ტრანსფერების დროა, მაგრამ ტრანსფერებს ფული უნდა. ტრანსფერი ფრანგული სიტყვაა, გადასვლას ნიშნავს და თუ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთი გუნდიდან მეორეში გადავა, ესეც ტრანსფერია.
ცხადია, ტრანსფერს ფეხბურთში უფრო ის მნიშვნელობა აქვს, როცა ერთი გუნდი მეორესგან იყიდის ფეხბურთელს.
ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუ რამდენი უნდა გადაუხადოს "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" 23 წლის ელგუჯა გრიგალაშვილისთვის, თუმცა ქუთაისილები მუქთად რომ არ
გრიგალაშვილი 2012-13 წლების სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო "ტორპედოშიც" და საერთოდ ჩემპიონატში. ჯანიანი, აგრესიული, ტექნიკური, კარგი დარტყმით და ნათელი გონებით - "დინამომ" ასეთი ფეხბურთელი ჩაიგდო ხელში და შეიძლება იმის თქმა, რომ წარმატებული ტრანსფერი განახორციელა.
გრიგალაშვილი "დინამოში" - ამაზე ძვირიანი შიდა ტრანსფერი დამდეგი სეზონის წინ ალბათ არ მოხდება საქართველოში, თუნდაც იმიტომ, რომ "დინამოს" გარდა ამის საშუალება ამ ეტაპზე თითქმის არც ერთ კლუბს არ აქვს და ვისაც აქვს, იმას სხვა გეზი აქვს არჩეული.
გრიგალაშვილს ორივე ფლანგიდან შეუძლია მეტოქის დაჯაბნა, შუისკენ თუა შეწეული, იქიდანაც ეფექტურია. მოკლედ, გრიგალაშვილი წესითა და რიგით უნდა გამოადგეს "დინამოს".
საქართველოს ყევლაზე ტიტულოვანი გუნდის გამოსვლა ევროსარბიელზე ყველაზე საინტერესო სწორედ იმიტომ არის, რომ ის ყველაზე უფრო დახუნძლულია ტიტულებითა და ტრადიციებით.
დინამოელთა დამრიგებელი, უმცროსი დუშან უჰრინი "ლელოში" რომ გვყავდა სტუმრად, ცხადია, იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, თუ რა პერსეპექტივა აქვს "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლასთან დაკავშირებით (იხილეთ ვრცლად).
უმცროსი უჰრინი დიპლიმატიური პასუხებით შემოიფარგლა, თუმცა წარმატებისთვის ფინანსები რომ აუცილებელია, არც ეს დაუმალავს.
მთავარია, შედეგი, რომელიც ყველაფერს მოინელებს და ვნახოთ, ვინძლო წლეულს "დინამომ" ევროპაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.
სხვა გუნდებისგან რას უნდა ველოდოთ წლევანდელ ევროფრონტზე?
საჩხერის "ჩიხურას" დამრიგებელმა სოსო ფრუიძემ პირდაპირ თქვა, თავს ნუ მოვიტყუებთ, "ჩიხურა" ევროსარბიელზე ვარსკვლავებს ვერ მოსწყვეტსო (იხილეთ ვიდეო).
ქუთაისის "ტორპედო" ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა და სანამ ახალგაზრდები არ დაღვინდებიან, ევროტურნირზე მნიშვნელოვან შედეგს ვერავინ ვერ მოსთხოვს.
არის კიდევ გორის "დილა", რომელიც ხელახლა ქმნის გუნდს. "დილაში" კარგი, მრავალნაცადი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ და საკითხავი ისღა დარჩა, რამდენად გასწვდება "დილას" ბიუჯეტი კვალიფიციურ ფეხბურთელებს.
"დილაში" საინტერესო მწვრთნელიც მივიდა. გიორგი დევდარიანი "თბილისის" მერე ახალგაზრდულ ნაკრებებს წვრთნიდა, 2011/12 წლების სეზონის მეორე ეტაპზე "დინამო თბილისი" ჩაიბარა და იმავე სეზონის ბოლოს ის რამაზ მუმლაძემ შეცვალა.
"დინამოს" მაშინდელი პროექტი არ იყო გათვალისწინებული იმაზე, რომ გუნდს დევდარიანი ჩაიბარებდა. ახლა კი ეს მწვრთნელი სეზონის დაწყებამდე მივიდა გუნდში, აქვს იმის დრო და ალბათ საშუალებაც, რომ საკუთარ თარგზე მოჭრას "დილა".
თუ "დილას" ნორმალური დაფინანსება 2013/14 წლების სეზონის მეორე ეტაპზეც ექნება, შესაძლოა "დინამო თბილისს" კონკურენტიც გამოუჩნდეს ჩემპინატის თუ თასის მოსაგებად. ამიტომაც, "დილა" სტრატეგიული მნიშვნელობის გუნდი ხდება - იქნებ, დამდეგი სეზონი მონოტონური არ გამდგეს და მხოლოდ მეორე-მესამე და მეოთხე ადგილისთვის არ გაჩაღდეს ბრძოლა.
ალან შირერი ამბობდა, იყო მეორე, იგივეა, რომ იყო ხელმოცარულიო.
რა თქმა უნდა, მეორე და მესამე ადგილიც შედეგია, მაგრამ შირერი ხომ სულ სხვა რამეს გულისხმობდა - რაღაცის მომგები უნდა იყო, სხვანაირად შენს ფაფხურს ჩალის ფასი აქვს.
"დინამოსაც" სწორედ ასეთი კონკურენტები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ევროსარბიელს უფრო კარგად მომზადებული შეხვდეს.
* * *
გასარკვევი ისღა დარჩა, ითამაშებს თუ არა "ზესტაფონი" 2013/14 წლების სეზონში და თუ ითამაშებს, რა ბიუჯეტით, რა ფეხბურთელებითა და რომელ ლიგაში.
განა ვინმეს გაუხარდება, თუ "ზესტაფონში" საფეხბურთო კერა ჩაქრება? მე მაინც მგონია, რომ ილია კოკაია ამ გუნდს არ მიატოვებს და გამოსავალს მოძებნის. კოაკაიას შეუძლია რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევა და ამას ალბათ ერთხელაც მოახერხებს.
ცოტა მოთმინება კიდევ საჭიროა. აგერ სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერეცია უკვე ერთობლივად მუშაობენ იმაზე, რომ 2014/15 წლების სეზონისთვის ყველა კლუბს ჰქონდეს თანაბარი დაფინანსება სახელმწიფოსგან. მანამდე კი კიდევ ერთი სეზონი იქნება გადასაგორებელი.
ნაჩქარევ გადაწყვეტიელბას ალბათ ჯობია კიდეც, რომ კლუბების დახმარების პროექტი დეტალურად დამუშავდეს, ყველაფერი კარგად აიწონ-დაიწონოს, მაგრამ თუ ამას "ზესტაფონი" შეეწირება, ვერ იქნება კარგი საქმე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"