ვაჟა ჟვანია: ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა - ჟორდანიას "მოხარშულს" ვიცნობ

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიას მიმართვას თავისებური რეზონანსი მოჰყვა ჩვენს საფეხბურთო სამყაროში. ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, ყველა საკუთარ პროგნოზს აკეთებს.

ამ ყოველივეზე სალაპარაკოდ რესპონდენტიც შევარჩიეთ - საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის და ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის (საქველმოქმედო ფონდი) თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია.

ჟორდანია და ჟვანია ფეხბურთელობისას თანაგუნდელები იყვნენ თბილისის "დინამოში", მერე კი ამ კლუბის დირექტორატში მუშაობდნენ ერთად. ჟორდანია და ჟვანია მეგობრები იყვნენ, თუმცა მათ შორის უთანხმოებაც მომხდარა, ჟვანია ღიად აკრიტიკებდა კიდეც ჟორდანიას.

"ლელოს" კითხვებს ვაჟა ჟვანია პასუხობს...

- მერაბ
ჟორდანიას მიმართვა საქართველოს საზოგადოებისადმი თქვენთვისაც მოულოდნელი იყო? ჟორდანია ხომ, ფაქტობრივად, საქართველოში დაბრუნებაზე და ფედერაციის პრეზიდენტობაზე აცხადებს პრეტენზიას...

- ჟორდანიას განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. დაახლოებით ორი თვის წინ ვამბობდი, მერაბი ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს-მეთქი, მაგრამ მაშინ ჩემი პროგნოზი ბევრმა არ დაიჯერა.

- რას ემყარებოდა თქვენი პროგნოზი?
- იმას, რომ ჟორდანიას "მოხარშულს" ვიცნობ.

- თუ გავითვალისწინებთ ჟორდანიას ბიოგრაფიას, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ მისი წარმატებული დაბრუნება ქართულ ფეხბურთში? ფაქტია, ჟორდანია დაპატიმრებული იყო საქართველოში...
- თვითონ, ალბათ, არ ფიქრობს ამ ყველაფერზე. ჩემი აზრით, არ სურს წარსულის გახსენება. არადა, აწმყოზე რომ ფიქრობ, წარსულიც უნდა გახსოვდეს.

- ჟორდანიას მხოლოდ უარყოფითი კუთხით უყურებთ? ის 90-იან წლებში იყო თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი და მაშინ რა სიტუაციაც იყო საქართველოში, ყველას გვახსოვს...
- რა თქმა უნდა, მას დადებითსაც ვერ წაართმევ. ჟორდანია ყურადღებით ეპყრობოდა ქართული ფეხბურთის ვეტერანებს, ქველმოქმედი იყო. საქმეს სჭირდებოდა და მე და ჟორდანია ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით, თუმცა რაც ერთად გავაკეთეთ, დიდი ვერაფერი გამოდგა. როცა ჟორდანია "დინამოს" პრეზიდენტი იყო, მაშინდელი საქმიანობით თუ რამე საამაყო აქვს, ჯობია, ამაზე თვითონ ისაუბროს.

- მაინც როგორ გახდა ჟორდანია "დინამოს" პრეზიდენტი? როგორ ააწყო საქმე?
- ჟორდანიას ინტელექტუალური საფეხბურთო გუნდი დავახვედრე. ეს გუნდი ქაჩავდა "დინამოსაც" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც.

მოგეხსენებათ, "დინამო" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო. მერე ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, გაიმართა კრება და "დინამოს" ფეხბურთელებმა დაიჯერეს, რომ ჟორდანია მოახერხებდა კლუბის გაძღოლას. ამ ყველაფერში მე ვიყავი ჩართული, ჟორდანია კი იმ დროს ისლანდიაში თამაშობდა ფეხბურთს და "დინამოში" რომ მოვიდა, ფინანსური აქტივებიც დავახვედრე: 214 000 გერმანული მარკა და 140 000 დოლარი; კიდევ ფეხბურთელთა სატრანსფერო თანხები.

- თქვენი და ჟორდანიას თანამშრომლობა რატომ დასრულდა "დინამოში"?
- კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, მერე კი ჟორდანიამ და მისმა თანამოაზრეებმა ჩამომაშორეს კლუბს.

- ჟორდანიას ღიად მაშინ დაუპირისპირდით, როცა კახა კალაძის სატრანსფერო თანხაზე ატყდა აჟიოტაჟი - რა მოხდა მაშინ, რა იყო კონფლიქტის მიზეზი?
- თუ არ ვცდები, 1996/97 წლების სეზონი იყო, როცა "დინამოში" დავბრუნდი სამი თვით. კალაძე თბილისის "დინამოდან" გადავიდა კიევის "დინამოში", იქიდან კიდევ "მილანში". კონტრაქტი იმის თაობაზე, რომ თბილისის "დინამოს" უკრაინული გუნდიდან ეკუთვნოდა იმ ტრანსფერის ღირებულების ნახევარი, რითაც კალაძე გადავიდოდა კიევის "დინამოდან" სხვა გუნდში, "აგრომრეწვბანკში" ინახებოდა.

კალაძე უკრაინულ გრანდში რომ გადავიდა, ჩვენს "დინამოს" ამაში 300 000 დოლარი უნდა აეღო. კონტრაქტის თანახმად, კალაძის "მილანში" გადასვლით მიღებული თანხიდან კი კიევის "დინამოს" უნდა გამოექვითა კალაძის ხელფასის, პრემიების, მანქანის, ბინის ხარჯები და რაც დარჩებოდა, იმ თანხის ნახევარი უნდა მიეცა თბილისის "დინამოსთვის".

ამ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც კიევში. "დინამოს" 80 პროცენტი შპს "ბერმუხას" ეკუთვნოდა, 10 პროცენტი მერაბ ჟორდანიას და 10 პროცენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუ არ ვცდები, გამოძიებამ დაადგინა, რომ "დინამოს" დამფუძნებლებმა აზარალეს სახელმწიფო.

- როგორ ფიქრობთ, ახლა რა სიკეთის გაკეთება შეუძლია ჟორდანიას ქართული ფეხბურთისთვის? ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ჟორდანია უუნარო ნამდვილად არ არის...
- ჟორდანია რომ უნარიანი კაცია, ეს არნემის "ვიტესშიც" დაამტკიცა, პერიფერიული გუნდი ევროსარბიელზე გაიყვანა. თუ ასეთ რამეს გააკეთებს საქართველოშიც, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელი იქნება, რადგან აქ ინტელექტუალური საფეხბურთო რესურსი მცირეა.

- ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო - ამ თანამდებობაზე როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას?
- შეიძლება იმის თქმა, რომ ფედერაციის პრეზიდენტობისას ჟორდანიამ ნაწილობრივ გაართვა საქმეს თავი. აშენდა ფედერაციის ახალი ოფისი, ნაკრების ბაზა... თუმცა გაცილებით მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.

- როგორც მეგობარს, რას ურჩევდით ჟორდანიას?
- ილუზიებით ნუ იცხოვრებს.

გამოხმაურება: აწმყოზე რომ ფიქრობ, წარსულიც უნდა გახსოვდეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვაჟა ჟვანია: ჩვენი საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ნულია
თვალსაზრისი: პრეზიდენტობის ვირტუალური კანდიდატი?
მერაბ ჟორდანიას მიმართვა საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისადმი
მერაბ ჟორდანიას შეხვედრა აბრამოვიჩთან და პირველი მილიონები "ვიტესში"
მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები
მერაბ ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი, გიორგი ნემსაძე - სფფ-ის საპატიო პრეზიდენტები?

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 5 /
საქართველოს ძალიან ცოტა ყავს ისეთი პროფესიონალი, რომელიც შეძლებს მაშტაბურად იაზროვნოს და მართოს ფეხბურთი ქვეყანაში. რაც მოიტანა დილიტანტების-ახალკაცის და სიჭინავას
"მოღვაწეობა"-მ კარგად ვიცით. 0 % წარმატება ევროპულ კლუბურ ტურნირებზე და ასევე სანაკრებო დონეებზე / მცირე გამონაკლისი 17 წლიანები და ვნახოთ 19-იანები/ . და ეს ყველაფერი 10 წელია არ იცვლება. გვაწყობს ახალი ექსპერიმენტები? უეფა , ფიფაში ბევრი რამ პირადი ურთიერთობებით წყდება, სადაც ჟორდანიას ცუდი პოზიციები არა აქვს.
დიდ ფეხბურთში ყველგან ფული ტრიალებს და ყველა რაღაც თემებშია გარეული, ანუ წმინდანები ამ სფეროში არ მოღვაწეობენ. თუ არ გვინდა საქმის მკეთებელი ადამიანები, მაშინ გავაგრძელოთ სირთა პარადი ქართულ ფეხბურთში.
გიორგი
01:15 16-06-2013
0
არ დამავიწყდება, ერთხელ ფეხბურთის პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა, მიუხედავად იმისა რომ მერაბ ჟორდანია მხილებული იყო კორუფციაში მისი სიმავრის კახი ასათიანის "კაჩაობით" მერაბ ჟორდანიას ირჩევდნენ პრეზიდენტად. სპორტსმენები არ ეკარებოდათ და მანდატები ნაცნობებს დაურიგეს, საშინელი განუკითხაობა იყო. არჩევნების დროს დარბაზში შემოვიდა ორი ახალგაზრდა კაცი და ყრილობას განუცხადეს "ჩვენ ქალაქის პროკურატურიდან ვართ პროკურორები, ჟორდანიაზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და ამ კაცის არჩევა არ შეიძლებაო". ამ სიტყვების გაგონებაზე კახი ასათიანი წამოხტა არანორმალური სახით, დაუწყო ამ პროკურორებს დედის გინება, ფურთხება და ყვირილი, ვიღაცას დაუძახა პანღური ამოარტყით და გაყარეთო,,,, არ იცის მე ვინ ვარ, როგორ მიბედავენ საქმის აღძვრას ეგ ყ-----ო, პროკურორები გაიქცნენ, კახიმ კი ჟორდანია აირჩია პრეზიდენტად და ერთად გამოჭამეს ქართული ფეხბურთი,,,,,,,
dimitri
10:31 13-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული