ყიფიანი უყვარდა საქართველოს და საბჭოთა კავშირს, ყიფიანს იცნობდნენ და აფასებდნენ ევროპაში.
ყიფიანზე არაერთ უცხოელთან მილაპარაკია. თბილისის "ამერი" ბერლინის "ჰერტას" რომ ეთამაშებოდა, გერმანელებს თბილისში "ჰერტას" მენეჯერი დიტერ ჰიონესიც ჩამოჰყვა, ული ჰიონესის ძმა, რომელსაც გოლები მიუნხენის "ბაიერნში" გაჰქონდა, 1986 წელს კი დასავლეთ გერმანიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალიც მოინაგრა.
ჰერ დიტერს ინტერვიუ რომ ვთხოვე, თითქმის ყველა კითხვა-პასუხში ყიფიანს ახსენებ
ყიფიანზე ახალს ვერაფერს დაწერ და იტყვი. ის ემოცია კი, რაც ამ ნიჭიერი ადამიანისგან მოდის, მომნუსხველი და დამაფიქრებელია.
იური როსტის ფოტოებიც მახსოვს, "დინამოს" სტადიონი და ყიფიანი, რომელიც უკვე მიდის ფეხბურთიდან.
ყიფიანს, ალბათ, ცუდ დროს მოუწია ფეხბურთელობამაც და მწვრთნელობამაც. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რომ ჩამოაშორეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ასეთი განმარტება გააკეთა - ვერ უზრუნველყო კონტაქტი ნაკრების ფეხბურთელებსა და ფედერაციას შორისო.
ყიფიანი ყოველთვის გულნაკლული ჩანდა და ჰქონდა ამის მიზეზები...
იმ "დინამოში", რომელშიც ყიფიანი თამაშობდა, მთავარი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თანაშემწე სერგო კუტივაძე იყო.
ბატონი სერგო საინტერესო მოსაუბრეა და ერთხელაც ჩამოვუგდეთ სიტყვა ლეგენდარულ დინამოელზე...
- დათო ყიფიანი 1971 წელს მოვიდა "დინამოში", როცა გუნდს გავრილ კაჩალინი თავკაცობდა. მანამდე ყიფიანი ბორია ჭელიძის გუნდში თამაშობდა. კარგი პლეადა იყო, რომელმაც საკავშირო მასშტაბითაც მიაღწია წარმატებებს.
დათო "დინამოში" მოიყვანეს, ჯერ გამოსაცდელი ვადით. ყიფიანი მყისვე მოეწონა მწვრთნელს, რადგან ძალიან კარგად აზროვნებდა მოედანზე. ფიზიკური კონდიციები კი მას ჯერ ისეთი არ ჰქონდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ ეთამაშა.
იყო სხვა პრობლემაც - რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა ყიფიანს, რადგან დისტანციური სისწრაფე ისეთი არ ჰქონდა, რომ გარემარბად ეთამაშა. ის ფორვარდი იყო, თუმცა ეს პოზიციაც ვერ იყო ზედგამოჭრილი მისთვის.
გაურკვევლობა მაშინ დასრულდა, როცა "დინამო" ნოდარ ახალკაცს ჩააბარეს - მან ყიფიანს ზუსტად შეურჩია პოზიცია.
- ნიჭიერ ადამიანებს თავისებური ხასიათი აქვთ - როგორი იყო დამწყები ფეხბურთელი დავით ყიფიანი?
- ცუდს მასზე ვერავინ იტყოდა, თავაზიანი იყო. ბევრს შრომობდა, თანაც მიზანმიმართულად. შრომა ის არ არის, რომ გამოხვიდე, ორმოცდაათი კილომეტრი ირბინო და ოფლი მოიდინო. ყიფიანმა ძალიან კარგად იცოდა საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები.
ნიჭი ერთია, თუმცა ფეხბურთელობის საფუძველი ნიჭთან ერთად, სათანადო ფიზიკური მომზადებაცაა. მუშაობდა ამ კომპონენტზე და საბოლოოდ მოხდა შერწყმა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გუნდთან ერთად ვარჯიშის შემდეგ ის მოედანზე იმისთვისაც რჩებოდა, რომ ტექნიკაზეც ემუშავა - ჩაწოდებები, დარტყმები...
მწვრთნელის დამსახურებაა, რომ ყიფიანის ტალანტს ხელი არ შეუშალა. მიუხედავად მისი ნიჭისა, ამ ფეხბურთელის ჩარჩოში ჩასმა ძნელი იყო. ის არაორდინარული მოთამაშე გახლდათ, როდის რას გააკეთებდა, ვერ წარმოიდგენდი. გაკვირვებას იწვევდა მისი ეს თვისება.
- სანამ ახალკაცის თანაშემწე გახდებოდით, ყიფიანთან თამაშიც მოგიწიათ...
- კაჩალინმა ის ერთხელ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. ყიფიანმა მითხრა, მეტოქის ზურგს უკან ნუ მომცემ პასს, ბურთი ფეხში მომეციო. იცოდა, ბურთს ფეხში რომ მოიგდებდა, მერე უკვე ძალიან მაგარი იყო.
- რას ავალებდა მას ახალკაცი? ყველაზე უფრო რაზე მიუთითებდა?
- პერსონალური დავალება ახალკაცს მისთვის არასდროს მიუცია, მწვრთნელი მას სრულ თავისუფლებას აძლევდა. ყიფიანი თვითონ ირჩევდა მოქმედებებს იმის გათვალისწინებით, თუ რომელ მეტოქეს ვეთამაშებოდით. ის მართლაც შემოქმედი ფეხბურთელი იყო.
- უკვე ჩამოყალიბებული, სახელგანთქმული ფეხბურთელი - როგორი იყო ასეთი ყიფიანი?
- ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა მიშა მესხს, მაგრამ ამით რა?! არ მესმის, როცა ვიღაცაზე იტყვიან, ხასიათის ფეხბურთელია და ამიტომ ვერ თამაშობსო. მთავარია, მოედანზე საქმე გააკეთო, თორემ ხასიათი ყველას ერთნაირი ვერ ექნება.
ყიფიანი ითვალისწინებდა იმას, რომ მაშინდელ "დინამოში" სხვა არანაკლებ ნიჭიერი ფეხბურთელებიც იყვნენ - შენგელია, ჩივაძე, გუცაევი, დარასელია...
- 1981 წელს, სანტიაგო ბერნაბეუს თასის ტურნირში მიღებული ტრავმის შემდეგ ყიფიანმა მალევე დაანება ფეხბურთელობას თავი...
- 1981 წლის წარმატების შემდეგ ახალკაცმა უცბად მოინდომა გუნდის გადახალისება, "დინამოდან" ექვსი-შვიდი წამყვანი ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. ეს დიდი შეცდომა იყო. ახალკაცს ახალგაზრდების იმედი ჰქონდა, გრიგოლ ცაავა და სხვა ნიჭიერი ბიჭები მოდიანო...
ყიფიანს მაშინ ტრავმა ჰქონდა და არ ჩანდა იმის დიდი სურვილი, ის კიდევ რომ დარჩენილიყო "დინამოში".
დათო, ალბათ, თვითონაც გრძნობდა ამ ყველაფერს და ფეხბურთელისთვის ძნელია იმუშაო მწვრთნელთან, ვისგანაც ამის დიდი ინიციატივა არ მოდის...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ყველაზე დიდი ქართველი ათიანი - დღეს დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა
გამოჰქონდა ბურთი. შემდეგ დაირდა და ისეთ პასებს აკეთებდა ბევრ დდღევანდელ მსოფლო მეპასეებსაც შეშურდება.