ფრაგმენტები ჩემი კარიერიდან: ილია კოკაიას ტყუილში ამყოფებდნენ

AutoSharing Option
ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს კარგი აგენტის ყოლა, რადგან ფეხბურთელსაც სჭირდება კარგი მრჩეველი, ისეთი აგენტი, რომელიც საკუთარის გარდა, ფეხბურთელის ინტერესებზეც ფიქრობს.

ზაზა ზირაქიშვილი ფეხბურთს მართლაც კარგად თამაშობდა.

სწრაფი, მოდრიბლინგე, გოლის გამტანი თავდამსხმელი იყო. 2001 წელს ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, მაშინ ზაზა "დინამოს" ფეხბურთელი გახლდათ.

ზირაქიშვილის ჰქონდა შანსი, 21 წლის ასაკიდან უკვე სერიოზული ლეგიონერული კარიერა შეექმნა, კარგად დაიწყო ეს საქმე, მაგრამ...

მერე რაც მოხდა, ამაზე თვითონ ზირაქიშვილი ლაპარაკობს. ვფიქრობ, მისი მონაყოლი საყურადღებო უნდა იყოს ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის...

...რუსთავის
"გორდას" ფეხბურთელი ვიყავი, როცა რიგის "სკონტოში" გადასვლა შემომთავაზეს.

უარი ვთქვი, ლატვიური ფეხბურთის დონე მაშინ არ მაკმაყოფილებდა და უკეთეს შემოთავაზებას ველოდი.

მანამდე ისრაელში, რიშონ ლეციონის "ჰაპოელში" ვიყავი, კლუბმა ბინა და მანქანა გამომიყო, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმე არ გამოვიდა, ტრანსფერში ებრაელი აგენტი იყო ჩართული...

ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრაში თბილისის "დინამოსთან" 2:4 წავაგეთ, ორივე გოლი მე გავიტანე და თამაშის შემდეგ ილია კოკაიას შევხვდი, რომელიც დაესწრო ამ თამაშს.

კოკაია არ იყო ლიცენზირებული აგენტი, თუმცა შემპირდა, მეორე ბუნდესლიგის გუნდში მოგაწყობო.

აქედან ორ კვირაში გერმანიაში, ვისბადენში ჩავფრინდი, ვიღაც პორტუგალიელი დამხვდა, ოფიციალური აგენტი არც ის გახლდათ.

ვისბადენში რომ ჩავედი, კოკაიაც იქ იყო. ამ პორტუგალიელმა "ფარენსეში" გასინჯვაზე წასვლა შემომთავაზა. იმ დროისთვის ეს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო და მეც დავთანხმდი.

ფარუში მე და ის პორტუგალიელი წავედით. ოქტომბრის ბოლო იყო და სატრანსფერო ფანჯარაც დახურული იყო.

"ფარენსეში" ერთი თვე მაკვირდებოდნენ. ნოემბრის ბოლოს კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს.

კოკაიამ ეს რომ გაიგო, პორტუგალიაში ჩამოვიდა. 6 თვე პლუს ერთი წელი - ამ სისტემით გავაფორმე ხელშეკრულება "ფარენსესთან"...

რადგან სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, სეზონის მეორე ეტაპიდან შემეძლო ოფიციალურ მატჩებში თამაში, მანამდე კი ამხანაგურ შეხვედრებში მიწევდა მინდორზე გასვლა.

ვითამაშე დორტმუნდის "ბორუსიასთან", მერე სამხრეთ კორეის გუნდთანაც და აზიელებმა მაშინვე კონტრაქტი შემომთავაზეს - "ფარენსეს" ჩვენ გავისტუმრებთ და თვეში 10 000 დოლარს მოგცემთ ხელფასსო.

იმ დროისთვის ეს კარგი შემოთავაზება იყო, რაზეც, რა თქმა უნდა, მაინც უარი ვთქვი, 21 წლის ვიყავი, მომავალზე ვფიქრობდი და ევროპაში მერჩია თამაში...

სეზონის მეორე ეტაპის დაწყების დროს ტრავმა მივიღე, კუნთი დამეჭიმა და სამი კვირა გამიცდა, დავიწყე ვარჯიში და კუნთმა ისევ შემახსენა თავი. ამის გამო კიდევ ორი კვირა ვერ ვითამაშე.

"ფარენსეში" კი მაშინ ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი ლეგიონერი ჰყავდა და მათში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი.

სამატჩო განაცხადში სისტემატურად ვხვდებოდი, მაგრამ თამაში არ მიწევდა. პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურიღა რჩებოდა, "ლეირიასთან" შეცვლაზე რომ შევედი.

ანგარიში 1:1 იყო, როცა ორ მეტოქეს ვაჯობე და ლამის ცენტრიდან გავიტანე - მეკარე წინ იყო გამოსული და ამით ვისარგებლე. ის თამაში 4:1 მოვიგეთ, ყველაზე მეტად კი ჩემი წარმატება, მგონი, გუნდის ექიმს გაუხარდა. ის ჩემს ტრავმიანობას ძალიან განიცდიდა...

მომდევნო ორ ტურშიც ვითამაშე. "ფარენსეს" ესპანელი პაკო ფორტესი წვრთნიდა, ვინც ერთი პერიოდი "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო. ფორტესის რეკომენდაციით კლუბმა ახალი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა - ორწლიანი ხელშეკრულება გაორმაგებული ხელფასით.

"ფარენსედან" 18 ფეხბურთელი გაუშვეს და 12-ს გვტოვებდნენ, ახალი მოთამაშეების დამატება უნდოდათ...

"გორდადან" გათავისუფლების ფურცელი უკვე აღებული მქონდა, სატრანსფერო თანხა გადასახდელი არ იყო და "პადიომნის" სახით ფული ჩემზე მოდიოდა.

შემეძლო, დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილება, არც ერთ აგენტთან ხელშეკრულება არ მქონდა გაფორმებული, მაგრამ საქმის კურსში ჩავაყენე რევაზ ძოძუაშვილი და კოკაია.

ვიცოდი, რომ კოკაიას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა "გორდას" წინაშე. "ფარენსემ" კი მითხრა - არანაირი კოკაია, ჩვენ მოგხედავთო. უკვე ნოტარიუსში მივდიოდით, როცა ისევ გაისმა ზარი - ძოძუაშვილიც მირეკავდა და კოკაიაც, ცალ-ცალკე მელაპარაკებოდნენ და ორივე მეუბნებოდა - "კიოლნში" მოგაწყობთო. მოკლედ, "ფარენსეს" უარი ვუთხარი...

გინდ კაცობაში ჩამითვალეთ ეს გადაწყვეტილება, გინდ სისულელეში - ფაქტია, რომ საკუთარი საქმე და ინტერესი უკან გადავწიე. კოკაიას ვალდებულება რომ ჰქონდა "გორდასთან", ამას გავუწიე ანგარიში, თორემ მე არავის წინაშე არ ვიყავი ვალდებული...

პორტუგალიიდან გერმანიაში ჩავედი კოკაიასთან. იქაური გუნდები შვებულებაში იყვნენ და მეც თბილისში წამოვედი, ივლისში კი ისევ გერმანიაში ჩავფრინდი და კოკაიამ მეორე ბუნდესლიგის "უნტერჰახინგში" წამიყვანა გასინჯვაზე.

ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, სანაკრებო პაუზის დროს "უნტერჰახინგს" "ბაიერნთან" ჰქონდა ამხანაგური მატჩი და გერმანელებმა თქვეს - ამ შეხვედრაშიც ვათამაშებთ ზირაქიშვილს და საკონტრაქტო თანხაზე საბოლოო გადაწყვეტილებასაც მერე მივიღებთო...

ამის მერე კოკაია დაელაპარაკა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ გუცაევს - იტალიასთნ გვაქვს მატჩი თბილისში ამ თამაშში გადავწყვიტოთ საქმეო.

წამოვედი გერმანიიდან, მივედი ნაკრებში და გუცაევმა, ფაქტობრივად, მარჯვენა მცველად დამაყენა იტალიასთან. ისედაც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავი, ჩემი მომავალი წყდებოდა, იტალიას ვეთამაშებოდით, ამ თამაშამდე აქეთ-იქით ვიწიწოწიალე და...

მე-20 წუთზე გუცაევმა მოედნიდან გამიყვანა. პირველ წუთებში, ცოტა არ იყოს, "აჭრილი" ვიყავი, მაგრამ მძიმე შეცდომა ნამდვილად არ დამიშვია.

თამაშის მერე გუცაევი მეუბნება - ისრაელში უნდა წახვიდეო. მე ძოძუაშვილს მივუბრუნდი და ვუთხარი - ერთმანეთში ვერ დაგილაგებიათ საქმე და თქვენი არაფერი არ მინდა-მეთქი...

...გავიდა წლები. კოკაიამ "ზესტაფონი" ჩამოაყალიბა და მთხოვა - მოდი, გვერდში დამიდექიო. ბაქოს "ინტერიდან" მივედი "ზესტაფონში", არანაირი "პადიომნი" არ ამიღია, კოკაიამ - ახლა ფინანსურად არ მილხინსო.

ის სეზონი მართლაც კარგად ვითამაშე, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ "ზესტაფონთან" განშორებამ მომიწია.

"ლოკომოტივთან" თასის ფინალში ზურაბ იონანიძეს გოლი არ ჩაუთვალეს, მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს. მატჩის შემდეგ ჟურნალისტს ვუთხარი - სანამ ვიდეოჩანაწერს არ ვნახავ, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა თამაშგარე-მეთქი.

მეორე დღეს კი გაზეთში დაიბეჭდა, თითქოს მე ვთქვი, რომ თამაშგარე იყო და საკუთარი გუნდის წინააღმდეგ გამოვედი. არ ვიცი, რატომ დაიწერა ასე...

მაშინ "ზესტაფონში" ბევრი სიბინძურე ხდებოდა და ცხადია, ეს ყველაფერი ვიცოდი. იქ იცოდნენ, რომ კოკაიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და არ აწყობდათ "ზესტაფონში" ჩემი ყოფნა.

კოკაიას ტყუილებს ეუბნებოდნენ. მეწყინა, რაც მოხდა - კოკაიას არ სჭირდებოდა ჩემზე სხვისგან რაღაცების მოსმენა... არც კი დამლაპარაკებია, შემომითვალა - გუნდიდან წავიდესო.

ასე გაიმარჯვეს ჩემზე "ზესტაფონში". გუნდს მაშინ თემურ მახარაძე წვრთნიდა, თანაშემწედ კი დავით გენძეხაძე ჰყავდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
...გავიდა წლები. კოკაიამ "ზესტაფონი" ჩამოაყალიბა და მთხოვა - მოდი, გვერდში დამიდექიო. ბაქოს "ინტერიდან" მივედი "ზესტაფონში", არანაირი "პადიომნი" არ ამიღია, კოკაიამ - ახლა ფინანსურად არ მილხინსო.
საინტერესოა ახლა როგორ არის პინანსურად ილია კოკაია. ასრულდა ოცნებაა.
sono io
16:15 13-08-2013
0
საბას სრულიად ვეტანხმები. ილია კოკაიამ მომავალი გაუპუჯა , წარმატებულ პეხბურტელს , პეხბურტელს რომელიც მის კაცურ სინდის ენდობოდა. გამოდის რომ ყველა გზა ჰაუკეტა წარმატებული კარიერისაკენ ტავისი ცრუ დაპირებებიტ , უპრო მეტიც , ბოლოს მოიკნია კიდეც. კაცი კაცური უნდა იყო და კაცურად იცხოვრო.
emigranti
16:12 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული