შეხვედრას შვედეთის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი სტეფან იოჰანსონი იქნება.
"დილას" არ ეყოლება ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, ბოლნისის "სიონთან", ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო.
მატჩის წინა დღეს "დილამ" იმ სტადიონზე ივარჯიშა, სადაც მატჩი გაიმართება.
ვარჯიშის დაწყებამდე გიორგი დევდარიანმა მასპინძელი ჟურნალისტის რამოდენიმე შეკითხვას უპასუხა:
- თქვენ პლეი ოფამდე წაუგებლად და გოლგაუშვებლად მოხვედით. რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ
- რა თქმა უნდა გამარჯვება, მაგრამ არც შედეგიან ფრეზე ვიტყოდით უარს.
- შანსებს როგორ შეაფასებდით?
- პლეი ოფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის და ამრიგად, შანსებს 50/50-ზე შევაფასებ.
- რამდენად იცნობთ "რაპიდს" და თუ შეისწავლეთ მათი თამაში?
- მოწინააღმდეგეზე საკმაო ინფორმაციას ვფლობთ. დავესწარით ჩემპიონატში გამართულ მის ბოლო შეხვედრას და საკმაო წარმოდგენა შეგვექმნა მოწინააღმდეგეზე.
- და ბოლოს, ვიცით, რომ ამ შეკითხვაზე არ პასუხობენ, მაგრამ მაინც გვინდა, თქვენი გუნდის სუსტ და ძლიერ მხარეებზე გვითხრათ...
- ამას ხვალინდელი შეხვედრა დაგვანახვებს.
* * *
ტელეფონით შევეხმიანეთ "დილას" გენერალურ მენეჯერ გია ისიანს და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- რა მდგომარეობაა გუნდში?
- საბედნიეროდ, მოდებაძის გარდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. საბრძოლო განწყობა გვაქვს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, ანუ 18-ათასიანი სტადიონი გაივსება.
- ადგილობრივ პრესაში რა იწერება "დილაზე"?
- გავეცანი აქაურ გაზეთებს. ჩვენს გუნდზე განსაკუთრებულს არაფერს წერენ. შევიტყვეთ, რომ საპასუხო მატჩზე თბილისში "რაპიდის" დაახლოებით 350 გულშემატკივარი ჩამოვა.
- ავსტრიაში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერის იმედი გაქვთ?
- აჟიოტაჟი მართლაც დიდია, აქაური ქართველებისთვის ცალკე სალაროც კი გაიხსნა ბილეთების შესაძენად. ვფიქრობ, მინიმუმ 500 ქართველი გვიქომაგებს.
- "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არ მიიწვიეს?
- ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა საამისოდ, მაგრამ ავსტრიელებს ინიციატივა არ გამოუჩენიათ.
- ავსტრიული ბუნდესლიგის წინა ტურში "რაპიდმა" სტუმრად 0:2 წააგო "ადმირასთან" და რას ელიან თავიანთი გუნდისგან "დილასთან" შეხვედრაში?
- "ადმირასთან" ის "რაპიდი" არ იყო, რაც სინამდვილეში არისო - აქ ასეთ შეფასებას აძლევენ იმ თამაშს. საყოველთაო აზრით, "ადმირასთან" "რაპიდმა" ბოლო პერიოდში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და "დილასთან" სულ სხვა გუნდს ვნახავთ. გამოჩნდება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"