ნუკრი კაკილაშვილი რვა ოპერაციის შემდეგ: ჩემს წინაშე დანაშაული ჩაიდინეს!

AutoSharing Option
ამ ცოტა ხნის წინათ ნუკრი კაკილაშვილი ისე მძიმედ იყო, რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა...

კაკილაშვილი 1981 წლის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია, დიუსელდორფის ფინალის ერთ-ერთი გმირი. ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლში კაკილაშვილმა არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა, მეტოქე მცველი დაბლოკა და დარასელიას საგოლე დარტყმაში ხელი შეუწყო.

ფეხბურთელობის შემდეგ კაკილაშვილი ისევ ფეხბურთში საქმიანობდა, იყო თბილისის "დინამოს" დირექტორატის წევრი, ეროვნული სტადიონის დირექტორი...

ვისაც კაკილაშვილის ფეხბურთელობა არ ახსოვს, მათთვის ვიტყვი, რომ ის იყო რბილი მანერით მოთამაშე შემტევი შუახაზელი, აზრიანი და ტექნიკური...

ნაავადმყოფარ კაკილაშვილს ჯერ მოძრაობა უჭირს და შინ
ვესტუმრეთ ინტერვიუსთვის. მას ბევრი საინტერესო ისტორიის მოყოლა შეუძლია, თუმცა ავადმყოფობის დროს იმდენი გადაიტანა, რომ დიდი ხნით არ შეგვიწუხებია...

- პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე გკითხავთ. გულშემატკივრისთვის უინტერესო ვერ იქნება ნუკრი კაკილაშვილის ამბავი...
- ჩემი ახლანდელი მდგომარეობა იმასთან რა მოსატანია, რა დღეშიც ვიყავი ჩავარდნილი. თავს ახლა ჯერაც სუსტად ვგრძნობ, ფეხის კუნთები ტონუსშია მოსაყვანი. ნაღვლის ბუშტში კენჭები მქონდა და შეტევა მომივიდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ ამის შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა. ინგოროყვას კლინიკაში ვიწექი და შეიძლება იმის თქმა, რომ ჩემ წინაშე დანაშაული ჩაიდინეს. ერთი დღეც რომ დამეგვიანებინა, აღარაფერი მეშველებოდა.

- და რა მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ?
- შოთა არველაძის დახმარებით, თურქეთიდან თვითმფრინავი გამომიგზავნეს და სტამბულში, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გადამიყვანეს. ჯერ რეანიმაციაში მიმიყვანეს, მერე კი პალატაში გადამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს. ეს ჩემთვის უკვე მე-8 ოპერაცია იყო. პირველი შვიდი ოპერაცია თბილისში გამიკეთეს და ხომ წარმოგიდგენიათ, ამდენი ოპერაციის შემდეგ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.

- ბოლო დროს ფეხბურთში აღარ ჩანდით. სხვა სფეროში საქმიანობდით?
- წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში ვიყავი და ფეხბურთში არაფერს გამაკარეს, ამიტომაც არ ვჩანდი. როგორც კი გამოვკეთდები, ისევ ფეხბურთში ვაპირებ დაბრუნებას. ზუსტად არ ვიცი, თუ კონკრეტულად რას გავაკეთებ. ქართულ ფეხბურთში, ალბათ, ჩემთვისაც მოიძებნება საქმე. მანამდე კი უნდა მოვმჯობინდე, რასაც დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება.

- ეროვნული სტადიონის დირექტორი რომ იყავით, მერე ისევ ფეხბურთში გააგრძელეთ გზა...
- სტადიონის დირექტორი რომ ვიყავი, ცუდად მომექცნენ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში გამიშვეს. ალბათ, გახსოვთ, რაც მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ არჩევნებში, რომელშიც უმცროსი ნოდარ ახალკაცი და გია ნემსაძე მონაწილეობდნენ.

არჩევნებზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციისგან დელეგატი მე ვიყავი და მხარი ნემსაძის კანდიდატურას დავუჭირე. ამის გამო თბილისის ფეხბურთის ფედერაციიდანაც გამიშვეს, პრეზიდენტად კი ზაზა ბეგაშვილი მოიყვანეს, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. აი, ასე იყო საქმე...

- რამდენიმე თვის წინ აქტუალური გახდა თბილისის "დინამოს" თემა - კლუბის ძველი დამფუძნებლები საკუთარი ინტერესების დაცვას აპირებდნენ. "დინამოს" ძველ დირექტორატში თქვენც იყავით...
- გვსურს, რომ კვლავ დავუბრუნდეთ ამ თემას. ჩხუბი და დაპირისპირება არავისთან არ გვინდა; უბრალოდ, ვაპირებთ, რომ "დინამოს" ახლანდელ ხელმძღვანელობას დაველაპარაკოთ.

- "დინამოს" ამბებზე ბევრია მითქმა-მოთქმა. ზოგი მიიჩნევს, რომ საქმეს კარგად ვერ უძღვებოდით, კლუბს შეღავათები ჰქონდა დაწესებული კომერციული საქმიანობისთვის და ამას "დინამოს" ხელმძღვანელობა არაკეთილსინდისიერად იყენებდაო...
- ყველანაირი საბუთი წესრიგში გვაქვს. სწორედ ამ შეღავათის წყალობით ვინახავდით გუნდს. ძალიან ბევრი რამ მოგვიგონეს. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს კახა თარგამაძეს მთავრობის სხდომაზე კახი ასათიანმა მიაყენა შეურაცხყოფა. როგორც ჩანს, თარგამაძემ ეს გულში ჩაიხვია, მერაბ ჟორდანია ხომ კახი ასათიანის სიძე იყო და თარგამაძეც გადაგვეკიდა...

- მოდით, 1981 წლის 13 მაისი ერთხელაც გავიხსენოთ. შეცვლაზე რომ შედიოდით, რა დავალება მოგცათ ნოდარ ახალკაცმა?
- ვაგებდით და ახალკაცმაც მაშინ დამიძახა, მითხრა, სვანაძე ფლანგზე პასიურად გამოიყურება, შენ კი აქტიურად უნდა ჩაერთო თამაშშიო. ამას რომ მეუბნებოდა, გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, მერე კი რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის.

- ის ეპიზოდიც გავიხსენოთ, დარასელიას რომ დაეხმარეთ გოლის გატანაში...
- ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მეტოქის დაბლოკვის გადაწყვეტილება მეათედ წამში მივიღე.

- თამაშის შემდეგ ახალკაცმა რა გითხრათ?
- განსაკუთრებული არაფერი. მატჩის შემდეგ მე და გუცაევი დოპინგ-კონტროლზე გაგვიყვანეს. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ ორი საათი ვერ მოვშარდეთ სადოპინგო ტესტისთვის და ამის გამო დავაგვიანეთ მატჩისშემდგომ ბანკეტზე.

- დიუსელდორფის ერთ-ერთი გმირი რომ გახდით, ოცი წლის იყავით. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ნოდარ ახალკაცს ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი? რა მიმართულებით მუშაობდა ის "დინამოს" ახალგაზრდებთან?
- ახალკაცი მართლაც ძალიან კარგი მწვრთნელი იყო, ახალგაზრდებთან კი, ცოტა არ იყოს, მძიმე ურთიერთობა ჰქონდა, სულ წნეხის ქვეშ ვყავდით. ვარჯიში, მერე ტრენაჟორი და შტანგა, კედელთან მუშაობა ტექნიკაზე...

ახალკაცი მუყაითი კაცი იყო, ფაქტობრივად, ბაზაზე ცხოვრობდა, ანდრო ჟორდანიას ბაძავდა ყველაფერში. ახალგაზრდებს ფეხბურთის გარდა, დროს არაფრისთვის არ გვიტოვებდა. მაშინ ეს ჩვენ არ მოგვწონდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ახალკაცი ალბათ სწორად აკეთებდა ყველაფერს.

- ნუკრი კაკილაშვილისგან გულშემატკივარი გაცილებით მეტს ელოდა...
- ახალკაცმა არ გამამწესა იმ პოზიციაზე, სადაც ბავშვობიდან ვთამაშობდი - უკანდახეულ შემტევად, მერე პლეიმეიკერი რომ დაარქვეს. საქმე იმაშია, რომ სვანაძის შემდეგ მაშინდელ "დინამოში" ტესტი გამძლეობაზე ყველაზე კარგი მე მქონდა და მწვრთნელმაც ალბათ მაგიტომ ჩათვალა საჭიროდ კაკილაშვილის ფლანგზე გამწესება, მაგრამ როცა პოზიციას გიცვლიან, საკუთარ თამაშს კარგავ.

- ახლა რას ხედავთ საინტერესოს ქართულ ფეხბურთში? ამ კითხვას ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშებიდან გამომდინარეც გისვამთ.
- საინტერესოს ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ. 60-იან წლებში დაბადებულებით კარგი თაობა წამოვიდა ქართულ ფეხბურთში. მერე იყო 70-იან წლებში დაბადებულთა თაობა: ჯამარაული, არველაძე, ქინქლაძე...

ახლა კი ასეთ პლეადას ვერ ვხედავ. თუ თაობა არ წამოვიდა, მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
შეიძლება, კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სტადიონის დირექტორობის დროს სარემონტო სამუშაოებზე მუშებს ხელფასებს არ უხდიდაო, მსმენია... რა ვიცი, რა ვიცი... ცოდვებით ვიმძიმებთ სულს ცხოვრების მანძილზე და მხოლოდ განსაცდელისას გვახსენდება ღმერთი, ეეეჰ!..
intrigani
16:07 24-01-2013
0
ძალიან კარგი პიროვნებაა და კარგი ოჯახის შვილია))))გისურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებებს
qetevani
17:36 24-01-2013
0

სიახლეები პოპულარული