კვირის 1000 წვრილმანი: დარეტიანებული შმეიხელი

AutoSharing Option
ფეხბურთში მთავარია შედეგი და გოლი, ოღონდაც ეს მაინც არითმეტიკასთან მიდის. ეს ისეთი რამეა, რაც დაითვლება.

ვერავინ დათვალა ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავები - ფეხბურთშიც არის ისეთი რამეები, რაც დათვლას არ ექვემდებარება.

არის ეპიზოდები, რითაც ფეხბურთელი სამუდამოდ დაგამახსოვრდება და აღარ აქცევ იმას ყურადღებას, რამდენჯერ მოიგო თასი, ჩემპიონობა და რამდენი გოლი გაიტანა.

არასდროს დამითვლია, რამდენი კეპი და გოლი აქვს მონაგრებული საფრანგეთის ნაკრებში პატრიკ ბატისტონს, მაგრამ იმას რა დამავაწყებს, თუ როგორ ჩაუმტვრია სახე მას ტონი შუმახერმა - ბატისტონი მაშინ სიკვდილს გადაურჩა.

VideoSportall.Ge
ბატისტონ
შუმახერი


იმავე, 1982 წელს მარკო ტარდელიმ ფინალში გერმანიას რომ გაუტანა გოლი, ეს ისე ემოციურად აღნიშნა, რომ იქ გამოკვეთა საკუთარი სახე დიდ ფეხბურთში.

VideoSportall.Ge
მარიო ტარდელის გოლი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში


ან იმას რა დამავიწყებს, ნიუკასლელმა თემურ ქეცბაიამ "ბოლტონს" რომ შეუგდო ბურთი და მერე სარეკლამო ბანერს რომ ურტყამდა ფეხს...

VideoSportall.Ge
თემურ ქეცბაიას გოლი ბოლტონის კარში


ჩვენთან კი ხელახლა ალაპარაკდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე. ისე ჩანს, რომ ფედერაციის ამ გუნდის მთავარი ოპონენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება და ალბათ წამოაყენებს კიდეც საკუთარ კანდიდატურას ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე თუ ვადიან არჩევნებზე.

და რატომ მაინცდამაინც ყაველაშვილი? შესაძლოა იმიტომ,. რომ ის წლობით გახლდათ ფეხბურთის ფედერაციის ბოლო ორი პრეზიდენტის ოპონენტი.

კრიტიკა და საჭირბოროტო თემებზე დისკუსია სწორედაც რომ საქმეა. იყო ასეთი პოლიტიკური სლოგანი: "საქმე ლაპარაკის ნაცვლად". სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე არ მომწონდა ეს ლოზუნგი, რადგან ლაპარაკი თავისთავად საქმეა, თუ სწორად ლაპარაკობ. პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი საქმე კი სწორად, დახვეწილად, დამაჯერებლად ლაპარაკია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებიც საქართველოში პოლიტიკურ ბატალიებს დაემსგავსა.

განსხვავებაც არის - პოლიტიკოსს ხმას მოსახლეობა აძლევს, ფედერაციის პრეზიდენტს კი ფედერაციის სუბიექტები. ამიტომაც, აქ მხოლოდ ლაპარაკი ვერ გაჭრის.

ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო კლუბები, კერძო კლუბები და რეგიონალური ფედერაციები - სუბიექტებს მეტწილად ესენი შეადგენენ. დღეს საბიუჯეტო კლუბები და რეგიონალური ფედერაციები დათრგუნულები არ იქნებინ და ალბათ არც ისეთი ზეწოლა იქნება მათზე, როგორც ეს ცოტა ხნის წინათ იყო.

იმედია, კერძო სექტორმაც ამოისუნთქა დაძაბულობისგან და არჩევანის გაკეთების დროს, უწინდელზე მეტი თავისუფლება ექნება.

მოკლედ, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება ახლა უფრო რთული იქნება, ვიდრე ადრე იყო და შესაბამისად, ლაპარაკის გარდა სხვა საქმეც იქნება კრიტერიუმი: ფეხბურთელობის გარდა რა გაგიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის.

ფედერაციის პრეზიდენტობა ჩინოვნიკობაა და როცა ამ თანამდებობას უმიზნებ, ჩინოვნიკური გამოცდილებაც უნდა იყოს საჭირო. სხვა კრიტერიუმიც არსებობს: რა თანხა გაქვს დახარჯული ქართულ ფეხბურთში.

თუ ამ კუთხით მივუდგებით საკითხს, "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე 15 წელი ხარჯავს საკუთარ ფულს ამ საქმეში და რითი უნდა იყოს მასზე უკეთესი ყაველაშვილი ან ფედერაციის პრეზიდენტობის რომელიმე სხვა მსურველი?

Sportall.Geჩინოვნიკური გამოცდილება, დახარჯული ფული - რა არის ყაველაშვილის აქტივში?

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყაველაშვილი თუ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, ეს აქტუალური და მოსალოდნელი უნდა იყოს - სიტუაცია სწორედ აქეთკენ მიდის, ეს ყველაფერი თითქოს მომწიფებულია.

ყაველაშვილს არაერთხელ მოუგია საქართველოს ჩემპიონობა, რუსეთის ჩემპიონიც გამხდარა და შვეიცარიისაც, ნაკრებშიც გამოუჩენია თავი.

ალესანდრო ნესტას რომ თავზე გადაატარა ბურთი, ეგეც კარგად გვახსოვს და ისიც, პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში რომ გაიტანა გოლი.

ოღონდაც ყველაზე უფრო მაინც დარეტიანებული პეტერ შმეიხელი მახსენდება - ყაველაშვილის ახლოდან დარტყმული ბურთი თავში რომ მოხვდა და მოსასულიერებელი შეიქნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული