ლანჩხუთის "გურიათი" დაინტერესებული მოსკოველი ბიზნესმენი საქართველოში მოდის

AutoSharing Option
სულ ცოტა ხნის წინათ, ლანჩხუთის "გურიას" დაფინანსების საკითხი გაურკვეველი იყო, ახლა კი დამაიმედებელი პროცესი დაიწყო, რასაც, შესაძლოა, კლუბისთვის კარგი გაგრძელება მოჰყვეს.

სამართლიანობის აღდგენა
ქართული ფეხბურთი და დღევანდელი "გურიაც" იმ დონეზე არ არიან, ბიზნესს კლუბის პატრონობა რომ იზიდავდეს. მას დამატებითი სტიმული სჭირდება.

სხვა საქმეა, თუ მფლობელობაში სტადიონსა და ბაზას გადასცემენ. ამას ქუთაისის "ტორპედოს" მაგალითი ადასტურებს: გუნდი "ვისოლმა" მას შემდეგ აიყვანა, რაც "ტორპედო" ქუთაისის გარემონტებულ სტადიონთან ერთად გადასცეს.

ინვესტორს გუნდი კონკრეტულ ობიექტთან ერთად აინტერესებს, ბიზნესი რომ გაშალოს და პარალელური საქმიანობით მოგება მიიღოს.
სხვაგვარად, ქართულ ფეხბურთში თეთრსაც არავინ დააბანდებს.

გრიგოლეთის ბაზის გარეშეც, ლანჩხუთის "გურიათი" არავინ ინტერესდებოდა. წლების განმავლობაში ეს ბაზა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და გასაყიდად ამზადებდნენ. ეს ის ობიექტია, რომელსაც თვალი ბევრმა დაადგა და წლების განმავლობაში, დავისა და ურთიერთობის გარკვევის საგანი გახლდათ.

Sportall.Ge
ფოტოზე: იმედია, გრიგოლეთის ბაზა თანამედროვე სახეს მალე მიიღებს

მაგრამ ბოლო ცნობები დამაიმედებელია: ზღვისპირეთში, რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ეს სპორტული კომპლექსი ისევ ლანჩხუთის "გურიას" დაუბრუნდა.

სწორედ ამასთან არის კავშირში ბოლო ამბავი: უახლოეს დღეებში, საქართველოს მოსკოველი ბიზნესმენი ესტუმრება, რომელიც "გურიათი" დაინტერესდა.

სხვათა შორის, წლების წინათ კომპლექსის შეძენა და თანამედროვე მოსამზდებელი ცენტრის აშენება მოსკოვის "ლოკომოტივსაც" სურდა, მაგრამ პროექტი ბაზასთან დაკავშირებული დავის გამო ჩაიშალა.

"რუს ინვესტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. წესით, ჩემპიონატის დასაწყისამდე ყველაფერი გაირკვევა და მან უნდა გააკეთოს ის, რასაც ჩვენი გულშემატკივარი ელის", - გვითხრა "გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა.

მოსკოველი ბიზნესმენი ეროვნებით რუსია, მაგრამ ლანჩხუთელი მეუღლე ჰყავს.

ახლა, გრიგოლეთის ბაზის გაწმენდა მთავრდება და თანამედროვე საწვრთნელი კომპლექსის აშენება იგეგმება. გარდა ამისა, ლანჩხუთის სტადიონზე გასახდელებს, საშხაპეებს, VIP და პრეს-ლოჟებს აწესრიგებენ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ოქტომბერში მაინც რომ უმასპინძლონ. სეზონის პირველ საშინაო შეხვედრებს კი "გურია" ფოთში ჩაატარებს.

იმედია, ლანჩხუთელთა იმედები ახლა მაინც ახდება და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

სულ გამოცდილები
ლანჩხუთის "გურიას" ახალი მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე საქმეს შეუდგა და მალე გუნდის დაკომპლექტებას დაამთავრებს.

"ჯერ იმას ვიტყვი, რომ დღეიდან, "გურიას" ყოფილი ფეხბურთელი გია ჩხაიძე დამეხმარება - მას ლანჩხუთში კარგად იცნობენ და დიდ პატივს სცემენ.

რაც შეეხება მომზადებას, გუნდი 16 ივლისიდან ვარჯიშობს, მე კი რამდენიმე დღეში შევუერთდი. სამწუხაროდ, დაგვიანებული იყო, მაგრამ, ჩემთვის ეს გამოწვევაა.

ცხადია, მოთამაშეები ჯერ სასურველ ფიზიკურ ფორმაში არ არიან, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ მცირე დროში ვითარება უნდა გამოვასწოროთ და ქულები საწყის ტურებშიც დავაგროვოთ.

დღემდე ორი საკონტროლო შეხვედრა ვითამაშეთ: ურეკში აზერბაიჯანის "სუმგაითთან" 0:0 დავასრულეთ. ქობულეთში კი "შუქურა" გიგა კვერეჩხილაძის გოლით დავამარცხეთ - 1:0.

შემადგენლობის შესათამაშებლად და ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად, თამაშები აუცილებელია და ამ მიზნით, რაც შეიძლება მეტი საკონტროლო შეხვედრის ჩატარებას ვგეგმავთ.

26 ივლისს, წყალტუბოს "სამგურალს" ან ხობის "კოლხეთს" შევხვდებით, 30 ივლისს, სავარაუდოდ, ოზურგეთის "მერცხალს". დაზუსტებული მხოლოდ ისაა, რომ 3 აგვისტოს ბათუმის "დინამოს" დავუპირისპირდებით",
- ამბობს მახარაძე.

ახალწვეულები
ლანჩხუთელთა რიგებში საკმაოდ სოლიდური შევსებაა. "გურიას" მთავარი მწვრთნელი ამაზეც გველაპარაკა:

"კლუბში ბევრი ახალწვეულია. მათი უმრავლესობა გამოცდილი ფეხბურთელია: მეკარე მიხეილ ალავიძე, მცველები თენგიზ ჩიკვილაძე, ედიკ საჯაია, ლექსო ინწკირველი, ალეკო კოშკაძე, ვანო კილაძე, რეზო გოცირიძე. ვაკვირდებით გიორგი მურველაშვილს, შესაძლოა, ზაალ ელიავაც მოვიდეს.

დაგვიბრუნდნენ ლაშა ძაძამია, სევასტი თოდუა, ალექსანდრე შენგელია, ვიტალი დარჩიძე, ჩასემი. რამდენიმე მოთამაშე გასინჯვაზეა და სხვა ფებურთელებსაც ველოდებით. მოკლედ, შემადგენლობა მალე დაკომპლექტდება.

ეს ისეთი კონტინგენტია, რომ პრობლემების მიუხედავად, სეზონს მაინც იმედიანად ველოდები. გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე, ამ ბიჭებს უმაღლეს ლიგაში ნორმალური გამოსვლა შეუძლიათ. მთავარია, ფეხბურთელების ფიზიკურად მომზადება მოვასწროთ".


კიეველები ლანჩხუთში
27 ივლისს, ლანჩხუთში დიდი ამბავი დაიგეგმა: რაიონისა და ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელებმა კიევის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მიიწვიეს.

ლანჩხუთელებმა მიწვევა "გურიას" ყოფილ მთავარ მწვრთნელს მიხეილ ფომენკოსაც გაუგზავნეს. ამჟამად გამოცდილი სპეციალისტი უკრაინის ნაკრების დამრიგებელია.

გურიაში ელოდებიან გუნდის ყოფილ თავდამსხმელს, კიევის "დინამოს" ექსფორვარდს ვიქტორ ხლუსს, ანდრეი ბალს, ვლადიმერ ბესონოვსა და ა.შ.

გურიას გრიგოლეთის ბაზა დაუბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"გურიას" ახა­ლი მწვრთნე­ლის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი: ექ­ვ­სე­ულს ვერ დაგ­პირ­დე­ბით!
ლანჩხუთის "გურია" დავით მახარაძეს ჩააბარეს, ფეხბურთელები ბრუნდებიან, სპონსორიც გამოჩნდა?
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ხოლო უარეს შემთხვევაში სსსრში ჩარჩნენ.
ramo
18:16 25-07-2013
0
წარმატებებს ვუსურვებ ლანჩხუთის "გურიას" . სპონსორი ალბათ დუბლშემადგენლობასაც მიხედავ და ადგილობრივ ფეხბურთელებსაც მიაქცევს ყურადღებას
ქეთი
15:37 25-07-2013
0

სიახლეები პოპულარული