...ერთი შეხედვით, ვერავინ იტყვის, რომ ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრები ხდებაო: ეროვნული ნაკრები თამაშს თამაშზე აგებს, საქართველოს ჩემპიონატის დონე წლიდან-წლამდე ქვემოთ მიდის და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენი პირველობის მატჩების უმრავლესობა, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება.
თუმცა, ხანდახან "გამონათებებიც" გვაქვს და ეს უკავშირდება როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს, ასევე საკლუბო ტურნირებზე კონკრეტული ქართული გუნდების წარმატებულ ასპარეზობებსაც.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ერთდროულად ორი ქართული
პირველად ასეთი შედეგი 2011 წელს გვქონდა, როცა თბილისის "დინამოს" და "ზესტაფონს" მცირედი არ ეყოთ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად;
აღსანიშნავია, ქართული გუნდი შარშანაც მონაწილეობდა ევროპალიგის პლეი ოფში და აი, გორის "დილამ" ზედიზედ მეორედ მოახერხა ამ შედეგის ჩვენება. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან "დილაში" ორი-სამი ფეხბურთელიღაა დარჩენილი და, ამას გარდა, გორელთა წლევანდელი მეტოქეები ("ოლბორგი", "ჰაიდუკი") შარშანდელებს ("ორჰუსი", "ანორთოსისი") თუ არ აღემატებიან სიძლიერით, ნამდვილად არ ჩამორჩებიან...
...თეორიულად მართლაც არსებობს იმის შანსი, რომ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთდროულად ორი ქართული გუნდი ვიხილოთ; თუმცა, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს გუნდებს სხვადასხვა "წონითი კატეგორიის" მეტოქეებთან მოუწევთ პლეი ოფის ეტაპის დაძლევა: რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ "დინამო"-"ტოტენჰემის" წყვილში უპირობო ფავორიტი ინგლისური გუნდია;
არც ვენის "რაპიდია" ხელწამოსაკრავი მეტოქე, მაგრამ ავსტრიის ერთ-ერთ უძლიერეს და პოპულარულ კლუბს "ტოტენჰემამდეც" ბევრი უკლია და, რაც მთავარია, დღევანდელი გორის "დილაა" ისეთ ფორმაში, რომ ამ ბარიერის გადალახვა რეალურად ხელეწიფება!
...2004 წელს გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, - აი, ეს არის ამ გათამაშებაში ქართული გუნდების საუკეთესო შედეგი; თუმცა, იყო დრო, ამაზე მეტი მიღწევებიც გვქონია ევროტურნირებზე: 1981 წელს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, მომდევნო წელიწადს კი ამავე გათამაშების ნახევარფინალამდე გააღწია!
ახლა კი ევროტურნირებზე აქამდე ჩატარებულ ქართულ-ინგლისურ დაპირისპირებებზე...
ტოტენჰემიდან ლივერპულამდე
ადრეც ვთქვით და კვლავაც გავიმეორებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრისას თუ რომელიმე გუნდს არ გაუმართლა, ეს - თბილისის "დინამოა"! ყოველ შემთხვევაში, ევროპალიგის პლეი ოფის მონაწილე ყველაზე არასასურველი მეტოქეებიდან ("ტოტენჰემი", "ფიორენტინა", "შტუტგარტი", "უდინეზე") ერთ-ერთი და, ალბათ, ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ ჩვენს ჩემპიონს შეხვდა...
"ტოტენჰემის" ძველ წარმატებებზე, ტიტულებსა თუ ამ გუნდის ყოფილ ვარსკვლავებზე წილისყრის მეორე დღესვე ვისაუბრეთ; უბრალოდ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ დღევანდელი "ტოტენჰემი" ნამდვილად შეგვიძლია ინგლისური გრანდების რიცხვს მივაკუთვნოთ, რამეთუ ბოლო ორი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის", "არსენალისა" და "ჩელსისთან" ერთად სეზონს პირველ ხუთეულში ამთავრებს.
უგო ლორისი, იან ვერტონგენი, პაულინიო, აარონ ლენონი, ჯერმეინ დეფო, რობერტო სოლდადო, - აი, ასეთი გამორჩეული ფეხბურთელები მიიჩნევიან პორტუგალიელი სპეციალისტის, ანდრე ვილაშ-ბოაშის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტოტენჰემის" ლიდერებად.
ჰოდა, რა უნდა დაუპირისპიროს ასეთ ვარსკვლავთკრებულს თბილისის "დინამომ", მართლაც ძნელი სათქმელია.
...ინგლისური კლუბების თბილისში ჩამოსვლა ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და ვიდრე ევროტურნირების ეგიდით ჩატარებულ მატჩებზე ვისაუბრებდეთ, ისიც გავიხსენოთ, რომ "დინამოს" სხვადასხვა დროს რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაუმართავს ინგლისურ კლუბებთან (შინ თუ გარეთ): "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან", "შეფილდ უენსდეისთან", "ვულვერჰემპტონ უონდერერსთან", "ასტონ ვილასთან", "ოლდემთან" და... "ტოტენჰემთან"!
ჰო, 1960 წელს, თბილისის "დინამოს" საერთაშორისო ტურნე რომ ჰქონდა ინგლისში ("შეფილდ უენსდეისთან" 0:5 წააგო, "ვულვერჰემპტონთან" ფრედ - 5:5 ითამაშა), მესამე მატჩმა "ტოტენჰემთან" მოუწია და 2:5 წააგო.
თუმცა, ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, აი, 1973 წელს კი უეფას თასის მერვედფინალში სწორედ 22 აგვისტოს მეტოქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მანამდე "დინამომ" ბულგარეთის "სლავიას" და იუგოსლავიის ოფკ-ს უპრობლემოდ აჯობა და "ტოტენჰემთან" დაპირისპირების წინაც იმედიანი განწყობა ჰქონდა ქართველ გულშემატკივარს.
თუმცა, პირველივე მატჩმა დაგვანახვა ინგლისური გუნდის სიძლიერე: პირველ ტაიმში ანგარიში კოუტსმა გახსნა, შესვენების შემდეგ კი კახი ასათიანმა ანგარიში გაათანაბრა.
ასეთი ანგარიშის მიუხედავად, საპასუხო მატჩის წინ მაინც ვერავინ იფიქრებდა, რომ ლონდონში კოშმარი გველოდა: პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით (0:1) წავაგეთ, აი, მეორეში კი "ტოტენჰემის" ფორვარდებმა მარტინ ჩივერსმა და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მარტინ პიტერსმა კიდევ ოთხი გოლი გაგვიტანეს (ჩვენებიდან პრესტიჟის ბურთი ზარბეგ ებრალიძემ შეაგდო); თანაც, მასპინძლებმა ხუთივე გოლი თავით გაიტანეს...
უეფას თასი. 1/8 ფინალი
28.11.1973. თბილისი. ლოკომოტივი
დინამო-ტოტენჰემი 1:1
0:1 კოუტსი (25), 1:1 ასათიანი (71)
დინამო: გოგია, ძოძუაშვილი, ხურცილავა, კანთელაძე, ჭელიძე, ებრალიძე (65. წერეთელი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე
არბიტრი: ფ. ვიორერი (ავსტრია)
12.12.1973. ლონდონი. უაით ჰართ ლაინი
ტოტენჰემი-დინამო 5:1
1:0 მაკგრათი (29), 2:0 პიტერსი (46), 3:0 ჩივერსი (52) 3:1 ებრალიძე (55), 4:1 პიტერსი (62), 5:1 ჩივერსი (77)
დინამო: გოგია, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (73. ლ. ნოდია), გ. ნოდია, ყიფიანი.
გაფრთხილება: ხინჩაგაშვილი
არბიტრი: რ. ვილიანი (საფრანგეთი)
...ექვსი წლის მერე თბილისის "დინამოს" კვლავაც მოუწია ინგლისურ კლუბთან დაპირისპირებამ, თანაც კლუბსაც ხომ გააჩნია: 70-იანი წლების ბოლოს "ლივერპული" სამართლიანად მიიჩნეოდა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის გრანდად!
და აი, ასეთ გუნდს "დინამომ" სრულიად დამსახურებულად აჯობა და 1979 წლის შემოდგომაზე ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი სიხარული მიანიჭა. ჩემპიონთა თასის 1/16 ფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად 1:2 წავაგეთ (გოლი: ალექსანდრე ჩივაძე).
აი, საპასუხო შეხვედრაში კი კოკისპირული წვიმისა და 103 000 (!) მაყურებლის "თანხლებით", "დინამომ" თავის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ჩაატარა და მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი (ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე) გაიტანა ლეგენდარული რეი კლემენსის კარში!
ლონდონური ტრიუმფი და ნიუკასლის კოშმარი
ინგლისელებთან მომდევნო დაპირისპირება არანაკლებ დასამახსოვრებელი თუ გამორჩეული იყო არა მხოლოდ "დინამოს", არამედ, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში: 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში მეტოქედ კიდევ ერთი ლონდონური გუნდი, "ვესტ ჰემ იუნაიტედი" გვერგო და ეს ეტაპიც დავძლიეთ!
პირველი მატჩი კი, 4 მარტს რომ ჩატარდა ლონდონში, იმის ნათელი დადასტურება იყო, თუ როგორი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილ "დინამოში" - ალექსანდრე ჩივაძემ, ვლადიმერ გუცაევმა და რამაზ შენგელიამ (დუბლი) ხომ ერთი-მეორეზე უკეთესი გოლები გაიტანეს, საერთოდ, ისეთი ტაქტიკა მოვახვიეთ თავს მასპინძლებს, რომ ბოლომდე გონს ვერ მოეგნენ.
გოლი არ გაუტანია, მაგრამ ზღაპრული მატჩი ჩაატარა დავით ყიფიანმა და, საერთოდაც, ყველა დინამოელმა და საბოლოო შედეგიც (4:1 - ჩვენს სასარგებლოდ), სრულიად ლოგიკური იყო.
მართალია, საპასუხო შეხვედრა თბილისში 0:1 დავთმეთ, მაგრამ მთავარი მიზანი შესრულებული იყო: "დინამო" თასების თასის ნახევარფინალში გავიდა, მერე - ფინალშიც და ბოლოს, ეს მართლაც ლამაზი ზღაპარი დიუსელდორფის ტრიუმფით დამთავრდა!
...აი, რაც შეეხება ევროტურნირებზე ინგლისელებთან უკანასკნელ დაპირისპირებას, სიმართლე რომ ვთქვათ, ამ მატჩის გახსენებაც კი არ გვინდა. ყოველ შემთხვევაში, 2004 წლის 4 ოქტომბერს, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ "ნიუკასლი"-"დინამოს" მატჩის მონაწილე 2 ფეხბურთელი დღესაც "დინამოშია" (გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია) და, ალბათ, კარგად ემახსოვრებათ, თუ რამხელა უპირატესობას ფლობდნენ მასპინძლები.
შესაძლოა ვცდებით, მაგრამ, რომელიმე ჩვენი გუნდი მეტოქეს ასე დაეჩაგროს, მსგავსი შემთხვევა, ალბათ, ერთი-ორი თუ იქნება: "ნიუკასლის" ფეხბურთელები, ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს საჯარიმოში იყვნენ "დასახლებულნი" და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ.
ჩვენთვის ერთადერთი შვება ის თუ იქნებოდა, რომ აშკარად "მისაღები" ანგარიშით (0:2) წავაგეთ და თავს იმითაც "ვიმშვიდებდით", რომ "ნიუკასლის" ვარსკვლავებს ალან შირერსა და კრეიგ ბელამის მხოლოდ თითო-თითო გოლი გავატანინეთ.
მაშ, ასე: ევროტურნირებზე ინგლისურ კლუბებთან "დინამოს" წარუმატებელი ბალანსი აქვს (2 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება, ბურთების სხვაობა - 10-12), მაგრამ ის 2 გამარჯვება ("ლივერპულთან" და "ვესტ ჰემთან") მაინც შეუფასებელია...
P.S. რაც შეეხება ქართულ-ავსტრიულ დაპირისპირებებს, ამაზე "დილა"-"რაპიდის" საპასუხო მატჩის წინ ვისაუბროთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო VS ტოტენჰემი - ასეთ გუნდთან შეხვედრას დიდი ხანია ველით
რაპიდი VS დილა - ავსტრიაში გორელებს 500 ქართველი უქომაგებს
როგორ იხსენებს პატ ჯენინგსი 40 წლის წინანდელ "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩს