აფხაზი ბიჭის ამბავი - "კრასნოდარში" ჩვენთვის უცნობი ნიკა ჩხაპელია გამოჩნდა

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის სატრანსფერო ამბებიდან ერთმა განსაკუთრებით დაგვაინტერესა: ავსტრიაში ემზადება "კრასნოდარი", რომლის რიგებშიც საკონტროლო მატჩები ჩვენთვის უცნობმა მოთამაშე ნიკა ჩხაპელიამ ჩაატარა.

გაჩნდა ბუნებრივი კითხვა, ვინ არის ეს ბიჭი? გავარკვიეთ, რომ 19 წლის (1994 წლის 26 აპრილი) ფეხბურთელი ოჩამჩირეში დაბადებული აფხაზია და რუსეთის პასპორტი აქვს.

ვარჯიში ოჩამჩირეში დაიწყო, 12 წლიდან კი ბრაზილიურ სკოლაში ჩაირიცხა. 2009 წელს ესპანეთში საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ბომბარდირიც გახდა. გასული წლის შემოდგომაზე ჩხაპელია რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოიძახეს.

საკმაოდ ტანმორჩილმა ფლანგის შემტევმა ნახევარმცველმა (165 სმ) კარიერა
2010 წელს რუსეთის მეორე დივიზიონის კლუბში, მოსკოვის ოლქის ქალაქ ნარო-ფომინსკის "ნარა-დესნაში" დაიწყო, 2011-12 წლებში ასევე მე-2 დივიზიონის გელენჯიკის "ოლიმპიაში" გამოდიოდა. სხვათა შორის, ამ გუნდის გულშემატკივრებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 17 წლის ასაკში, 2011 წელს მაიკოპის "დრუჟბასთან" შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე ლამის ცენტრიდან გატანილი ულამაზესი გოლით გადაწყვიტა.

ნიკა "კრასნოდარში" 2012 წელს ჩაირიცხა და დუბლშემადგენლობის გამორჩეული მოთამაშე იყო. წლეულს მთავარმა მწვრთნელმა სლოვოლიუბ მუსლინმა კრასნოდარელთა ძირითად გუნდში დააწინაურა და საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ასე მაგალითად, ბაქოს "ინტერთან" (0:0) კრასნოდარელთა რიგებში ყველაზე აქტიური იყო, მანამდე კი დონეცკის "შახტართანაც" (1:2) ცუდად არ გამოიყურებოდა.

საერთოდ, კლუბის გენერალური დირექტორი აფხაზი ვლადიმირ ხაშიგია და თუკი ამ კუთხეში საინტერესო მოთამაშე გამოჩნდება, უმალ "კრასნოდარში" უკრავს ხოლმე თავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
*** ხართ, მეტი იმფორმაცია აღარა გავთვთ? არაფრის შნო არა გაქვთ თქვენზე უკეთესად აზერები , სომხები თურქები უფრო მრავალფერულად წერენ თქვენ კი უაზროდ ადგენთ ინფორმაციას.
gaga
14:39 26-06-2013
0

სიახლეები პოპულარული