ერთი კვირის ათასი წვრილმანი: შენახული ენერგია

AutoSharing Option
13 იანვარს გიორგი დემეტრაძეს გაათავისუფლებენ. ამნისტია ზოგადად ჰუმანური აქტია და ცხადია, დემეტრაძის ამბავიც სასიხარულოა.

დემეტრაძე რატომ გაეხვა შარში, ამაზე ახლა ნუღარ ვილაპარაკებთ, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული გამოუკერეს და ვინ იცის, რა როგორ იყო.
ქურდულ სამყაროსთან კავშირი და "ხელის მაზი" - დემეტრაძეს ამას აბრალებდნენ წინა ხელისუფლების მომხრეები, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ციხეში ჩასვეს.

დემეტრაძე კახა კალაძის მეგობარია, თუმცა გულშემატკივარს ის სულ სხვა რამის გამო უყვარდა - ფინტები, გოლები და ის მუხტი, რაც მას შემოჰქონდა მოედანზე გასვლისას. დემეტრაძის თამაშისგან სიამოვნების მიღება შეიძლებოდა.

მისი პასით გაუტანა გოლი რუსეთის ნაკრებს მალხაზ ასათიანმა, რუსეთთან გამარჯვება კი ერთ-ერთ იშვიათი გამონათება იყო საქართველოს ნაკრებისთვის.

იყო "ჰემპდენ პარკიც", საქართველო გლაზგოში შოტლანდიას სტუმრობდა, პირველ ტაიმში დემეტრაძემ ბდღვირი ადინა სქოთებს, საგოლე გადაცემითაც დააჯილდოვა შოთა არველაძე.

რომელი ერთი გავიხსენოთ...

"დემე" გარემარბი იყო, ფლანგზე მომტყუებელი, პენალტის თუ ჯარიმის უზადოდ შემსრულებელი. მას გოლებიც გაჰქონდა, 1999 წელს რუსეთის ჩემპიონატის მთავარმეგოლეც კი შეიქნა. კიევის "დინამოში" რომ თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი გოლი გაუტანა მიუნხენის "ბაიერნს".

დემეტრაძეს არაჩვეულებრივი იუმორი აქვს და ნაკრებში მისი ჩამოსვლა ყველას უხაროდა, გუნდში დადებითი აურა შეჰქონდა.
საქართველომ ალბანეთს 2:0 რომ მოუგო, ალენ ჟირესმა პრესკონფერენციაზე თქვა, არ მეგონა, თუ დემეტრაძე თავით შეაგდებდა გოლსო.

ტანმორჩილი "დემეს" იუმორი გადამდებიც იყო.

დემეტრაძეს ევროპული შანსიც ჰქონდა, "ფეიენოორდშიც" ითამაშა და "რეალ სოსიედადშიც". მან ფეხბურში თითქმის ყველაფერი გამოიარა.

დემეტრაძე საქრთველოს შვილია, ჩვენს ქვეყანაში კი ყველაფერი განსაკუთრებულად რთულია, მათ შორის ფეხბურთელობაც. არაერთი ქართველი ფეხბურთელი ვიცი, ფული რომ უშოვნია და მერე ტოტალიზატორის თამაშით ისე გართულა, რომ გემბლერი გამხდარა.

გემბლერებს კი იმათ ეძახიან, "ხელის მაზის" თუ ტოტალიზატორისა გარეშე ცხოვრება რომ არ შეუძლიათ, ნარკომანივით დამოკიდებულები არიან.

არაერთ ქართველ ფეხბურთელს ამის გამო სახლ-კარი გაუყიდია, რაც ოქრო და ვერცხლი ჰქონია, ბანკში ჩაუდია, ზოგისთვის "ხელის მაზი" მხოლოდ თამაში არ იყო, ეს მაგარ ბიჭობასაც ნიშნავდა.

დემეტრაძე კი დაიჭირეს. დაიწერა წერილი, რომლითაც ქართული საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები წინა ხელისუფლებას დემეტრაძის გათავისუფლებას თხოვდნენ. სანდო და კონფიდენციალური წყარო იმასაც გვეუბნებოდა, ეროვნული ნაკრებიდანაც იყო არაოფიციალური თხოვნა დემეტრაძის გათავისუფლებაზეო.

ფაქტია: არაფერმა არ გაჭრა, სანამ ქვეყანაში ცვლილებები არ მოხდა, არადა დემეტრაძის ციხიდან გამოშვება კარგი საჩუქარი იქნებოდა საფეხბურთო მილეთისთვის.

ახლ კი უკვე იმასაც ამბობენ, დემეტრაძე ციხიდან რომ გამოვა, ბოლნისის "სიონში" იმუშავებსო. ასეა, ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება.

* * *
Sportall.Geამასობაში დისკვალიფიკაცია მოისტუმრა ლევან კობიაშვილმა და "ვოლფსბურგის" მეორე გუნდთან გამართულ ტესტ-მატჩშიც ითამაშა.

კობიაშვილის "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა და აღზევებისთვის იბრძვის. კობიაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში უმთავრდება და ცხადია, მოტივაციაც შერჩენილი აქვს - კიდევ ერთხელ ითამაშოს ბუნდესლიგაში.

უსამართლობები ყველგან ხდება, მათ შორის სანიმუშოდ დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყნებშიც. ოტო რეჰაგელმა კობიაშვილს "ჰერტაში" კაპიტნის სამკლავური გაუკეთა, ასეთ ნდობას კი მაღალი რეპუტაცია სჭირდება.

დემეტრაძის დაპატიმრებას და კობიაშვილის დისკვალიფიკაციას ზოგი ავტომექანიკოსის გულრგილობით უყურებდა, თუმცა ესეც ალბათ ცხოვრების ნაწილია.

კობიაშვილის დისკვალიფიკაცია მართლაც შემთხვევითობა იყო, "კობი" შემთხვევით დაეჯახა ვოლფგანგ შტარკს - ამ ამბავს ყველა ასე ჰყვება, ჩვენებურის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არც "ჰერტას" დაუყენებია.

კობიაშვილის და დემეტრაძის ამბავი ძალაუნებურად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანმა უნდა შეინახოს ენერგია შემთხვევითობისთვის, რადგან მას გამოფიტული არ შეხვდეს უბედური ბებერივით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დემეტრაძე და ლადო ბურდული ბოლნისის "სიონს" ჩაიბარებენ?
გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"
ლევან კობიაშვილი: ამდენი თვის შემდეგ პირველად ვითამაშე. კარგი განცდა იყო
ლევან კობიაშვილი გერმანიაში 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს
ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეებს ბოდიალობ ავტოოორ
axlaxl
04:34 13-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული