თვალსაზრისი: თემურ ქეცბაიას ინიციატივის ესტონური მოდელი

AutoSharing Option
ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდები იბადებიან. შესაძლოა, ვიღაცას ეს შეხედულება გადაჭარბებული ჰგონია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში ბევრად უფრო წარმატებით ასპარეზობენ, ვიდრე ეროვნული ნაკრები.

საქართველოში სხვადასხვა დროს გვსტუმრობდნენ მილანის "ინტერის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯან-ფრანკო ბედინი, "აიაქსისა" და "ბაიერნის" მთავარი სკაუტები, ფიფას ინსტრუქტორი ოლდრიხ შვაბი და ყველა მათგანი ამბობდა, რომ ბევრგან არ უნახავთ იმდენი ნიჭიერი ბავშვი, რამდენიც საქართველოში.

იმავე აზრისაა თბილისის "დინამოს" ლიდერი, ესპანელი ჩისკოც.

თუმცა ეს ნიჭი წყევლასავით გვექცა, გვაქვს და ვერ ვიყენებთ. დიდი ხანია, მიდის
მსჯელობა, ქართული ფეხბურთის პოტენციალი როგორ გამოვიყენოთ. ალბათ, ამას ემსახურებოდა კიდეც 14 იანვარს ფეხბურთის ფედერაციაში 12-თა საბჭოს წევრებთან თემურ ქეცბაიას მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელების მეტ დასაქმებას გულისხმობდა.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უმაღლესი ლიგის გუნდებს ძირითად შემადგენლობაში 21-წლამდელი 2 ახალგაზრდის თამაშის დაკანონება შესთავაზა.

ქეცბაიას აზრით, ასეთი გადაწყვეტილებით, ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატები სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ და გაიზრდებიან.

კლუბების წარმომადგენლებს შეთავაზებაზე არაერთგვაროვანი პოზიცია ჰქონდათ: "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მხარდაჭერა გამოხატა, რუსთავის "მეტალურგის" გუნდის უფროსი ირაკლი ქავთარაძე კი ახალგაზრდების კანონის ძალით დასაქმება-გამოყენებაში გამოსავალს ვერ ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, ამან კლუბებში უხერხულობა გამოიწვიოს.

ჯერ კლუბებს ამ წინადადებაზე საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ამიტომ საინტერესო უნდა იყოს ამ კუთხით ესტონელთა გამოცდილებისა და ინიციატივების გაცნობა.

ეს ბალტიური ქვეყანა იმ იშვიათ გამონაკლისებს განეკუთვნებოდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გუნდი არასოდეს ჰყოლია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ესტონეთის ნაკრებმა გასაოცარ პროგრესს მიაღწია: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პლეი ოფამდე მივიდა!

Sportall.Geესტონეთში სულ 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ცხადია, მწირი საფეხბურთო რესურსი აქვთ, თუმცა ამას მაქსიმალურად იყენებენ. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აივარ პოლაკმა ფეხბურთის განვითარების პროგრამა შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა.

მისი მოთხოვნით, ყველა სოფელში მიავლინეს მწვრთნელები და გუნდები ჩამოაყალიბეს, შერჩეული ფეხბურთელებისგან შედგენილი ნაკრებები კი ტალინში რეგიონთა თასზე მონაწილეობენ.

პარალელურად, პოლაკმა მწვრთნელები მიიწვია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ირლანდიიდან, რომლებიც არა მხოლოდ კლუბებსა და ნაკრებებში მუშაობდნენ, არამედ ადგილობრივი სპეციალისტების გაზრდაზეც ზრუნავდნენ და დღემდე ზრუნავენ.

ეს პროცესი წლები გრძელდებოდა, ერთი სეზონიც არ ჩაუგდიათ და შედეგიც მიიღეს.

დროთა განმავლობაში წამოიზარდა საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეთა და მწვრთნელთა თაობა. ესტონეთში ოდესღაც არაპოპულარული ფეხბურთი დღეს კონკურენციას უკვე კალათბურთს უწევს, რაც ჩრდილოეთის ცივ ქვეყანაში დიდი მიღწევაა.

ამიტომ დავინტერესდით ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ინიციატივით, რაც ასევე ადგილობრივი მოთამაშეების გაზრდის სურვილით არის განპირობებული და ქეცბაიას ჩანაფიქრის სხვაგვარ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ამიერიდან ესტონეთის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისთვის იმოქმედებს ახალი კანონი, "ესტონეთში მომზადებული მოთამაშეების" შესახებ.

"ესტონეთში მომზადებული მოთამაშის" სტატუსი მიეკუთვნება მას, ვისაც ამ ქვეყნის ნაკრებებში თამაშის უფლება აქვს, ქვეყნის მოქალაქეა და ესტონეთში 7 სეზონი უთამაშია.

"2013 წლიდან კლუბები ვალდ
ებულები არიან, 30 მოთამაშიდან 24 იყოს "ესტონეთში მომზადებული". მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ფეხბურთისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მოთამაშეების დონის ზრდას ხელს შეუწყობს.

ლაპარაკია არა მხოლოდ მათ რაოდენობაზე, არამედ მომზადების ხარისხსა და სათამაშო პრაქტიკაზეც.

ჩვენი ნაკრებები წარმატებულები მხოლოდ მაშინ იქნებიან, თუ ესტონელ მოთამაშეებს გაზრდაში ხელს გარემოც შეუწყობს. 2015 წლიდან კლუბები ვალდებულები იქნებიან, განაცხადში "ესტონეთში მომზადებული" 25 მოთამაშე შეიყვანონ, 2017-ში კი - 26",
- განაცხადა პოლაკმა.

გარდა ამისა, 2015 წელს ამოქმედდება "კლუბში მომზადებული მოთამაშის" სტატუსი. კლუბები ვალდებულები იქნებიან, განაცხადში საკუთარი გაზრდილების კონკრეტული რაოდენობა შეიყვანონ. ლაპარაკია მოთამაშეებზე, რომლებიც 12-იდან 21 წლამდე კლუბში არანაკლებ 4 სეზონი ვარჯიშობდნენ. 2015 წელს განაცხადში ასეთი, მინიმუმ, ერთი მოთამაშე მაინც უნდა იყოს, 2018 წელს - 2, 2021 წელს კი - 3.

ვფიქრობთ, ესტონელთა ინიციატივები ყურადღებას იმსახურებს და თუ ქეცბაიას მოსაზრებასთან "დავამყნობთ", საინტერესო და, რაც მთავარია, მისაღები სინთეზი გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბსოლუტურად სწორია, ეს იდეა შედეგს გამოიღებს.
0
არანაირ შედეგს არ გამოიღებს.
16-20 წლის ახალგაზრდებს საქართველოში ზრდის საშუალება არა აქვთ. მხოლოდ რამდენიმე (!) შეიძლება მოხვდეს ისეთ გარემოში (დუბლების ჩემპიონატი, პირველი ლიგა), სადაც პრობლემა არ იქნება ბურთი, მოედანი და შხაფი. დანარჩენზე არც ვლაპარაკობ!
თუ ეს გარემო არ შეიცვალა, თითო კლუბში (სულ თორმეტია) 2 კაცის განაცხადში შეყვანა ვერაფერს შეცვლის. აი, ვერაფერს აბსოლუტურად! ისედაც ყავთ 2-2 კაცი განაცხადში, რა პრობლემაა? გადახედეთ და დარწმუნდებით.
უაზრო ლაპარაკი და წყლის ნაყვა ქვია ამას!
dudu
12:17 01-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული