თბილისის "დინამო" და საკონტროლო მატჩები - სიახლეების მოლოდინი

AutoSharing Option
ორ კვირაზე ოდნავ მეტი დრო დარჩა იმ დღემდე, თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩი რომ უნდა ჩაატაროს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ხუთწლიანი პაუზის მერე უბრუნდება და მშვენიერი შანსიც აქვს, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული შედეგი აჩვენოს.

ვერაფერს ვიტყვით: წილისყრისას "დინამოს" აშკარად გაუმართლა და გუნდის ერთგული ქომაგები (ალბათ, ისევე, როგორც გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები), წესითა და რიგით, უკვე მომდევნო ეტაპზე უნდა ფიქრობდნენ. ახალი რა უნდა ვთქვათ: მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე ფარერების "სტეიმური" იქნება თუ ანდორის
"ლუზიტანსი", ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს!

მოკლედ, საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, რომ "დინამო" უპრობლემოდ გააღწევს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე და იქაც ხომ შეიძლება, რომ მეტ-ნაკლებად სასურველი მეტოქე შეგვახვედროს წილისყრამ?!.

..."სტეიმურისა" თუ "ლუზიტანსის" პირველი დაპირისპირება მომავალ კვირაშია. მანამდე კი "დინამო" ავსტრიულ შეკრებას განაგრძობს და 27 ივნისს რიგით მესამე საკონტროლო მატჩიც ჩაატარა (ამჯერად - რუმინულ "კლუჟთან").

ადრეც აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მსგავსი "უცნაური" უცხოური შეკრება "დინამოს" როდის ჰქონდა, ვერც გაგვიხსენებია!

მოგეხსენებათ, რომ გუნდების უმრავლესობა სეზონისწინა თუ ზამთრის შეკრებების დროს სპარინგ-პარტნიორებად, უმეტესწილად, თავისზე სუსტ მეტოქეებს ირჩევს ხოლმე. არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის გუნდი საკონტროლო მატჩებს ჯერ ძალიან სუსტ მეტოქესთან ჩაატარებს, მერე უფრო ძლიერთან და შეკრების ბოლოსღა შეიძლება წაეპაექროს სოლიდურ მოწინააღმდეგეს.

აი, "დინამოს" შემთხვევაში კი თავიდანვე ვიცოდით, რომ ავსტრიაში ერთიმეორეზე ძლიერ ოთხ გუნდს უნდა შეხვედროდა: კიევის "დინამოსთან" თუ დონეცკის "შახტართან" ჩატარებული საკონტროლო შეხვედრები რომ უფრო სასარგებლოა, ვიდრე, ვთქვათ, გერმანიის VI თუ VII ლიგის სამოყვარულო გუნდებთან 10-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება, ვფიქრობთ, საკამათო არავისთვის უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, სეზონისწინა შეკრებაზე ამა თუ იმ კონკრეტული საკონტროლო მატჩის შედეგს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ, ალბათ, ბევრს ესიამოვნებოდა თბილისის "დინამოს" მიერ დონეცკის "შახტარის" ძლევა.

უკრაინული მართლაც გრანდის ბოლოდროინდელ პროგრესზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ცნობილი რუმინელი სპეციალისტის, მირჩა ლუჩესკუს დამოძღვრილმა "შახტარმა" ეს საკონტროლო მატჩი, ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობით ჩაატარა. ერთადერთი, დონეცკელებს ვინც აკლდა, ჰენრიხ მხითარიანი იყო, - ეს მართლაც გამორჩეული შემტევი უკვე მერამდენე წელიწადია, ევროპული გრანდების სამიზნეშია და სომხეთის ნაკრების ლიდერის რომელიმე ტოპ-კლუბში გადასვლაც არავის გაუკვირდეს.

ისე, მხითარიანი თავის კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს, "ლივერპულში" თუ "ფიორენტინაში", ეს ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს, - ქართველი ქომაგისათვის საინტერესო ის არის, რომელი გამორჩეული ლეგიონერით გაძლიერდება "დინამო"...

* * *
ახლა კი "დინამოს" წინასასეზონო მზადების მეორე "უცნაურობაზეც": უკვე მერამდენე წელიწადია, თბილისურ თუ უცხოურ შეკრებაზე მიჩვეულნი ვართ პოტენციური უცხოელი ახალწვეულების გამოჩენას.

არც იმას დავმალავთ, რომ ხშირად გაგვკვირვებია ამა თუ იმ გასასინჯი ფეხბურთელით "დინამოს" დაინტერესება; კიდევ კარგი, რომ მათი უმრავლესობა პირველივე საკონტროლო მატჩის მერე უკან ბრუნდებოდა, მაგრამ ისეთი ტრანსფერიც მრავლად გვახსოვს, მხოლოდ და მხოლოდ გაკვირვებულნი რომ დავრჩენილვართ: "დინამოში" იმის გამო აიყვანეს, უცხოელები რომ არიანო?..

საბედნიეროდ, სასიამოვნო გამონაკლისიც არაერთი ყოფილა (ნედ ზელიჩი, მილოშ კრშკო, დიდიე ოვონო, მიკელ ალვარო, პეტერ გრაიციარი და, რაღა თქმა უნდა, ჩისკო) ამ ბოლო წლებში და "დინამოს" ქომაგები წლევანდელ ზაფხულსაც მოუთმენლად ელოდებიან: ჩემპიონთა ლიგაზე მეტ-ნაკლებად ღირსეული ასპარეზობისათვის 2-3 სერიოზული ტრანსფერი გუნდს აუცილებლად სჭირდება!

თუმცა ავსტრიულ შეკრებაზე "დინამომ" ორი სპარინგ-მატჩი ისე ჩაატარა, არც ერთი უცხოელი ახალწვეული გუნდში არ გამოჩენილა.

მოკლედ, ასე იყო გუშინდელ დღემდე და სიტუაცია დღესაც იგივეა.

ვნახოთ, "დინამოს" ხომ კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი აქვს ავსტრიაში...

* * *
"დინამომ" თავისი მესამე სპარინგ-მატჩი ბოლო წლების რუმინული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან, "კლუჟთან" ჩაატარა. ეს კლუბი რეგულარულად ასპარეზობს ევროტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშია და სხვათა შორის, სწორედ "კლუჟი" იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პერიფერიული გუნდი, დედაქალაქის დიდი სამეულის ("სტიაუა," "დინამო", "რაპიდი") ჰეგემონია რომ დაამხო.

ბოლო ხუთ წელიწადში "კლუჟი" სამჯერ გახდა რუმინეთის ჩემპიონი, გასულ სეზონში კი ჩემპიონატში IX ადგილი დაიკავა და ამასთან, თასის ფინალიც წააგო. სწორედ ამის გამოც იყო, რომ სეზონის დამთავრებისთანავე "კლუჟში" უკვე მერამდენე სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: გუნდის გაძღოლა რუმინეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და შემდგომში ცნობილ მწვრთნელს მირჩა რედნიკს მიანდეს.

რედნიკს არაერთი რუმინული კლუბი გაუწვრთნია, რუსეთშიც უმუშავია, აზერბაიჯანშიც და ბელგიაშიც (გასული სეზონი ლიეჟის "სტანდარდში" დაასრულა) და სწორედ მან უნდა დააბრუნოს "კლუჟი" რუმინული ფეხბურთის ლიდერთა მარაქაში.

რაც შეეხება "დინამო" - "კლუჟის" საკონტროლო მატჩს, ეს სპარინგ-შეხვედრა ორმხრივი იერიშებით კი წარიმართა, მაგრამ ორივე გუნდის მეკარეები უშეცდომოდ თამაშობდნენ და საბოლოო შედეგიც (0:0), ალბათ, ლოგიკური იყო.

დუშან უჰრინმა "კლუჟის" წინააღმდეგ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ლორია (46. ზარქუა), - ხურცილავა (46. სეთურიძე), გ. კვარაცხელია, შაშიაშვილი (65. უსტარიცი), კვირკველია - ე. გრიგალაშვილი (65. ლექვთაძე), პაპავა (46. ხმალაძე), ძარია (78. ხოჭოლავა), მერებაშვილი (74. გლიშიჩი) - ჩისკო, დვალი.

ავსტრიულ შეკრებას "დინამო" 30 ივნისს დაასრულებს და საქართველოს ჩემპიონის მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!
დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]
დინამო (თბილისი)-დინამო (კიევი) 0:1 - პირველი სპარინგი ავსტრიაში [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო გია, სტატია თქვენია და მესმის რომ რასაც ისურვებთ იმას დაწერთ, მაგრამ ძალიან არ მომწონს და კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს პოზიციას საქართველოს გუნდებში ლეგიონერების ჩამოყვანასთან დაკავშირებით...
მაგ ლოგიკით გამოდის რომ ბრიტანელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები, ფრანგები, თურქები და კვიპროსელები უბრალოდ სულელები ყოფილან...
Walkabout
15:44 28-06-2013
0
გუშინ მოსკოვის სპარტაკის გულშემატკივრებისგან გავიგე-ვოლფსბურგი ჯანოში 5 მლნ იხდიდა!კარპინმა-7 მლნ მინდაო!არც ათამაშებს და ფეხბურთელში,300000 დოლარად ნაყიდში 5 მლნ გაძლევენ ,მეტი რა ჩემი ...უნდაო!!!
akhali
14:20 28-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული