გიორგი მერებაშვილი: ფიზიკურად კარგად ვართ, ახლა კომბინაციების დახვეწაზე ვიზრუნებთ

AutoSharing Option
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, სადაც დუშან უჰრინის შეგირდები ბოლო სპარინგ-მატჩს რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდართან", 30 ივლისს გამართავენ.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" შეკრებაზე კიევის "დინამოს" (0:1), დონეცკის "შახტარს" (1:0) და რუმინულ "კლუჟს" (0:0) ამხანაგურად გაეჯიბრა.

კლუბის ოფიციალურმა საიტმა დინამოელთა ერთერთ ლიდერ გიორგი მერებაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა.

- ყველანი ვთანხმდებით, რომ სეზონისთვის მოსამზადებლად გუნდი საუკეთესო ადგილზე იმყოფება. მაგრამ მაინც ვალდებული ვარ, შეკრების მიმდინარეობაზე გკითხო?
- შეკრებისთვის იდეალურ ადგილზე ვიმყოფებით, მთებში. ორგანიზმი იწმინდება. ყველაფერი ნორმალურად მიდის. შეკრება ნელ-ნელა სრულდება და ვფიქრობ შევძლებთ,
რომ ორგანიზმის მდგომარეობა პიკს ევროპული თამაშებისთვის მიუახლოვდეს.

ძლიერ მეტოეებთან შეხვედრები კი შეკრებას ორმაგად უფრო ნაყოფიერს ხდის. საკუთარ შესაძლებლობებს და თავს ვცდით.

- ავსტრიული სპარინგები ალბათ ცალკე თემაა. ასეთი ძლიერი მეტოქეები შეკრებაზე ალბათ კარგა ხანია არ გვყოლია?
- ისეთ გუნდებთან მოგვიწია სპარინგი, რომლებიც სისტემატურად გამოდიან ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგაზე და ჯგუფური ეტაპის დაძლევის ამბიციაც გააჩნიათ. მე პირადად არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე "შახტარზე" ძლიერ გუნდთან არ მითამაშია.

როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურად, უმაღლესი კლასის მეტოქესთან შეხვედრაში დიდი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად მატჩის ამხანაგური ხასიათისა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. გამარჯვება ძალიან სასიამოვნო იყო. ასეთ შეხვედრებში წარმატებით თამაშის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა იზრდება, რის გარეშეც მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწევ.

მახსოვს მე-2 ტაიმში დონეცკელები როგორი მონდომებულები გამოვიდნენ და მატჩის ბოლოს მათი ბრაზილიელები როგორი აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად აგებენ და მარცხთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ.

- შეკრებაზე მოწინააღმდეგე გუნდების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, ჩვენი გუნდის ათლეტიზმს და გამძლეობას. შენ რას ფიქრობ, მართლაც არის პროგრესი ამ კუთხით?
- ნამდვილად საგრძნობლად მოვუმატეთ. ადრე მეორე ნახევარში გვიჭირდა, უპირატესობას ვთმობდით, ახლა - პირიქით. აქ გამართულ მატჩებშიც მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ.

მეც საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ მეტი მანძილის დაფარვა შემიძლია და უფრო მეტი სირბილი მოედანზე, ვიდრე ადრე. ეს თბილისში ჩატარებულმა ტესტებმა და სამედიცინო შემოწმებამაც აჩვენა. ორგანიზმს უფრო მეტი დატვირთვების ატანა შეუძლია.

ათლეტიზმის, გამძლეობის, ფიზიკური მომზადების პრობლემა არა გვაქვს, ვფიქრობ ამ მხრივ მზადყოფნაში ვართ.

- წინა შეხვედრებში კომბინაციური თამაში მხოლოდ ეპიზოდურად გამოგვდიოდა, ბურთსაც ვერ ვუფრთხილდებოდით...
- ეს ყველაფერი უთამაშებლობის ბრალია. კუნთები დაჭიმულია, ტექნიკური მოძრაობა ჭირს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია და გარკვეულ დროს მოითხოვს.

მთავარ შეხვედრებამდე ჯერ კიდევ არის დრო და ორი ამხანაგური თამაში. ამ პერიოდში აქცენტი სწორედ კომბინაციების დახვეწაზე გაკეთდება, რაც ჩვენს შეტევებსაც უფრო შინაარსიანსა და აგრესიულს გახდის.

- ოფიციალურ შეხვედრებამდე დარჩენილი ორივე თამაში რუსულ კლუბებთან გვიწევს, 30-ში აქ "კრასნოდართან", 7 ივლისს კი "დინამო არენაზე", მოსკოვის "დინამო" გვესტუმრება...
- ჩემთვის ორივე შეხვედრა ჩვეულებრივი იქნება. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ამჯერადაც ასე იქნება.

"კრასნოდართან" მატჩის წინ ბიჭები ვხუმრობთ, ბოლო მატჩია, უნდა მოვიგოთ და ჯგუფიდან გავდივართ.

რაც შეეხება მოსკოვის "დინამოსთან" თამაშს, მათთან შეხვედრა ისტორიულად ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა. დიდი იმედი მაქვს, "დინამო არენაზე" გულშემატკივარი მოვა და მათი მხარდაჭერით, ჩვენს სტადიონზე დაუმარცხებელ სერიას გავაგრძელებთ.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" და საკონტროლო მატჩები - სიახლეების მოლოდინი
დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]
დინამო (თბილისი)-დინამო (კიევი) 0:1 - პირველი სპარინგი ავსტრიაში [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ კარგად ითამაშეთ და გულშემატკივარი არ მოგაკლდებათ.
guja_kakhadze
23:22 29-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული