"საბურთალოს" ორი მოთამაშე ესპანურ "მალაგაში" გაემგზავრება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" უფროსი ასაკობრივი გუნდის (1997-წლიანები) ორი ფეხბურთელი მალე ესპანეთში გაემგზავრება.

ეს ამბავი კლუბის გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ გაგვიმხილა:

"ჩვენი ორი მოთამაშით "მალაგა" დაინტერესდა. ეს ის გუნდია, რომელსაც "სალერის თასზე" შევხვდით და დავამარცხეთ.

მის მთავარ მწვრთნელს, ანდრე კარასკოს ჩვენი მეკარე ბექა ქურდაძე და თავდამსხმელი ირაკლი ბიძინაშვილი მოეწონა.

ბიძინაშვილი ესპანეთში 4 მარტს ჩავა, .ქურდაძე კი - 7 მარტს, რადგან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარეა, გიორგი დევდარიანის ნაკრებში შეკრება დაეწყო, 4 მარტს გერმანიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს".

საინტერესოა, რომ უკვე მე-6 წელია, რაც "საბურთალოს" უფროსი ასაკის გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ შალამბერიძეა, შეკრებას უცხოეთში ატარებს.

"ჩვენთან ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები თამაშობენ და მათ სათანადოდ მომზადებას სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. "საბურთალო" ყოველ წელს დადის შეკრებაზე - ზამთარშიც და ზაფხულშიც.

წლეულს თურქეთში, სიდეში 10-22 თებერვალს მშვენიერ პირობებში ვემზადებოდით: დავბინავდით ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მშვენიერი ამინდების გამო ვარჯიში არ ჩაგვიგდია, მოედნები კი ხალიჩასავით იყო. სულ 5 საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ.

სხვათა შორის, თურქეთის მე-4 ლიგის "სერიკსპორს" 4:0 მოვუგეთ. დანარჩენები უფროსი ასაკის გუნდებთანაც ვითამაშეთ - "სიდე" 15:0 დავამარცხეთ, "ალანიასპორი" - 14:1, შვეიცარიული "იანგ ბოიზი" - 5:0, ფრედ მხოლოდ ნორვეგიულ "სკაიდთან" დავასრულეთ - 1:1.

ძალიან სასარგებლო შეკრება იყო და მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები მხოლოდ ასეთი მომზადებითა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობით იზრდებიან.

სამწუხაროა, რომ ამის საშუალება ყველას არ გააჩნია - ქართულ ფეხბურთს ეს ძალიან ვნებს. არადა, ბავშვები უცხო გარემოს ეჩვევიან, საკუთარ პლუს-მინუსებზე წარმოდგენას იქმნიან, მენტალურადაც ძლიერდებიან და თავდაჯერებულებიც ხდებიან. იმიტომ, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს და თავიდანვე უნდა იცოდნენ, რა მიმართულებით იშრომონ.

2012 წლის შემოდგომაზე "ვიტესში" სტაჟირებაზე ვიყავი და გაოცებული დავრჩი. თითქმის ყველა სოფელსა თუ დაბაში საფეხბურთო აკადემია არსებობს და ბავშვებს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები ავარჯიშებენ.

ამის მიუხედავად, 18-მილიონიან ჰოლანდიას საკუთარი კადრების პრობლემა მაინც ექმნება.

და რა სიტუაციაა ჩვენთან, სადაც ნორმალურად მხოლოდ რამდენიმე სკოლა მუშაობს და ბავშვებს უცხოეთში თამაშის საშუალება არ გააჩნიათ? ამიტომ არის აუცილებელი ასეთი შეკრებები და თამაშები. ბავშვები უმატებდნენ და ეს ძალიან მახარებს. ამით მხოლოდ "საბურთალო" კი არა, მთლიანად ქართული ფეხბურთი იხეირებს", - ამბობს შალამბერიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"საბურთალომ" "სალერის თასის" ფინალში ესპანეთში უძლეველი "მალაგა" დაამარცხა
საინტერესო პროექტი: ბარსელონის საფეხბურთო აკადემია საქართველოში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული