გიორგი ქინქლაძე - დანგრეული "მეინ როუდი" და საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
ნიჭიერ ადამიანზე განსაკუთრებულად ძნელია კონკრეტული განმარტების გაკეთება. აბა, რა უნდა ვუწოდოთ გიორგი ქინქლაძის ფენომენს?!

90-იანი წლების ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, საბჭოთა ეპოქის შემდეგ ყველაზე თვალისმომჭრელი ქართველი მოთამაშე... განმარტების რამდენიმე ვარიანტი არსებობს და დაიბნევი იმის გარკვევაში, რომელია ყველაზე ზუსტი.

ქინქლაძის თამაში "მრეტებიდან" მახსოვს, რაც მომდევნო თაობებს არ ემახსოვრებათ. სამაგიეროდ, შეუძლიათ სხვის მონაყოლს მოუსმინონ და ინტერნეტში ვიდეო დაატრიალონ იმაზე, თუ როგორ ახვევდა თავბრუს ქინქლაძე მცველებს.

ქინქლაძეს არც ერთ გუნდში არ მოუგია დიდი ტიტულები. მის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, განსაკუთრებულ მიღწევებს ვერ დავინახავთ, მაგრამ
ფეხბურთი ხომ მხოლოდ ეს არ არის. ქინქლაძემ ფეხბურთის დანიშნულებას ერთხელაც შეასხა ხორცი - ხალხს სანახაობა აჩუქა, სიხარულიც დაუტოვა და სევდაც.

საქართველოს ახლა არ ჰყავს ასეთი ფეხბურთელი, მაგრამ განა მარტო საქართველოს?..

გიო ქინქლაძემ მოახერხა და შექმნა მითი საკუთარ თავზე. ეს კი, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკა. ინგლისური პრემიერლიგა ბევრს მოუგია, მითი კი ცოტაა...

Sportall.Geქინქლაძე რამდენიმე დღით არის ჩამოსული თბილისში და მასთან დალაპარაკების შესაძლებლობა ხელიდან არ გაგვიშვია...

- ბოლო წლები მოსკოვში ცხოვრობ - იქ უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, ვიდრე სამშობლოში?
- კომფორტულობაზე არ არის საქმე, უბრალოდ, ასე გამოვიდა, ოჯახიც იქ მყავს... მოკლედ, ჯერჯერობით იქით ვარ.

- რუსეთში მენეჯერულ საქმიანობას ისევ აგრძელებ?
- კი, მე და გოგა გახოკიძე ისევ ამ საქმეში ვართ. ვცდილობთ, ნიჭიერი ახალგაზრდები აღმოვაჩინოთ და გზაზე დავაყენოთ.

- შარშან ლევან ყენიას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ტრანსფერზე მუშაობდი. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლო მომენტში საქმე ჩაიშალა. რამ შეუშალა ხელი ყენიას "ზენიტში" ტრანსფერს?
- ყენიას დიდი ხანი არ ჰქონდა ნათამაშები ფეხბურთი, "ზენიტს" კი დიდი ამბიციები აქვს - რუსეთის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა... ხშირად რუსულ გუნდებში ოთხი ფეხბურთელი წყვეტს ბევრ რამეს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ყენიას არ გაუმართლა, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა. ფეხბურთში ხდება მსგავსი რამ. ყენიას დიდი გულშემატკივარი ვარ. მას აქვს ის პიროვნული და სპორტული თვისებები, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს.

- ჩვენში ხშირად კამათობენ იმაზე - რა უფრო უკეთესია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის - დასავლეთ ევროპაში წასვლა თუ რუსეთი ან უკრაინა. როგორია შენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ევროპაში უფრო გაიზრდება. რუსეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძნელი სათამაშოა, განსაკუთრებით, ქართველისთვის. რუსეთში კვლავაც პატივს სცემენ ქართველ ფეხბურთელებს და არ არსებობს, იქ ვინმე შეზღუდონ, მაგრამ ისიცაა, რომ ლეგიონერისგან რუსეთშიც განსაკუთრებულად ბევრს ითხოვენ. იქაურ ჩემპიონატში რომ მიდიხარ, უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი უნდა იყო...

- ქინქლაძე ვარსკვლავურ ფეხბურთელად "მეინ როუდზე" - "მანჩესტერ სიტიში" ჩამოყალიბდა. ხშირად ჩადიხარ ხოლმე მანჩესტერში?
- მანჩესტერში ჩასვლა მართლაც ძალიან მიყვარს, ჩემი შვილი ცხოვრობს იქ... "მეინ როუდი" კი დაანგრიეს, მაგრამ ამ ქალაქში ჩასვლა მაინც განსაკუთრებულად მსიამოვნებს.

Sportall.Ge

- ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, ნიჭიერისთვისაც, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება. "მანჩესტერ სიტიში" მისვლისთანავე მოიპოვე აღიარება, თუმცა გუნდი იმავე სეზონში გავარდა პრემიერლიგიდან. გქონდა შესაძლებლობა, პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადასულიყავი, მაგრამ "სიტის" გაჰყევი პირველ დივიზიონში. ალბათ, დამეთანხმები, რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან იმოქმედა შენს კარიერაზე...

- რა თქმა უნდა. 22 წლის ვიყავი, პირველი პრემიერლიგური სეზონის შემდეგ სათანადო გამოცდილება არ მქონდა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ისეთი სიტუაცია იყო "სიტიში", რომ უარი ვერ ვუთხარი... როცა შეცდომას უშვებ, ორჯერ და სამჯერ უფრო ძლიერ საპასუხო დარტყმას იღებ - ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

- ფეხბურთელის კარიერა ყაზანის "რუბინში" დაასრულე - 33 წელი ის ასაკია, როცა ფეხბურთის პროფესიულ დონეზე თამაში უწინდელივით აღარ გსიამოვნებს?
- მოტივაცია აღარ მქონდა, საზარდულის ტრავმაც მაწუხებდა... ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ თამაშისთვის თავის დანებების დრო იყო.

- რაიან გიგზი 39 წლისაა და კიდევ აპირებს თამაშს...
- გიგზს ისე წაუვიდა საქმე, რომ შეფერხებები არ ჰქონია. ის ახლაც ამტკიცებს, რომ პროფესიონალია. მას მხოლოდ სახელის გამო არ ათამაშებენ "მანჩესტერში". მერწმუნეთ, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება კარიერა.

- ყოფილან ათი ნომრები, რომელთაც არ ჰქონიათ დრიბლინგის განსაკუთრებული უნარი, თუმცა გუნდისთვის დიდი სარგებლობა მოუტანიათ. ქინქლაძე კი სულ სხვანაირი იყო, კაცის მოტყუებას არ ერიდებოდა - რა იყო ეს, ინსტინქტი თუ გამომუშავებული თამაშის სტილი?
- ქართველის ბუნებაა ასეთი - ბურთი მოიგდოს, მოატყუოს და შეაგდოს. თუ ეს გამოგდის, რატომ არ უნდა გააკეთო? ოღონდაც თამაშის წინ არასდროს მიფიქრია - გავალ მოედანზე და ხუთ კაცს მოვატყუებ-მეთქი. კაცის მოტყუებასა და დრიბლიგს ვერავინ გასწავლის და ამაზე საგანგებოდ არც არასდროს მიმუშავია.

Sportall.Ge

- რაც თბილისში ჩამოხვედი, სპორტულ ფორმას არ უნდა უჩიოდე...
- ყოფილი ფეხბურთელები თითქმის ყოველ საღამოს ვიკრიბებით მინი-ფეხბურთის სათამაშოდ, თუმცა ყოველთვის ის გუნდი ვერ იმარჯვებს, სადაც მე ვთამაშობ.

- საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი გიორგი ქინქლაძისგან ლიდერობას, გუნდის თამაშის გაძღოლას ითხოვდა, მაშინდელი ნაკრებისგან კი ფინალურ ეტაპზე გასვლას - ეს ძალიან მძიმე ტვირთი, შეუსრულებელი მოთხოვნა იყო?
- ძალიან გულდასაწყვეტია, შესარჩევის ჯგუფიდან გასვლა ერთხელაც რომ ვერ მოვახერხეთ; არადა, მეტის გაკეთება შეგვეძლო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ნაკრებში ასეთ თაობასთან მომიწია თამაში.

რაც შეეხება ლიდერობას, ინდივიდი ბევრს ნიშნავს, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია. მეტწილად ისეთ ჯგუფში ვხვდებოდით, ორი გრანდი რომ გვყავდა. უნდა მოუგოთ ინგლისს, გერმანიას, იტალიას... ასეთი იყო ჩვენი გულშემატკივრის მოთხოვნა, რადგან ნაკრების ფეხბურთელებში საამისო პოტენციალს ხედავდა.

ერთხელ მაინც რატომ ვერ მოვახერხეთ ჯგუფიდან გასვლა? ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. გამოცდილება გვაკლდა, რაც ვიცოდით, იმას ვთამაშობდით...

ალბათ, საქართველოს ამ ნაკრების გამოსვლას შეძლებისდაგვარად ადევნებ თვალყურს რუსეთიდან - რა შთაბეჭდილება გრჩება?
- ყველა თამაშის ნახვის საშუალება არ მქონია. ვუყურე ჩვენი გუნდის მატჩს ესპანეთთან და საფრანგეთთან. ესპანელებთან ჩვენებმა ღირსეულად ითამაშეს, საფრანგეთთან კი... იმის თქმა კი არ მსურს, საქართველოს ნაკრები საფრანგეთში უნდა ჩასულიყო და აუცილებლად მოეგო; უბრალოდ, შეიძლებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს საფრანგეთში უკეთესად ეთამაშა.

- ამ შესარჩევში ნაკრებში აღარ იწვევდნენ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს. რა თქმა უნდა, უსასრულოდ ვერავინ ითამაშებს, თუმცა, როგორ ფიქრობ, მათ აღარ შეეძლოთ სარგებლობის მოტანა ეროვნული გუნდისთვის?
- ჩემი აზრით, მათ შეეძლოთ სარგებლობის მოტანა ნაკრებისთვის, თუმცა, როცა მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი ფეხბურთელების არგამოძახებაზე, ის წინ იხედება, პერსპექტივას ხედავს ახალგაზრდა ფეხბურთელებში.

- ხშირად გვესმის აპელირება იმაზე, რომ საქართველოს ამ ნაკრებს არ ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და ამიტომ ნუ ითხოვთ ჯგუფიდან გასვლას, შემტევი ფეხბურთის ჩვენებას და ასე შემდეგ. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე გიორგი ქინქლაძე...
- სათამაშო პრაქტიკის შემთხვევაში ფორმაში შევა ლევან ყენია, გვყავს თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, დავით თარგამაძე, სანდრო კობახიძე... ეს ის ხალხია, ვისაც შეუძლია ამინდის შეცვლა. გვყავს კარგი მეკარე, დაცვაში ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, გურამ კაშია... საქართველოს ამ ნაკრებშიც სათითაოდ ყველა ფეხბურთელი დადებითად უნდა შეფასდეს.

- ნაკრებში ცენტრფორვარდის პოზიციაზეც გამოჩნდა პოზიტივი...
- გარდა იმისა, რომ მათე ვაწაძეს გოლის ალღო აქვს, კარგადაც იხსნება, უდავოდ კარგი ფეხბურთელია.

Sportall.Ge

- ქართული ფეხბურთიდან უცხოურზე გადავერთოთ. ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში გერმანული გუნდებისგან ესპანელების ასეთი დაჯაბნა ყველამ ყბად იღო. როგორ ფიქრობ, საფეხბურთო მოდა იცვლება?
- ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ უკვე კარგად აუღეს ალღო "ბარსელონას" თამაშს. ამ ყველაფერს კი წლები დასჭირდა. გერმანია, ტრადიციულად, "კარგად გაპოხილი მანქანა" იყო ფეხბურთში და ასეა დღევანდელი "ბაიერნის" შემთხვევაშიც.

რაც შეეხება "დორტმუნდის" და "რეალის" დაპირისპირებას, ის ჟოზე მოურინიომ წააგო. წარუმატებლობის შემდეგ ჯოხი ყოველთვის მწვრთნელზე ტყდება. ამ შემთხვევაში მართლაც მწვრთნელის ბრალი იყო ბევრი რამ.

- ფინალში ფავორიტად რომელი გუნდი მიგაჩნია?
- ჩემი აზრით, ფინალს "ბაიერნი" მოიგებს, იუპ ჰაინკესის გუნდი ამ სეზონში ძალიან მაგარ ფორმაშია. მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა - ამ გუნდს ნაკლი არ გააჩნია.

- ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში საკუთარი გემოვნებით ყველაზე უფრო რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი, რომელიც მანამდე განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობდა მაღალ დონეზე თამაშით?
- მარკო როისს - ის ამ სეზონს მართლაც სტაბილურად ატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
The National: ლიონელ მე­სიმ­დე იყო გიორგი ქინ­ქ­ლა­ძე [VIDEO]
თაობები, რომლებიც საქართველომ ვერ დააფასა
გიორგი ქინქლაძე "ზენიტს" ლუიშ ნანის შეძენაში ეხმარება
გიორგი ქინქლაძე: ვხედავ, რაც საქართველოს ნაკრების გარშემო ხდება, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიო გენაცვალე,რომ შემეძლოს, ხვთისგან ბოძებული იმ ენითაუწერელი ნიჭის გაფლანგვისათვის ციხეში ჩაგსვავდი.
მამუკა
22:45 24-05-2013
0
boroti adamiani
nino
13:40 22-05-2013
0

სიახლეები პოპულარული