გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?

AutoSharing Option
ბოლო დროს ფეხბურთის განვითარების რამდენიმე პროექტი შემოგვთავაზეს.

გორის "დილას" მენეჯერის, გია ისიანის ვარიანტი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ლაპარაკობს სახელმწიფო კლუბების მომავალზე და როგორ შეიძლება ისინი ბიზნესისთვის საინტერესო გახდნენ, პროექტის განხორციელებას კი 2-3 წელიწადში (2013-2016 წლებში) რეალურად მიიჩნევს.

გია ისიანი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და თბილისის "დინამოში", თანაც, კარგად იცნობს თანამედროვე ფეხბურთსა და უეფას ლიცენზირების მოთხოვნებს.

სახელმწიფო კლუბები უნდა არსებობდნენ
შესაძლოა, სახელმწიფო გუნდების არსებობა კერძო გუნდების ინტერესებს არ პასუხობს, რადგან უეფას ტურნირებში მოსახვერად დიდი კონკურენციაა.

ეს კერძო კლუბების ფინანსურ
რისკებზე დიდ გავლენას ახდენს. საქართველოში კერძო კლუბებისთვის ერთ-ერთი შემოსავალი ხომ ევროტურნირებში მონაწილეობაა.

გასაგებია კერძო კლუბების პოზიციაც, რომ მათი გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება მათივე კონკურენტი სახელმწიფო კლუბები. თუმცა, ბიუჯეტში გადასახადი ასეთებსაც შეაქვთ.

ან რა არის ცუდი იმაში, ორი სახელმწიფო კლუბი, "დილა" და "ზუგდიდი" რომ მოხვდა საუკეთესო ექვსეულში? კერძო კლუბებს ევროსაგზურების მოპოვებაში კონკურენტები გაუჩნდათ.

აზრი, რომ სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს კლუბებს - არასწორია! სპეკულირება, რომ უეფა სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსებას ეწინააღმდგება, სრული სიცრუეა, არის მხოლოდ უეფას რეკომენდაცია.

"ჩვენ მივესალმებით ფეხბურთში ნებისმიერ ინვესტიციას, იქნება ეს სახელმწიფო ორგანოების თუ საჯარო ან კერძო ორგანიზაციების" - ასეთია უეფას რეკომენდაცია.

რა არის ცუდი დილას წარმატებაში?
გორში საფეხბურთო ბუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფომ კლუბს ხელი მოჰკიდა. შედეგად, კლუბი საქართველოს თასის მფლობელი გახდა და ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა.

გორის "დილა" დღეს შემდგარი გუნდია: ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, გამართულია ინფრასტრუქტურა, სტადიონი, ჰყავს ერთგული ფანკლუბი, აქვს საფეხბურთო სკოლა (გორში 245-250-ის ნაცვლად, ახლა 500-მდე ბავშვი ვარჯიშობს)... სახელმწიფოს ინვესტიციამ მოგვცა ის, რომ 2013 წლის მაისიდან გორის "დილას" ტექნიკური სპონსორი ეყოლება!

თუ ამას დავამატებთ მეტ პროფესიონალიზმსა და ფინანსებს, მაღალი დონის პროფესიონალურ კლუბს მივიღებთ. "დილას" ცოტა აკლია
საიმისოდ, რომ ქართველი თუ უცხოელი ბიზნესწრეების ინვესტირების ობიექტი გახდეს.

გორის "დილას" თამაშებს 3-4 ათასი მაყურებელი ესწრება, რაც კიდევ ერთი კარგი პირობაა მარკეტინგული თვალსაზრისით და მიმზიდველია ინვესტორისათვის. "დილას" ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში სისტემატიურად იწვევდენ, რაც ფინანსურად მომგებიან კლუბად გადააქცევს...

წარუმატებლობის მიზეზები, ანუ გადამზადების ცენტრებზე
ამის მიუხედავად, მეშინია, მალე "დილა" ისევ ძველი დილემის წინაშე არ აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ წლებია, ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე საუბარი საუბრადვე რჩება, მწვავედ დგას ბავშვთა ფეხბურთის, კლუბის განვითარების, რეგიონებში ადგილობრივების აღზრდის პრობლემები.

ამას სახელმწიფოს მხრიდან არაპროგრესირებადი წინაპირობა განაპირობებს. რეგიონებში ფეხბურთის განვითარების პროგრამა ხანმოკლეა და ფეხბურთელებთან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტები ფორმდება, ვინაიდან, კლუბს არ აქვს უფრო გრძელვადიანი დაფინანსების გარანტია და ყოველი წლის დასაწყისში ახალი ბიუჯეტის მოლოდინშია. ხშირ შემთხვევაში, ეს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თუ გამგებლის პირად შეხედულებაზეა დამოკიდებული.

აქედან გამომდინარეობს სამწუხარო რეალობაა - სახელმწიფო ერთი წლის განმავლობაში ინვესტიციას დებს ფეხბურთელში. როდესაც ის უკეთეს დონეზე სათამაშოდ მოემზადება, სწორედ მაშინ უმთავრდება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსით ავტომატურად გადადის კერძო კლუბში.

ვინც ძლიერი კლუბების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, უბრუნდება სახელმწიფო გუნდებს, რომლებიც ფეხბურთელების გადამზადების ცენტრს ემსგავსება - ეს ხდება სახელმწიფოს ხარჯზე და ფაქტია, რომ ერთწლიანი პროგრამა არ მუშაობს.
რეგიონებში მაყურებლის ინტერესი დიდია მაშინ, თუ მოასწრებს ამ თუ იმ ფეხბურთელის გაცნობას და მის შეყვარებას. დღეს კი, ხშირ შემთხვევაში, მაყურებლები ფეხბურთელს სახეზეც ვერ ცნობს.

ასეთ პირობებში სახელმწიფოს ინვესტიცია აზრს კარგავს, ვინაიდან ერთი წლის შემდეგ, რეგიონის კლუბი ახალ ფეხბურთელს ანალოგიურად დაკარგავს, თავად ვერ ძლიერდება და ერთ ადგილს ტკეპნის. ეს ერთერთი მიზეზია, ასეთი კლუბები წასულ ფეხბურთელებში კომპენსაციას ვერ, ან ძალიან მწირად რომ იღებენ.

გამოსავალი გარანტიებია
თუმცა როგორ უნდა გახდნენ დაფინანსებაზე მყოფი კლუბები ინვესტიციისთვის მიმზიდველი? ეს კითხვა იქნება სულ, თუ პროფესიულ კლუბებად არ ჩამოყალიბდებიან და მათი განვითარების პროგრამა არ ამუშავდება.

სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსება ათწლეულები ვერ გაგრძელდება. პროექტის მთავარი ამოცანაა - შეიქმნას პლატფორმა, რათა უკვე აწყობილ კლუბებს ღირსეული ბიზნეს-პარტნიორები გამოუჩნდნენ.

მანამდე კი სახელმწიფოს გუნდები არ უნდა იყვნენ გაურკვეველ მდგომარეობაში. გამოსავალი მინიმუმ, 2-3 წლიანი გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსება იქნებოდა. აწყობილი ინფრასტრუქტურა და სტაბილურად მზარდი კლუბი კი მიმზიდველი გახდება.

სახელმწიფო სწორ რელსზე დააყენებს ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და ისინი გარკვეული ვადის შემდეგ განვითარებას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია, შეიქმნას რეგიონების საფეხბურთო კლუბების მრავალწლიანი განვითარების გეგმები და სახელმწიფო სუბსიდია მის შესრულებას მოხმარდეს.

...სახელმწიფო კლუბებს ფეხბურთელის შესანარჩუნებლად მეტი ბერკეტები უნდა ჰქონდეთ: ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, უნდა დაიწეროს ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა იმ შემთხვევისთვის, თუ მას კონტრაქტის პერიოდში სხვა კლუბში გადასვლა მოუნდება. შესაბამისად, სატრანსფერო თანხა მთლიანად კლუბის ანგარიშზე ჩაირიცხება. 2-3 წლიანი კონტრაქტი კი გუნდებს საშუალებებს მისცემს, სატრანსფერო თუ შიდა პოლიტიკა თავად მართონ.

რეგიონებში კლუბების მხრიდან მეტად უნდა მოწესრიგდეს ურთიერთობა მედიასთან(ტელევიზია, პრესა), გაცილებით მეტი დრო უნდა დაეთმოს სპორტულ გადაცემებს, მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს ადგილობრივი კლუბების შესახებ, როგორც სატრანსფერო, ასევე კლუბის შიდა სხვა სიახლებით. ამისათვის კლუბებს კარგად გამართული ვებ-გვერდიც სჭირდებათ!!!

რა შედეგებს მივიღებთ?
ასეთი მიდგომებით, საქმე გვექნება პროფესიულად გამართულ ორგანიზაციასთან, და არა ერთწლიან, არაპერსპექტიულ გუნდთან, რომელმაც არ იცის, ერთი წლის შემდეგ რა იქნება, არ აქვს განვითარების პროგრამა, მიზანი, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა, ინფრასტრუქტურა და საერთოდ, არ აქვს მისთვის მორგებული სტრატეგია.

პროექტის გამართული მოქმედება დღევანდელ წამგებიან გუნდს გადააქცევს მომგებიანად, პარალელურად, რეგიონებიდან ახალგაზრდა ფეხბურთელთა მიგრაცია შეწყდება, ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, ჩვენი ეროვნული ნაკრებები კი შევსებას რეგიონებიდანაც მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მშვენივრადაა აღწერილი სახელმწიფოს როლი, ქართულ ფეხბურთში... მთავარია შეჯერდეს და სხვა მოსმენილ, თუ ნანახი პროგრამები... სპორტის სამინისტრომაც თავისი დაამატოს, როგორც ვიცი ისინიც მუშაობენ პროგრამაზე, ვისოლის გეგმაც დაემატება, ლაშა დვალიშვილის, ებრალიძის და სისტემაში მოექცევა ყველაფერი... მთავარი მოქმედება და თაროებზე არ შემოიდოს ეს პროგრამები... სპორტის თემაზე, კანონების მიღებაც აგვიანებს ჯერ, იმედია მალე მოგვარდება ყველაფერი და ფეხბურთისთვისაც მოიცლიან.... ყველაფერი კარგად იქნება... დილა
Parma
23:18 10-02-2013
0
ალბათ, გასაგებია იმათთვის ვინც უნდა გაიგოს:)
regioni
03:43 10-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული