ქეცბაიას იდეის პათოსი სრულიად გასაგები იყო: ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, ორი-სამი გუნდის გარდა, იშვიათად თუ შეხვდებოდით რომელიმე გუნდის ძირითადში მყარად დამკვიდრებულ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს.
არადა, საქართველოს ახალგაზრდული თუ 19-წლამდელთა ნაკრების წევრთა უმრავლესობა სწორედ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს; უფრო ზუსტად, ეს ბიჭები ამა თუ იმ გუნდში ირიცხებიან, მაგრამ იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა მოკლებულია სათამაშო პრაქტიკას.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეს იდეა რომ გააჟღერა, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე თითქმის თვე-ნახევარი იყო დარჩენილი;
თანაც, თემურ ქეცბაიამ ეს წინადადება სადმე, პრივატულ საუბარში კი არა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ "12-თა საბჭოს" სხდომაზე დააყენა, რომელსაც სფფ-ის ხელმძღვანელების გარდა, უმაღლესი ლიგის 12-ივე გუნდის წარმომადგენლებიც (კლუბის პრეზიდენტები თუ დირექტორები) ესწრებოდნენ.
სამწუხაროდ, ეს წინადადება მხოლოდ "იდეის" დონეზე დარჩა და ამ შემთხვევაში სფფ-ის ხელმძღვანელებსაც ვერაფერში დავადანაშაულებთ: ზვიად სიჭინავა თუ რევაზ არველაძე ვერავის უბრძანებენ, გინდა თუ არა, გუნდის ძირითადში 21-წლამდელი 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი ათამაშეთო, - ამის სურვილი და ნება თვითონ კლუბებიდან უნდა მოდიოდეს.
თუმცა, მომავალი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით სამი თვე ხომ არის დარჩენილი და ვფიქრობთ, რომ ამ იდეის რეალიზება სავსებით შესაძლებელი იქნება.
სასურველი შედეგი და "ხარისხიანი" ლეგიონერები
21-წლამდელი 2 ახალგაზრდა ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში "დაკანონების" საკითხი ფრიად საჭირბოროტო თემაა და დადებითიც ბევრი აქვს და, ამავდროულად - უარყოფითიც; მაგალითად, ამა თუ იმ კლუბის მეპატრონეს, თავისი გუნდის განვითარებისა და ჩემპიონატში სასურველი შედეგის მისაღწევად სოლიდურ თანხებს რომ ხარჯავს, სავსებით შესაძლებელია, რომ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ანუ იმ სასურველი შედეგის (ჩემპიონობა ან, უარეს შემთხვევაში - ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება) მისაღწევად ამა თუ იმ შეძლებული კლუბის მეპატრონეს ურჩევნია, რომ გუნდში მრავლად ჰყავდეს გამოცდილი ადგილობრივი ფეხბურთელები, პლუს ასევე გამოცდილი ლეგიონერები.
ჰო, ყველას ნამდვილად ვერ მოვთხოვთ 4 ან 5 წლის განმავლობაში დაელოდოს სასურველ შედეგს: ჩვენთან მსგავსი რამ იშვიათობაა და იმიტომაც აღარ გვიკვირს უკვე ტრადიციასავით დამკვიდრებული "ერთწლიანი გუნდების" სიმრავლეც.
ეგ კი არა, მალე ის დროც მოვა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერებზე... ლიმიტის დაწესება რომ მოგვიწევს! ნუ გაგიკვირდებათ: ამ სეზონში რამდენიც გინდათ, იმდენი შეხვედრა ყოფილა, როცა მოედანზე (ორივე გუნდის შემადგენლობაში) 11-12 ლეგიონერი იმყოფებოდა! ამ დროს კი ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, უკეთეს შემთხვევაში, პირველ ლიგასა თუ დუბლების ჩემპიონატში უწევთ ასპარეზობა;
რა თქმა უნდა, არავინ არის წინააღმდეგი, ჩისკოს, მიკელ ალვაროსა თუ ორიოლ ლოსანოს დონის ლეგიონერებმა ჩვენს ჩემპიონატში რომ იასპარეზონ (ისე, როგორც ახლო წარსულში აქ მოთამაშე მართლაც გამორჩეულმა უცხოელმა ფეხბურთელებმა: დიდიე ოვონომ, ნედ ზელიჩმა, მილოშ კრშკომ, ჟილვან ვიეირამ, პოლ კესანიმ და, რაღა თქმა უნდა, ანდერსონ აკინომ); თუმცა ვერც იმ მწარე რეალობას გავექცევით, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატში ისეთი ლეგიონერები ჩამოჰყავთ, ჩვენებურებს "ათი თავით" კი არა, საერთოდ ვერაფრით სჯობნიან და მათზე უკეთესების მონახვაც ადვილად შეიძლება!
ზემოთ ლეგიონერების ლიმიტი ვახსენეთ და გვინდა, ჩვენი მეზობლების, აზერბაიჯანელების მაგალითი მოვიყვანოთ; მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ჩემპიონატის მოწინავე კლუბებში დიდი ფული ჩაიდო, ამ ქვეყნის გუნდებში ადგილობრივი ფეხბურთელები სანთლით საძებნელნი გახდნენ, - სამაგიეროდ, ცნობილ თუ უცნობ ლეგიონერებს თვლა არ ჰქონდათ.
ჰოდა, ბოლო წლებია, რაც აზერბაიჯანულ ფეხბურთში უმკაცრესი ლიმიტი დაწესდა: ნებისმიერი გუნდი ვალდებულია, კალენდარულ მატჩში თავის ძირითად შემადგენლობაში, მინიმუმ, სამი ადგილობრივი ფეხბურთელი ჰყავდეს (თანაც, უშუალოდ შეხვედრის მსვლელობის დროს მათი შეცვლაც მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივებით შეიძლება). ასე გრძელდებოდა ბოლო რამდენიმე წელიწადი, ამ სეზონის დაწყებამდე კი კიდევ ერთი ლიმიტი დაწესდა: სამი ადგილობრივის გარდა, ყველა გუნდი ვალდებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ჰყავდეს 18 წლის ერთი ადგილობრივი ფეხბურთელი (მისი შეცვლაც მატჩის მიმდინარეობისას ასევე თანატოლი ადგილობრივით არის შესაძლებელი).
რომ ვთქვათ, იდეალური ვარიანტიაო, მართალი არ ვიქნებით, თუმცა დაფიქრებად ღირს; ოღონდ ასაკობრივი ზღვარი ცოტა საკამათოა: ჩვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს (გნებავთ - პირველ) ლიგაში 20 ან 21 წლამდე ერთი-ორი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის ძირითადში დაყენების აუცილებლობაზე ყველამ უნდა იფიქროს!..
საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის მოიძებნება
ქართული რეალობა
უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში, ორივე ექვსეულში 6 მატჩი ჩატარდა და როგორ ფიქრობთ, 21-წლამდელი რამდენი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნებოდა თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში?
წინდაწინ ვიტყვით: ამ მხრივ, ზედა ექვსეულში არცთუ სახარბიელო სიტუაციაა და ზემოთ რომ "სასურველი შედეგის მისაღწევად არჩეული საკლუბო პოლიტიკა ვახსენეთ, ყველაფერი სწორედ ამის გამოძახილია.
აი, თუნდაც ტურის ცენტრალური მატჩი ავიღოთ: ორივე გუნდის ძირითადში მხოლოდ ლაშა გვალია ("დილა") და გიორგი გველესიანი ("დინამო") იყვნენ 21 წლისანი, თუმცა ორივეს მალე 22 წელი შეუსრულდება. იგივე ითქმის შეცვლაზე შემოსულ გიორგი ილურიძეზე ("დილა"), ხოლო მათზე ახალგაზრდები ასევე შეცვლაზე შემოვიდნენ: 19 წლის მიხეილ გორელიშვილი ("დილა") და 20 წლის გიორგი პაპავა ("დინამო").
"დინამოსა" და "დილასგან" განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ხშირად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს "ტორპედოსა" და "ზესტაფონში"; აი, მაგალითად, ქუთაისელთა ძირითადში რეგულარულად ასპარეზობენ 20 წლის გიორგი კუხიანიძე და 19 წლის მერაბ გიგაური, 19 წლის გიორგი ფანცულაიაც ხშირად თამაშობს;
იგივეს თქმა შეიძლება "ზესტაფონზეც", სადაც კახა კაჭარავა დიდ ნდობას უცხადებს 20 წლის თორნიკე გრიგალაშვილს, 19 წლის თედო გრიგალაშვილს, 19 წლის ოთარ კვერნაძეს, 18 წლის გურამ სამუშიას და 18 წლის ავთო ენდელაძეს. ზედა ექვსეულის კიდევ ერთი წარმომადგენლის, "ჩიხურას" წარმატებულ თამაშს დიდად განაპირობებს გუნდის ლიდერების, 21 წლის ბესიკ დეკანოიძისა და 20 წლის დავით კირკიტაძის თამაში.
რაც შეეხება "ზუგდიდს", მეორე ეტაპიდან ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ერთიანად გაახალგაზრდავდა, თუმცა 20 წლის ირაკლი სიხარულია მეორე სეზონია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უნდა მივიჩნიოთ.
რაც შეეხება ქვედა ექვსეულს, აქ "ერთპიროვნული ლიდერი" გვყავს და ეს არც არის გასაკვირი: ბოლო რამდენიმე სეზონია, რაც "ვიტ ჯორჯია" ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული: თუმცა ამ სეზონში "თამასამ" კიდევ უფრო ქვემოთ დაიწია და 19-20 წლის ბიჭები (ოთარ ჯავაშვილი, დავით უბილავა, შოთა დავლაშელიძე, ელგუჯა ლობჯანიძე) უკვე ძირითადში მოხვედრაზე აცხადებენ პრეტენზიას.
ასევე გაახალგაზრდავების გზას დაადგა "კოლხეთის" გამოცდილი თავკაცი სოსო ფილია და უკვე რამდენიმე ტურია, ფოთელთა ძირითადის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა 18 წლის ცენტრალური მცველი გია ჩადუნელი (სხვათა შორის, ერთობ საინტერესო მოთამაშეა).
იგივეს თქმა შეიძლება "მერანზეც": მარტვილელთა მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია უდიდეს ნდობას უცხადებს 19 წლის პაპუნა ფონიავასა და 18 წლის ლევან გეგეჭკორს.
ბათუმის "დინამოშიც" არიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები: 20 წლის ნოდარ კიკნაველიძე, 19 წლის ვალერიან თევდორაძე და 18 წლის ნიკა დიასამიძე.
ერთობ საინტერესო მწვრთნელად ყალიბდება "მეტალურგის" ახალგაზრდა თავკაცი გიორგი ყიფიანი: ყველასათვის უცნობი ივანე ხაბელაშვილი და დავით საჯაია (ორივე - 19 წლის) ძირითადის ფეხბურთელებად ხომ დააწინაურა, მათ თანატოლს დაჩი ცნობილაძეს კი ამას წინათ ("კოლხეთთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში) ჰქონდა დებიუტი.
აი, ბოლნისის "სიონს" კი ლოკალური მიზნის (უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება) მისაღწევად, ნებსით თუ უნებლიეთ, ძირითადი აქცენტი გამოცდილზე-გამოცდილ ფეხბურთელებზე აქვს გადატანილი...
ცხადაძე, ქეცბაია, არველაძე...
ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითად გუნდში "დაკანონება" არახალი ამბავია: გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც სსრკ-ის ჩემპიონატი ტარდებოდა, II ლიგის ყველა გუნდი ვალდებული იყო, ძირითად შემადგენლობაში 18 წლის ერთი ფეხბურთელი ჰყოლოდა, ერთიც - განაცხადში.
მოგეხსენებათ, რომ მაშინდელ საკავშირო II ლიგაში სხვადასხვა დროს ათზე მეტი ქართული გუნდი მონაწილეობდა: ლანჩხუთის "გურია", ბათუმის "დინამო", სამტრედიის "ლოკომოტივი", სოხუმის "დინამო", რუსთავის "მეტალურგი", ფოთის "კოლხეთი", თბილისის "ლოკომოტივი", გორის "დილა", მახარაძის (ოზურგეთის) "მერცხალი", ტყიბულის "მეშახტე", ზუგდიდის "დინამო" და სხვები (ეგ კი არა, 1988 წელს ერთი სეზონი ქუთაისის "ტორპედოსაც" მოუწია იქ თამაში); ჰოდა, სწორედ იმდროინდელ მეორე ლიგაში ჰქონდა დებიუტი ბევრ ისეთ ქართველ ფეხბურთელს, მომავალში მაღალ დონეზე რომ ითამაშა.
თანაც, მათგან უმრავლესობას სწორედ იმ დაწესებულმა ასაკობრივმა ლიმიტმაც შეუწყო ხელი, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა. ანუ თანატოლებში გამორჩეულნი ვინც იყვნენ, როგორც მაშინ ეძახდნენ, ოსტატთა გუნდებში თავის გამოჩენის შანსი ეძლეოდათ და ბევრი მათგანი მომავალი სეზონიდან უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელიც ხდებოდა, ოღონდ ამჯერად უკვე "ულიმიტოდ"!
რა თქმა უნდა, ყველას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლით და ჯერ ერთი გუნდის მაგალითს მოვიყვანთ; ასე მაგალითად, სწორედ იმ ასაკობრივი ლიმიტის წყალობით გამოჩნდნენ რუსთავის "მეტალურგში" ვალერი კილასონია (1984 წელს), კახა ცხადაძე, გია კილასონია, მამუკა ქორიძე (სამივე - 1985 წელს), რევაზ არველაძე (1988 წელს), ნუგზარ ლობჟანიძე, ნიკა ტოგონიძე (1989 წელს).
სხვა მაგალითების გახსენებაც შეიძლება, როცა სწორედ მეორე ლიგაში და 18 წლის ასაკში ჰქონდათ დებიუტი გია გურულსა და მალხაზ მახარაძეს (ორივე - ბათუმის "დინამო"), იაგო ჟორჟიკაშვილს ("გურია"), დავით უგრელიძეს (თბილისის "ლოკომოტივი"), სოსო მალანიას (სოხუმის "დინამო"), ვაჟა თარხნიშვილსა და ზურაბ ხორგუაშვილს (ორივე - "დილა").
რაც მთავარია, 1986 წელს, სწორედ II ლიგაში, სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაში გამოჩნდა იმ დროისათვის 18 წლის შემტევი ნახევარმცველი (ხანდახან - ფორვარდადაც რომ ათამაშებდნენ) თემურ ქეცბაია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია