ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან: გრიშიკაშვილი VS სუპერმარიო

AutoSharing Option
ერთი პერიოდი სოსო გრიშიკაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე იყო, არაერთ გუნდში უთამაშია, რუსეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში...

ფეხბურთელის კარიერა გრიშიკაშვილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში, "დინამო თბილისში" დაასრულა. რომ არა ტრავმები, ალბათ კიდევ ითამაშებდა, რადგან სპორტული ფორმა არ დაეწუნებოდა 40 წლის ასაკშიც კი...

თქმა რად უნდა, გრიშიკაშვილი ბერისმნახველია ფეხბურთში, ახლა კი ერთ ამბავს იხსენებს - როგორ მოხვდა ვლადიკავკაზის "ალანიაში" და როგორ აჯობა დუელში მარიო ბასლერს.

ამ გერმანელ ფეხბურთელს მგონი ყველა იცნობს, ნიჭიერს, ლუდისა და ბანქოს მოყვარულს, ვისაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, თუმცა
მხოლოდ ლამაზი ეპიზოდებით დაამახსოვრა ქომაგს თავი...

ბასლერს თბილისშიც უთამაშია 1995 წელს საქართველოს ნაკრებთან, კიდევ კახა კალაძის კიევის "დინამოს" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1999 წელს...

გრიშიკაშვილი კი სუპერმარიოს ბრემენში შეხვდა...

* * *
თელავის "კახეთის" კარს ვიცავდი, უმაღლეს ლიგაში თამაში დავიწყე თუ არა, რევაზ ძოძუაშვილი დაინტერესდა ჩემით. მაშინ ის თბილისის "დინამოს" მწვრთნელი იყო და ამ გუნდის წინააღმდეგ კარგად რომ ვითამაშე, ალბათ ამან გადაწყვიტა ბევრი რამ.

ძოძუაშვილმა "დინამოს" ბაზაზე მიმიყვანა, იქ ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი, სათამაშოდ კი თელავის "კახეთში" მივდიოდი. მოკლედ, ცოტა არ იყოს, კურიოზული სიტუაცია იყო შექმნილი.

მერე ძოძუაშვილს რაღაც კონფლიქტი მოუვიდა "დინამოში" და ამ გუნდიდან რუსთავის "მეტალურგში" რომ გადავიდა, მეც თან წამიყვანა.

შემეძლო "დინამოში" დარჩენა, გუნდის მთავარი მწვრთნელი გივი ნოდია მელაპარაკა ამის თაობაზე, კლუბის დირექტორატის წევრმა, მერაბ რატიანმაც შემომთავაზა "დინამოში" თამაში, მაგრამ რადგან ძოძუაშვილმა მიმიყვანა ამ გუნდში და "დინამოს" დატოვებამ მოუწია, მეც ძოძუაშვილთან წავედი.

"მეტალურგი" მაშინ საკმაოდ სერიოზული გუნდი იყო, სადაც ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ: ლევან კობიაშვილი, ძმები კილასონიები, გიორგი ღუდუშაური, გოგა გახოკიძე, ზურაბ ფოფხაძე, კახა ალადაშვილი, სანდრო ბურნაძე, გელა არჩვაძე, ზაზა ზირაქიშვილი, დათო ჩალაძე, თამაზ პერტია...

"მეტალურგში" ნახევარი წელიწადი ვითამაშე. თასის ფინალში გავედით, თუმცა "დინამოსთან" დავმარცხდით.

ახლაც არ ამოდის თავიდან ძოძუაშვილის სიტყვები. მწვრთნელმა შესვენებაზე გვითხრა, მეორე ტაიმის პირველ თხუთმეტ წუთში თუ არ გაუშვებთ გოლს, ამ თამაშს მოვიგებთ, უფრთხილდით ყაველაშვილს, თუ "დინამო" გოლის გატანას მოახერხებს, ამას დღეს მხოლოდ ყაველაშვილი თუ შეძლებსო.

დაიწყო მეორე ტაიმი და 57-ე წუთზე ყაველაშვილმა გაგვიტანა გოლი, ფინალი 0:1 წავაგეთ.

კიდევ ერთ მაშინდელ ამბავს გავიხსენებ. ლანჩხუთის" გურიას" ვხვდებით, მატჩი ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობს, შესვენებაზე ძოძუაშვილი გია კილასონიას ეუბნება, აბა, შენ იცი, ეს თამაში შენ უნდა მოიგოო.

მეორე ტაიმიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა, უკვე 90-ე წუთი იყო და ჩავილაპარაკე, მიხიჩ, ამჯერად ვერ გამოიცანი-მეთქი, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს კუთხესთან გია კილასონიამ მიიღო ბურთი და სასწაული, ძლიერი დარტყმით "ცხრიანში" მოათავსა.

სწორედ "გურიასთან" მატჩის შემდეგ ჩემთან ვლადიმერ გუცაევი მოვიდა და მითხრა, ვლადიკავკაზის "ალანია" დაინტერესდა შენით და არ წამოხვალო. გუცაევმა ისიც მითხრა, "ალანიას" თავკაცი ვალერი გაზაევი უკვე გიცნობს, უყურა შენს თამაშს თასის ფინალში "დინამოსთან" და ნაკრებში შენს თამაშზეც აქვს ინფორმაციაო.

ასე წავედი "ალანიაში". კონტრაქტის გაფორმებამდე ტესტ-მატჩში მომიხდა მონაწილეობა, კარგად წამივიდა თამაში, რამდენიმე რთული ბურთი მოვიგერიე, მატჩის ბოლოს კი ბახვა თედეევმა პენალტით მაინც გამიტანა გოლი.

ნაწვიმარი იყო და მოედანს ამოგანგლული ვტოვებდი. გასახდელთან "ალანიას" პრეზიდენტი ბათრაზ ბითაროვი დამხვდა, წამო ჩემს კაბინეტში, კონტრაქტს მოვაწეროთ ხელიო. ვუთხარი, ვიბანავებ და მოვალ-მეთქი, მაგრამ ბითაროვმა არ დამანება, ახლა არ არის აუცილებელი შხაპის მიღებაო.

მოკლედ, კლუბის პრეზიდენტის კაბინეტში ტალახში ამოთხვრილი მივედი და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ბითაროვმა იქვე მაჩუქა რაღაც თანხა, რაც კონტრაქტით გათვალისწინებული არ იყო, მითხრა, ნუ გერიდება ამ ფულის აღება, ხელფასამდე ჯიბის ფული გექნებაო. თანხა კი ცოტა ნამდვილად არ იყო, ჯიბის ფულზე ბევრად მეტი, ამდენს მაშინ "პადიომნებს" ვერ არიგებდნენ საქართველოში.

რუსეთში სეზონი მარტის ბოლოს იწყებოდა და იყო იმის საშუალება, რომ მოსამზადებელ პერიოდში რამდენიმე შეკრება გაგვევლო. ერთ-ერთი შეკრება "ალანიამ" გერმანიაში დაგეგმა. ბრემენში ჩავედით, "ვერდერის" ბაზაზე ერთდღიანი ტურნირი იყო. პირველი შეხვედრა გერმანიის ერთ-ერთ ქვედალიგელთან გვქონდა და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მერე კი "ვერდერს" დავუპირისპირდით.

პირველ ტაიმში "ალანიას" კარს ზაურ ხაპოვი იცავდა, მეორეში კი მე. ანგარიში 2:2 იყო, ეს კი "ვერდერს" ხელს არ აძლევდა, ბურთების უკეთესი სხვაობით ტურნირის ფინალში ჩვენ გავდიოდით.

"ვერდერმა" 11-მეტრიანი მოიპოვა და ბურთთან მარიო ბასლერი მივიდა. პენალტის დროს იმას არ ვაკვირდებოდი, მეტოქე ტერფის რა ნაწილით ასრულებდა დარტყმას, წინათგრძნობას ვენდობოდი და მაშინაც ასე მოვიქეცი, მარჯვნივ გადავხტი და დარტყმა მოვიგერიე.

ბასლერმა, ასე ვთქვათ, ძალაზე დაარტყა და არა შესრულებაზე. 11-მეტრიანების მოგერიებაში გამოუცდელი არ ვიყავი, ნაკრებში ორი პენალტი მქონდა აღებული, ნიგერიასა და ესტონეთთან.

ერთი სიტყვით, "ვერდერი" გზიდან ჩამოვიცილეთ და ფინალში მეორე ბუნდესლიგის გუნდი დავამარცხეთ, თუ არ ვცდები, "კოტბუსი".

რაც შეეხება ბასლერს, მას პირველ ტაიმშიც შეეძლო გატანა, ისეთი ჯარიმა დაარტყა, ვერც ერთი მეკარე ვერ აიღებდა, მაგრამ ბურთმა ხარიხას ჩაუზუზუნა. იმ შეხვედრაში ბასლერი ძლიერი დარტყმებით და ჰაეროვანი მოძრაობით გამოირჩა, ისე დარბოდა, თითქოს მოედანს ფეხს არ აბიჯებსო.

იმავე, 1995 წელს ბასლერი ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა, ის უკვე ვარსკვლავურად თამაშობდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, "ვერდერმა" ბანკეტი გამართა და ცხადია, ტურნირის მონაწილე ყველა გუნდი მიგვიწვია. გერმანული ბანკეტი კი ლუდის გარეშე ვერ იქნებოდა. ვალერი გაზაევმა ფეხბურთელებს ლუდის დალევის ნება დაგვრთო.

"ალანიას" ფეხბურთელებმა ლუდი ზომაზე მეტი მიირთვეს, მოგეხსენებათ, რუსებს განსაკუთრებულად უყვართ დალევა. თანაგუნდელების გარდა ბასლერსაც გავხედე - მან ალანიელებზე მეტი ლუდი მიირთვა, რუსებს ლუდის სმაშიც გადაუჯოკრა.

ბანკეტიდან სასტუმროში რომ დავბრუნდით, გაზაევმა ფეხბურთელებს უსაყვედურა, ლუდის დალევა არ დამიშლია, ოღონდაც ლუდით სიამოვნება უნდა მიგეღოთ და გადათრობა საჭირო არ იყოო.

ის კი არ ვიცი, თუ რა უთხრა "ვერდერის" მწვრთნელმა ბანკეტის მერე სუპერმარიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თაობები, რომლებიც საქართველომ ვერ დააფასა
რა უთხრა რომან ფიფიამ სოსო გრიშიკაშვილს პირისპირ შეხვედრაზე
სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა
სოსო გრიშიკაშვილი: ფეხბურთში შემთხვევით აღმოვჩნდი
გრიშიკაშვილი: გამომიძახონ ნაკრებში და ნახავთ, რა შემიძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული