მიხეილ ყაველაშვილი: ფედერაციამ ან ფაქტები დადოს, ან ბოდიში მოიხადოს

AutoSharing Option
"ლელოს" "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი ესაუბრა - რიგგარეშე ყრილობაზე, ბავშვთა ფეხბურთზე, უეფაში გაგზავნილ ანონიმურ წერილებზე...

- ფედერაციასთან დაპირისპირებული ძალები კვლავ გააქტიურდით. მაგრამ რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას როგორ აპირებთ, როდესაც ზვიად სიჭინავა გადადგომას არ აპირებს და უეფაც მათ მხარეზეა?
- ახლახან რევაზ არველაძის განცხადებამ, "ყველამ იცის, რომ არჩევნები არ იყო", ყველაფერს ფარდა ახადა. უსამართლო არჩევნებს უკვე ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი აღიარებს.

კარგია, ყველაფერი ზედაპირზე რომ ამოდის, ნელ-ნელა აღიარებამდე მივდივართ და ბოლოს შევთანხმდებით - სამართლიანობის აღდგენა სწორედ აქედან დავიწყოთ და ობიექტური
არჩევნები ჩავატაროთ.

ჩვენ არანაირი საიდუმლო გეგმები არ გვაქვს. სამართლიანობას მარტივი გაგება აქვს - უნდა დასრულდეს ნიჰილიზმის ეპოქა და ყველაფერი ხალხმა გადაწყვიტოს და არა ვიწრო ჯგუფებმა. ცვლილებებზეც უეფა, ფიფა ან სხვა ვინმე კი არ უნდა მიგვითითებდეს, ეს ჩვენი შინაგანი სურვილი უნდა იყოს.

- ლელთ ღუნიას სიტყვები დღესაც არანაკლებ აქტუალურია.
- რეზო არველაძემ სურკისის სიტყვები მოიხმო, სფფ-ს ხელმძღვანელობა არჩეულია და 2015 წლამდე, ანუ ვადის დასრულებამდე უნდა დარჩესო. სურკისი დასაფასებელი ფიგურია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ქართველი გულშემატკივრის აზრი.

2007 წელს ნემსაძე რომ გადააყენეს, უეფას რომელიმე წარმომადგენელმა პრეტენზია გამოთქვა? იქნებ, სწორედ ეს რჩევაა ჩვენს საქმეებში ჩარევა? წესდებაში წერია: რიგგარეშე არჩევნების გამართვა შესაძლებელია, თუ 7 სუბიექტი ამის შესახებ სფფ-ს აღმასკომს მიმართავს და მათ თხოვნას დააკმაყოფილებენ, ან თუ ამას აღმასკომის 10 წევრი მიემხრობა.

სფფ-ს გენერალური მდივანი არჩევნებში დარღვევებს აღიარებს, ვეტერანი ფეხბურთელები უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამენ და თუ ამის შემდეგ ფედერაციის სუბიექტებმა რიგგარეშე არჩევნები მოითხოვეს, ეს დარღვევა იქნება? ასეთ შემთხვევაში, პროცესი რომ შევაჩეროთ და პროტესტი ავკრძალოთ, ეს უფრო არ იქნება ძალადობა?

სურკისი საპატივცემლო პიროვნებაა, მაგრამ შვეიცარიაში მატერიალურად და გავლენით ძლიერ პიროვნებებთან ორჯერ მოგებული სასამართლო პროცესი მახსენდება.

"გრასჰოპერის" გენერალური მდივანი ფიფაში ნამუშევარი კაცი იყო და ნემსაძეს ფულს არ უხდიდა. ეტყობა, იფიქრა, საბჭოელიაო და შესაშინებლად უთხრა, ბლატერის ძმაკაცი ვარო.

არ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს ადვოკატს დავუკავშირდით და გაოცებული იყო, რა ბლატერი, რისი ფიფა-უეფა, კლინტონის ძმაკაციც რომ იყოს, კონტრაქტის პირობები უნდა შეასრულოსო. დაურეკა "გრასჰოპერის" გენერალურ მდივანს, რომელიც ადვოკატის გაგონებაზე ისე შეშინდა, ფული სამ დღეში ჩარიცხა.

პირადადაც მქონია ფულის დაგვიანების და გადაუხდელობის შემთხვევები, ასეთები ფეხბურთში ხშირად ხდება, მაგრამ კაი დედის შვილი იყო, კონტრაქტის პირობები არ შეესრულებინა.

ევროპაში კანონის წინაშე ყველა ერთია. ამიტომ მიკვირს, ფედერაციის გენერალური მდივანი სურკისის პოზიციას ასე საჯაროდ რომ აჟღერებს, 2015 წლამდე არჩევნებს არ გვირჩევსო. ჯერ ისაა გასარკვევი, უეფას რა ინფორმაცია მიაწოდეს და რაც მიაწოდეს, იყო კი მართალი?

- ნემსაძე რომ პოსტიდან ჩამოაშორეს, ამაზე ფიფა-უეფაში თვალები რატომ დახუჭეს?
- იმიტომ, რომ ფორმალურად ყველაფერი კანონის შესაბამისად გააფორმეს, თავად ნემსაძემ ფიფა-უეფაში არ იჩივლა და ფიფასა და უეფას დელეგატებმა საქმე ჩაფარცხეს. ნემსაძეს ყველაფერი რომ ეთქვა, ეს საქმე არავის შერჩებოდა.

ახლა პირიქით ხდება, თავის დასაცავად, ისევ ამ უპასუხისმგებლო ფედერაციიდან უეფა-ფიფას ცრუ, ანონიმურ ინფორმაციებს აწვდიან, რომ სახელმწიფო მათ საქმიანობაში ჩარევას აპირებს და შესაძლოა, ძალით გადაგვაყენონო.

- ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციებს ფლობთ?
- უბრალოდ, ლოგიკურია, რომ ტყუილუბრალოდ უეფას წარმომადგენელი ასეთ რეაგირებას არ მოახდენდა. მაგრამ ამას რეალური საფუძველი არ გააჩნია, რადგან ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ფედერაციაში თავისი კანდიდატურის მიყვანას არ ცდილობენ და გამოდის, მცდარი ინფორმაციების საფუძველზე, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩვენს საქმეებში ერევიან. ეს ამბავი რომ გასკდეს, რეზონანსული საქმე იქნება.

ან რა ნამუსით აწვდიან ინფორმაციებს, როდესაც კონკრეტული ფაქტები ბუნებაში არ არსებობს? "ჩვენი ფეხბურთის" ყოფილმა წევრმა, სპორტის ამჟამინდელმა მინისტრმა სიჭინავას ადამიანურად რომ მიუთითა, სინდისში ჩაიხედეო, ესაა ჩარევა, თუ ნაცმოძრაობის ზეწოლისგან გათავისუფლებულ გარემოში ფედერაციას აქტიურად რომ ვაკრიტიკებთ?!

წარსულს ვერ წავშლით და ყიფიანმა ის კითხვა დაუსვა, რაც ყველა გულშემატკივარს ებადება და საფუძველსმოკლებული არ არის, არველაძის აღიარებამაც დაადასტურა. რა არის აქ საკითხავი? იქნებ, ფედერაციის თავკაცებს სურთ, რომ არავინ აკრიტიკოს და პოსტებზე 100 წელი დარჩნენ?

- კი მაგრამ, დღევანდელ პოლიტიზებულ გარემოში სამართლიანი არჩევნების გარანტია გვაქვს?
- და ამის წინააღმდეგი ვინ შეიძლება იყოს? თუ ვაღიარებთ, რომ უსამართლობა მოხდა, ხვალ სამართლიანობის აღდგენის საკითხი დადგება. თუ ჩარევა ვაღიაროთ და არაფერი გამოვასწოროთ? ეს აბსურდია! ამიტომაც არ უნდა დაველოდოთ 2015 წელს!

- "ჩვენი ფეხბურთი" და "ქომაგთა ლიგა" რიგგარეშე არჩევნებს როგორ მიაღწევთ?
- ჩვენ ფედერაციის სუბიექტები არ ვართ და ვერ მოვითხოვთ, მაგრამ სფფ-ს წესდებაში რიგგარეშე არჩევნები დაშვებულია. ანუ ეს პუნქტი კანონიერია და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? დღეს რომ შეგვიძლია საქმის გამოსწორება, 2015 წელს რატომ დაველოდოთ?

- სიჭინავას მომხრეები უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის სიტყვებს იშველიებენ, ხელისუფლების ყოველ შეცვლაზე, სფფ-ს ახალი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდესო.
- მესმის, რომ ფედერაციაში ხელმძღვანელის ხშირი ცვლა გარედან ცუდად ჩანს. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" დროს რიგგარეშე არჩევნები სამჯერ სწორედ ხელისუფლების აშკარა ჩარევით ჩატარდა და ეს ამბავი ვინმემ გააპროტესტა? უეფას ვინმე ეუბნებოდა, რისთვის ჩამოაშორეს ნემსაძე ფედერაციას, რატომ დაიჭირეს დემეტრაძე, რატომ დევნიდნენ კალაძეს ან მე რა მიზეზით ვერ ჩამოვდიოდი? არც მაშინ და არც ახლა ფიფა-უეფაში ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

ფარსი ისაა, რომ ჩვენ გვსურს არა ჩარევა, არამედ ფეხბურთი საფეხბურთო სამყაროს დავუბრუნოთ, რომელიც მის მართვას ჩამოაცილეს და ჩვენი ფეხბურთის საქმეები თავად უნდა მოვაგვაროთ.

ლევან ყიფიანი დღეს "ჩვენი ფეხბურთისგან" გამიჯნულია და ვთვლით, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დავკარგეთ. ლევანსაც ვეუბნები, რომ სპორტის მინისტრსაც არავინ ეკითხება, არჩევნები როდის ჩატარდება. კალაძე და ყიფიანი თუ ჩაერევიან, მე ვიქნები მათი პირველი მოწინააღმდეგე.

- ასე რომ არ იყოს, "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატურა ეყოლებოდა, "ჩვენი ფეხბურთი" და "ქომაგთა ლიგა" კი ცალ-ცალკე იბრძვით.
- ეს ჯანსაღი პროცესია, აზრთა ჭიდილი აუცილებელიც არის, რადგან შეუძლებელია ფეხბურთი ყველას ერთნაირად გვესმოდეს. მაგრამ ჩვენც და "ქომაგთა ლიგის" ხალხსაც გულშემატკივარი კარგად გვიცნობს და სიჭინავასავით, მხოლოდ ფედერაციაში მისვლის შემდეგ არ გაგვიცნობენ.

მაგრამ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიციები შევაჯეროთ, ან ცალ-ცალკე ვიბრძოლოთ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენაზე ერთ აზრზე ვართ. ახლა კი ფედერაციისგან უნდა მოვითხოვოთ, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის ფაქტები გამოაქვეყნონ ან ბოდიში მოიხადონ, სკამების შესანარჩუნებლად ქვეყანას ჩირქს რომ სცხებენ.

ვეტერან ფეხბურთელებთან მათი დამოკიდებულებითაც გამოჩნდა, როგორ "უყვართ" ფეხბურთი და ამიტომ დაიმსახურა სფფ-მ მათი აგრესია. ფედერაცია ნავთობკომპანია ხომ არ არის, დამსახურებული ხალხის გაცილებაზე რომ არ ფიქრობს. ასეთი მატჩების ორგანიზება სწორედ მათი ვალია.

კალაძე რომ წავიდა, სფფ-ს რეაქცია კარგად გვახსოვს. გაცილების მატჩებით ფედერაცია პატივისცემას უნდა გამოხატავდეს. გუნდიდან კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი რომ მიდიან, შენთვის ეს სულერთია? მადლობის ნაცვლად, კრიტიკულ წერილს უწერ, ემიჯნები და მერე ამბობ, ეს მე არ გამიკეთებიაო?! მაგრამ წლებია, ფედერაცია ასე უპასუხისმგებლოა და სათავეში ამიტომაც არ უნდა იყვნენ.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ფეხბურთზე ბავშვები ფულს არ უნდა იხდიდნენ.
- მიმაჩნია, რომ 12 წლამდე ყველამ უფასოდ უნდა ითამაშოს. დიდი გადასახადების გამო, დღეს ბევრი ბავშვი უფეხბურთოდ დარჩა. თუ ჩვენ მასობრიობა არ გავზარდეთ და ყველა ბავშვს შანსი არ მივეცით, არაფერი გამოვა.

თუ როგორ, ამის პასუხი განათლების მინისტრმა გაგვცა - როგორც სკოლებში უნდა დაარიგონ უფასოდ წიგნები, ასეთივე რამ ფეხბურთშიც შესაძლებელია.

შვეიცარია უმდიდრესი ქვეყანაა, ხელფასები მინიმუმ 5-10 ათასი ფრანკია და საფეხბურთო სკოლაში წელიწადში მხოლოდ 100 ფრანკს იხდიან. ჩვენს გაღატაკებულ ქვეყანაში მშობლებს მასობრივად შეუძლიათ თვეში 50-60 ლარის გადახდა? ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომ მეტი მოთამაშე გვყავდეს და ფეხბურთი ძველებურად მასობრივი გახდეს.

გაუგებარია, როდესაც ფედერაციისთვის ეს მთავარი პრობლემა არ არის და საქმის გამოსასწორებლად ვერაფერს აკეთებს.

ჩემი აზრით, ფედერაციის ეგიდით 5-6 ძლიერი, "რეალისა" და "ბარსელონას" დონის აკადემიები უნდა ამოქმედდეს. მსგავსი პროექტი 10 წლის წინ მექსიკაში განახორციელეს და საოცარი შედეგები აქვთ - ოლიმპიადა სწორედ ამ თაობამ მოიგო. ჩემს თვალწინ განხორციელდა შვეიცარიაში ფეხბურთის პროგრამა. საქართველოში რა კეთდება და სად გვაქვს ევროპელთა დარი სკოლები?

უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანისა და მათში მილიონების გადახდის ნაცვლად, ფული უნდა დახარჯულიყო აკადემიების მშენებლობაში, უცხოელი ინსტრუქტორების ჩამოყვანაში და ა.შ, რადგან საქართველო მდიდარი არ არის და ფეხბურთში თითოეული თეთრიც მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეზო არველაძის სკანდალური განცხადება: არჩევნები არ გვქონდა
თვალსაზრისი: სარბიელზე მეორე ფლანგი გამოჩნდა?
რატომ დაიბარა სპორტის მინისტრმა უეფადან დაბრუნებული სფფ-ის ხელმძღვანელები
გოჩა ჯამარაული: არ მეგონა, ზვიად სიჭინავა სკამზე გამოკიდებული თუ იქნებოდა
არსადაც არ მივდივარ! - დარჩება ზვიად სიჭინავა პოსტზე 2015 წლამდე?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს მეორე ლევანიეა გაჩეჩილაძე. რასაც ლევანიემ მიაღწია, იმას მიაღწევს გადადექი, გადადაექის ძახილით. მიშა (ეს სახელი უკვე ....)ჩვენ ვაშენებთ ახალ ქვეყანას, რომელიც უპირველეს ყოვლისა კანონის უზენაესობაზე იქნება აგებული. ამიტომ მოგიწოდებ კანონიერებისკენ. მთავარია, როცა დრო მოვა, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. თუ ვადამდელი არცევნები ჩატარდა (მეც არ მომნწონს ჯიგარ ახლანდელი პრზიდენტი), ასე იქნება მომავალშიც, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ხალხი, ვინც ამას გააკეთებს. ასე, რომ დაველოდოთ დროს და ჩავატაროთ ნაღდი არჩევნები. მორჩეს ამაზე საუბარი. ასე აჯობებს შვეიცარიელო.
zveli gulshematkivari
17:17 15-04-2013
0
სამართლიანობა კარგია მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას ეს რატომ უნდა მოვიდეს ფედერაციის სათავეში?
ახლანდელი ფედერაციის ხელმძღვანელობის ყოლა რომ სირცხვილია გასაგებია მაგრამ ეს რითი სჯობს ამათ?
მეტი იცის? არ იცის...
Walkabout
10:55 15-04-2013
0

სიახლეები პოპულარული