გოჩა ჯამარაული: არ მეგონა, ზვიად სიჭინავა სკამზე გამოკიდებული თუ იქნებოდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა ჯამარაული ამბობს:

- ყველამ ვიცით, როგორც გახდა ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ არ მეგონა, სკამზე გამოკიდებული ადამიანი თუ იქნებოდა.

რაც მან პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, არ შეიძლება უკომენტაროდ დავტოვო. ფედერაციის პრეზიდენტი ასე არ უნდა იქცეოდეს და მეტი ღირსება უნდა გამოავლინოს.

- მაგრამ ყიფიანი მინისტრია და გადადგომის შეთავაზება სიჭინავამ ზეწოლად აღიქვა...
- გააჩნია, ქოთანს ყურს საიდან მიაბამ. ყიფიანმა მას კი არ უბრძანა, არამედ ურჩია, რომ ფედერაციაში დარჩენის მორალური უფლება არ ჰქონდა.

ამას ვინ რას უწოდებს, სულ სხვა საქმეა - სიჭინავა თუ ამბობს, რომ ეს ზეწოლაა, მე ვეუბნები, რომ ქართული ფეხბურთისთვის მართლაც აჯობებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

ყიფიანის მიდგომა მორალზეა დაფუძნებული, სამართლიანობა უნდა აღსდგეს და ფედერაცია ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდეს.

ლევანი ფედერაციის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის, მაგრამ როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, ბოლოს და ბოლოს, დავით ყიფიანის შვილსა და ყოფილ ფეხბურთელს გული შესტკივა. ესეც აკრძალულია?!

- ამას არავინ უკრძალავს, მაგრამ იურიდიული მხარეც გასათვალისწინებელია.
- მე კი ის მიკვირს, სიჭინავამ მორალურ შეთავაზებას თუ როგორ უპასუხა. იცით, როგორ გამოუვიდა? იურიდიული კუთხით ვერავინ შემეხებაო.

ყიფიანი წესიერი კაცია და ახალი მთავრობაც სამართლიანი პრინციპების დამკვიდრებას ცდილობს. ამიტომ ძველებივით არ ეტყვიან, წადი, ან დაგიჭერთო.

ამიტომ მიუთითეს მორალურ პასუხისმგებლობაზე. სიჭინავას პასუხი კი იმას ნიშნავდა, რომ მორალური მხარე არ აინტერესებს. ახლა რომ მიანიშნებს პოლიტიკურ ზეწოლაზე, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩატარებას ხელი შეუწყო?

ამხელა ფეხბურთელი იყო, კარიერა დაასრულა და პოლიტიკაში რომ გადავიდა, ამის გამო მის კარიერას ხაზი გადაუსვა. ამის შემდეგ პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკის უფლება არ აქვს.

სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა - მიიყვანეს და პირდაპირ დანიშნეს. ისე უნიჭოდ გააკეთეს ეს ყველაფერი, კონკურენტიც არ ჰყოლია. მგონი, ამაზე ჭკუათმყოფელი ადამიანი არც იდავებს. ეს ხომ არ ავიწყდება?

ახლა იმ ზღაპრებს ვინ დაიჯერებს, რომ კონკურენტებს არჩევნებში მონაწილეობას ურჩევდა? როდესაც ყველამ იცის, რომ შენ გნიშნავენ და სხვას შანსი არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობით სპექტაკლების მოწყობისა და ხალხის მოტყუების უფლებას თავს ვერ მივცემდით.

ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები. ამიტომ პირადად მე ყველანაირად ვამხელ და ვიტყვი სიმართლეს, ხალხის გაბითურების საშუალება რომ არ მივცე. ჩვენს საფეხბურთო სამყაროს ისედაც სულში ჩააფურთხეს და ეს ყველაფერი ახლა მაინც უნდა დამთავრდეს.

ფედერაცია იყო არა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, არამედ სამინისტრო. ამაზე რატომ არაფერს ლაპარაკობდა? ყველაფერს აქეთ გვიტრიალებს, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ფედერაცია არ იყოს სამინისტრო.

პრეზიდენტს ხელისუფლება არ უნდა ნიშნავდეს. ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ფედერაციის ხელმძღვანელი ჯანსაღი მსჯელობისა და კონკურენციის პირობებში ავირჩიოთ. რა არის ამაში გაუგებარი?

ჩვენი სირცხვილია ის, რაც 2007 წლის 13 მაისს ფედერაციის არჩევნებში მოხდა. მაშინ მცხეთა-თიანეთის რეგიონულ ფედერაციას წარმოვადგენდი და ყველაფერი კარგად მახსოვს. ჩვენი არჩევანი ხელისუფლებამ არაფრად ჩათვალა და ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ გააკეთებდნენ იმას, რასაც მოისურვებდნენ. ეს იყო ძალიან დიდი უსამართლობა, რომლის შედეგადაც ფეხბურთში ყველაფერი აირია.

ვაჟა-ფშაველას ნათქვამია - "ის კი არ არის ბიჭობა, გამაგრებდნენ და მაგრობდე; ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავად რომ ვარგოდე". ადრე ზემოდან გამაგრებდნენ, ახლა კი გეუბნებით, თუ მაგარი ხარ, გამოდი და სამართლიან არჩევნებში თავისთავად ივარგე!

- არჩევნები თუ დაინიშნა, ალბათ, თქვენი კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილი იქნება...
- რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატურა ყაველაშვილია. გამოვიდეს სიჭინავა და აჯობოს პროგრამით, ფეხბურთის ცოდნით, საერთაშორისო კავშირებით, ხალხის სიყვარულითა და მხარდაჭერით. მიშა თავისთავად ვარგა, სამართლიან არჩევნებში კი გამოჩნდება, სიჭინავას ვინ მიემხრობა.

- სხვათა შორის, სულ გსაყვედურობენ, რომ "ჩვენს ფეხბურთს" პროგრამა არ აქვს...
- პროგრამა გვაქვს, მაგრამ ვინ დაინტერესდა და ვის ვაჩვენოთ? ლოგიკის ამბავიც არის. დილით რომ დგები, ჯერ პირს იბან და მერე ჭამ. ესენი კი გვეუბნებოდნენ, რომ ჯერ გვეჭამა და პირი მერე დაგვებანა. ფეხბურთში "პირის დაბანა" სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. დანიშნონ და პროგრამას როგორ არ წარმოვადგენთ.

- სიჭინავა გადადგომას არ პირებს და კაბინეტს ხომ არ აუჭედავთ?
- სანამ მორალურ პასუხისმგებლობას არ იგრძნობს, პირადად მე არ გავჩერდები. ბევრ ბიზნესმენს ქონება წაართვეს, ჩვენ, საფეხბურთო სამყაროს კი - არჩევანის უფლება.

ეს ყურიდან ყურში როგორ გავატარო და წართმეულის დასაბრუნებლად არაფერი ვიღონო? სიჭინავას ხმა მისცეს დაშინებით ან დავალებით. მე ამას არჩევნებს ვერ ვუწოდებ, ეს იყო ძალადობა.

- მართალია, რომ რიგგარეშე არჩევნების მომხრეები დიდი შეკრების გამართვას აპირებთ?
- ვაპირებთ და მგონია, რომ ეს შეკრება თავად ზვიადსაც უნდა აინტერესებდეს. იძახის, არჩეული ვარო. კი მაგრამ, ჯამარაულის, ყაველაშვილის, ძალიან ბევრი ვეტერანისა და გულშემატკივრის აზრი არ გაინტერესებს?

ჯერ ვინ აგირჩია, რომ გულშემატკივრის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ?

მართლა მეგონა, ზვიადი იტყოდა, ძმებო, რაც მოხდა, მოხდა, მეც ამ ყველაფრის მსხვერპლი ვიყავი და მოდი, ახალი არჩევნები დავნიშნოთო. ამას გულწრფელად ვამბობ. ამას ლევან ყიფიანის შეგონებაც არ სჭირდებოდა.

გვიმტკიცებენ, რომ ფეხბურთში წინსვლაა, მაგრამ რა დონეზე ვართ, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და ამაზე არ უნდა ვთქვათ? ნებისმიერ ადგილას, თუნდაც პირდაპირ ეთერში და თუნდაც, არაფორმალურ შეხვედრაზე დავუჯდებით და სიმართლეს ვეტყვით.

"ჩვენი ფეხბურთი" და ჩვენი მხარდამჭერები 2007 წლიდან სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ და მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.

ბოლოს და ბოლოს, გულახდილად მაინც ვილაპარაკებთ და გვითხრან, რატომ უნდა დარჩეს სიჭინავა. ჩვენ კი დავუსაბუთებთ, რატომ არ იმსახურებს პრეზიდენტობას და ეს შეხვედრა გადაიცეს ტელევიზიით. ხალხისგან დასამალი რა გვაქვს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა საჭიროა არჩევნები? მოვაწყოთ მესხზე რინგი, ბრძოლა წესების გარეშე. დომენტია VS ზორო (ყაველაშვილი). გამარჯვებული წაიღებს ყველაფერს, სკამს, ტყვე ქალებს, ფეხბურთის ბურთებს.
უძლევი
00:51 13-11-2012
0
- რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატურა ყაველაშვილია. გამოვიდეს სიჭინავა და აჯობოს პროგრამით, ფეხბურთის ცოდნით, საერთაშორისო კავშირებით, ხალხის სიყვარულითა და მხარდაჭერით.

აბა ამ ნათქვამს ეხლა რა უნდა უწოდო, 5 წელია რაღაცეებს იძახის ყაველაშვილი და პროგრამისა და ფეხბურთის ცოდნის ვერაფერი შევატყვე, ან რა საერთაშორისო კავშირები აქვს ისეთი მაგის გამო რომ პრეზიდენტად გვიღირდეს, ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა კიდევ არაფერ შუაშია თუ კაცი უცოდინარია...
ან რას ქვია ვის უნდა პროგრამაო? მე მინდა და კიდევ ბევრ გულშემატკივარს მაგრამ მართლა არ გაქვთ, დაწერის საშუალებაც კი არ გაქვთ ვხვდები მე და პრეზიდენტობა კი გინდათ...
მოკლედ მე პირადად არ მომწონს სიჭინავა, მაგრამ არ უნდა მოვიდეს ყაველაშვილი პრეზიდენტად, 5 წელია კაცს გამოსავლის მიზნით არაფერი უთქვამს და მარტო იმიტომ გვინდა პრეზიდენტად, რახან სიჭინავა არასამართლიანადაა არჩეული?
Walkabout
20:15 12-11-2012
0

სიახლეები პოპულარული