი აქვს მოჭრილი. ფაქტიც სახეზეა: პირველ ეტაპზე ყველაზე ნაკლები გოლი "დილამ" გაუშვა.

კარგად შეეწყო ახალ გუნდს "დინამო თბილისიდან" წამოსული გულვერდ თომაშვილიც. მოკლედ, "დილას" დაცვის ხაზშიც დიდი რესურსი ჰქონდა. თუ ვინმე ტრავმას მიიღებდა ან დისკვალიფიკაციის გამო მოუწევდა თამაშის გამოტოვება, სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა პრობლემა არ იყო.

ნახევარდაცვა
"დილა" ამ რგოლშიც სოლიდურად გამოიყურებოდა. "დინამო თბილისიდან" იჯარით გოგიტა გოგუაც აიყვანა.

"დილას" არ ჰყოლია პლეიმეიკერი, ანუ ისეთი გამორჩეული შუახაზელი, ვისზეც იტყოდით, თამაში მას მიჰყავსო.

აღსანიშნავია ისიც, რომ "დილას" საკმაოდ აგრესიული ფლანგელები ჰყავდა - რომან ახალკაცი და სანდრო გურული. ისინი, ფაქტობრივად, გარემარბები იყვნენ და მეტოქეებს საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიდნენ.

საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გიგა ბეჭვაია გამოირჩა. დიდი პოტენციალი აქვს ზურაბ არზიანს, ვინც ბოლო შეხვედრებში აღარ ჩანდა ძირითად შემადგენლობაში. "ვიტ ჯორჯია"-"დილას" მატჩში არზიანი მეორე ტაიმიდან ჩაერთო და შეიძლება ითქვას, რომ თამაშიც გააკეთა...

საინტერესო შუახაზელად წარმოაჩინა თავი მიხაილ გორელიშვილმა. რაც შეეხება გოჩა ხოჯავას, მას ტრავმიანობამ შეუშალა ხელი.

თავდასხმა
წინა სეზონში "დილას" შეტევაში პირველი კაცი მათე ვაწაძე გახლდათ. მან ორჯერ მოასწრო მოედანზე გასვლა მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, მერე კი დანიურ "ორჰუსში" გადავიდა.

"დილამ" ბრაზილიელ ნათან ჟუნიორს უხმო, ვინც ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა ვაწაძეს ნამდვილად ვერ შევადარებთ.

ძალიან საინტერესო შემტევია 20 წლის გიორგი ილურიძე, თუმცა ტრავმებმა არ მისცეს იმის საშუალება, სრულად გამოევლინა შესაძლებლობები.

საუკეთესო მატჩი
ასეთი "დინამოსთან" მოგებული თამაში იყო. გორელებმა ბოლო თოთხმეტ წუთში გატეხეს უჰრინის გუნდი. ჯერ ირაკლი მოდებაძემ იხეირა, მერე კი გურულმა პენალტით გაუტანა "დინამოს".

მასპინძლებმა სტუმრები უშანსოდ დატოვეს.

ყველაზე ცუდი მატჩი
ისევ "დინამო" უნდა ვახსენოთ. თბილისში "დილამ" საინტერესო ვერაფერი შემოგვთავაზა უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაში.

ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ მხოლოდ კარგი ფეხბურთელების თავმოყრით არ კეთდება გუნდი. "დილამ" 0:3 წააგო.

ლიდერი
ვაწაძის წასვლის შემდეგ ასეთი ფეხბურთელი "დილაში" ვერ დავინახეთ, თუმცა ლაშა სალუქვაძის თამაში მაინც უნდა გამოვარჩიოთ.

ევროსარბიელზე გამოცდილმა სალუქვაძემ მართლაც რიგიანად ითამაშა. ცხადია, საქართველოს ჩემპიონატშიც დიდად დაეხმარა "დილას", მაგრამ ლიდერი მაინც სულ სხვა რამეა...

მიზანი
აბა, რა გითხრათ?! "დილას" ჯერ ახალი მთავარი მწვრთნელიც კი არ ჰყავს; ბუნდოვანია, რა დაფინანსება ექნება კლუბს, ვინ დარჩება და ვინ წავა.

თუ ეს ყველაფერი მალე დალაგდება, მიზანიც მერე გამოჩნდება. მანამდე კი გაურკვევლობაა...

გორის დილა 2012/2013
მეკარეები: მარინ სკენდერი - 21 მატჩი, ბექა შეყრილაძე - 1 მატჩი;

მცველები:
დავით კვირკველია - 20 მატჩი, 2 გოლი; გიორგი ონიანი - 20 მატჩი, 3 გოლი; გიორგი შაშიაშვილი - 17 მატჩი, გულვერდ თომაშვილი - 15 მატჩი, 3 გოლი; ლაშა სალუქვაძე - 14 მატჩი, 1 გოლი; შოთა კაშია - 10 მატჩი, კახა ალადაშვილი - 6 მატჩი, 1 გოლი;

ნახევარმცველები:
გიგა ბეჭვაია - 19 მატჩი, 1 გოლი; ირაკლი კლიმიაშვილი - 18 მატჩი, 2 გოლი; გიორგი კახელიშვილი - 18 მატჩი, 3 გოლი; რომან ახალკაცი - 16 მატჩი, 4 გოლი; სანდრო გურული - 15 მატჩი, 2 გოლი; გოგიტა გოგუა - 14 მატჩი, 1 გოლი; ზურაბ არზიანი - 12 მატჩი, 1 გოლი; მიხეილ გორელიშვილი - 12 მატჩი, 1 გოლი; ლაშა გვალია - 9 მატჩი, 1 გოლი; გოჩა ხოჯავა - 5 მატჩი, ლეონარდო - 5 მატჩი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი - 4 მატჩი, ვალერიან კაციტაძე - 3 მატჩი, 1 გოლი; გიორგი აბურჯანია - 2 მატჩი, დათა მიქაძე - 1 მატჩი.

თავდამსხმელები: ნათან ჟუნიორი -13 მატჩი, 2 გოლი; ირაკლი მოდებაძე - 12 მატჩი, 4 გოლი; გიორგი ილურიძე - 3 მატჩი, მათე ვაწაძე - 2 მატჩი, 2 გოლი.

მწვრთნელები: თემურ შალამბერიძე ( I -IV ტური), გიორგი დარასელია (V -XII ტური).

დილას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
1 ტური
დილა-ვიტ ჯორჯია 0:1
2 ტური
დილა-ჩიხურა 2:3
3 ტური
დილა-სიონი 2:3
4 ტური
ზუგდიდი-დილა 0:0
5 ტური
დილა-დინამო 2:0
6 ტური
ზესტაფონი-დილა 0:1
7 ტური
დილა-მეტალურგი 3:0
8 ტური
ტორპედო-დილა 0:1
9 ტური
დილა-ბათუმი 2:0
10 ტური
კოლხეთი-დილა 0:3
11 ტური
დილა-მერანი 2:1
12 ტური
ვიტ ჯორჯია-დილა 0:2
13 ტური
ჩიხურა-დილა 0:2
14 ტური
სიონი-დილა 0:2
15 ტური
დილა-ზუგდიდი 3:0
16 ტური
დინამო-დილა 3:0
17 ტური
დილა-ზესტაფონი 1:0
18 ტური
მეტალურგი-დილა 0:2
19 ტური
დილა-ტორპედო 0:1
20 ტური
ბათუმი-დილა 1:2
21 ტური
დილა-კოლხეთი 1:0
22 ტური
მერანი-დილა 2:3

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგრე თუ დავიწყებთ მაშინ შარშანწინ დინამო იგივე ეტაპზე იყო და დინამოსაც ზოგიერთ თამაში რომ ნიჩია არ ეთამაშა მერე ვინ რომელზე და რამდენით გაასწრებდა ვნახავდით
geo-otari
06:36 13-01-2013
0
ესეც ქართული ოცნება ერთი ხელს მოსმით დილა გაანადგურეს
zaza
14:01 10-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული