დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

AutoSharing Option
თავი დავიმშვიდოთ...
...ევროტურნირებზე ქართული გუნდის ნებისმიერი მარცხი საწყენია, მით უფრო, არავის სიამოვნებს საკუთარ მოედანზე 0:5-ით წაგება, მაგრამ, მოდი, გულახდილად ვთქვათ - 22 აგვისტოს "დინამო-არენაზე" შეკრებილი ქართველი ქომაგი იმედგაცრუებასთან ერთად, ალბათ, მეტოქითაც დატკბებოდა!

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად შორს ვართ იმ "საქმისგან", რასაც... ფეხბურთის თამაში ჰქვია. უფრო ზუსტად, თანამედროვე ფეხბურთისგან ვართ შორს და საქართველოს ჩემპიონატის დონეც რამდენად ჩამორჩება ინგლისურ პრემიერლიგას, ამაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!

...უცნაური მატჩი გამოდგა, - თამაში წუთების დაწყებული იყო, რომ მაშინვე ნათლად გამოჩნდა მეტოქეთა შორის კლასში სხვაობა. გულახდილად ვამბობთ:
ალბათ, ყველაზე ოპტიმისტ ქართველ გულშემატკივარსაც არ ექნებოდა იმედი, "დინამო" რომ შეძლებდა და "ტოტენჰემს" მეტ-ნაკლებად ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა.

კარგად დაუკვირდით: "ღირსეულ წინააღმდეგობაზეა" ლაპარაკი და არა - ჩვენთვის მეტ-ნაკლებად სასურველი შედეგის ჩვენებაზე. არადა, ერთი შეხედვით, მასპინძლებს დასაკარგი რა უნდა ჰქონოდათ: "ტოტენჰემის" დამარცხებას ხომ არავინ ითხოვდა!

Sportall.Geმაგრამ მეტოქეთა შორის კლასში აშკარაზე მეტი სხვაობა რომ იყო, ამაზე მეტად სხვა რამ გვეწყინა: ერთი-ორი დინამოელის გარდა, მასპინძელ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ კაპიტულაცია, ფაქტობრივად, მატჩის პირველსავე წუთებზე გამოაცხადა!

აღარაფერს ვამბობთ უამრავ ინდივიდუალურ წუნზე, ზოგიერთი დინამოელის აშკარად არასასურველ კონდიციებში ყოფნაზე, არაორგანიზებულ კონტრშეტევებსა თუ კიდევ ბევრ სხვა უამრავ საფეხბურთო კომპონენტზე, ყველაფერზე, რითაც ჩამოვრჩებოდით სახელოვან მეტოქეს.

რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებთ საშინაო მატჩში ხუთბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩის მერე რაიმე გასამართლებელი მიზეზების ძებნასა თუ ჩამოთვლას, მაგრამ იმით ხომ მაინც შეგვიძლია თავი "დავიმშვიდოთ", რომ ძალიან, ძალიან მაღალი დონის გუნდთან წავაგეთ, პრემიერლიგის მომდევნო ტურის წინ მშვენიერი სპარინგი რომ ჩაატარა...

ტკბობა... მეტოქით!
აარონ ლენონი, ჯერმეინ დეფო, იან ვერტონგენი, - "ტოტენჰემს" თბილისში სამი ლიდერი აკლდა. ამას დავუმატოთ ამ გუნდის აწ უკვე ყოფილი უპირობო ლიდერის, გარეთ ბეილის არყოფნა, თუმცა ინგლისურ გრანდს სულაც არ ეტყობოდა, რომ, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა!

თანაც, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც: ქართული გუნდების მწვრთნელებს ხშირად უყვართ ხოლმე ერთი "ფრთიანი ფრაზის" თქმა: "კლუბში ბევრი ახალწვეული მყავს და ფეხბურთელების შეთამაშებასაც გარკვეული დრო ხომ სჭირდებაო!"

არადა, "ტოტენჰემის" ძირითადში 22 აგვისტოს 4 ახალწვეული (თაუნსენდი, კაპუ, პაულინიო, სოლდადო) ვიხილეთ, ერთიც შეცვლაზე შემოვიდა (შადლი), ასევე შეცვლაზე შემოსულ ორ ახალგაზრდას (კეროლი, კეინი) კი ოფიციალურ მატჩებში თამაში იშვიათზე-იშვიათად უწევს!

თუმცა "ტოტენჰემმა" ისე ითამაშა, გეგონებოდათ, ამ შემადგენლობით უკვე წლებია ასპარეზობს! თანაც, სტუმართა ახალგაზრდა და ერთობ გონიერ მწვრთნელს, ანდრე ვილაშ-ბოაშს მშვენიერი სპარინგიც გამოუვიდა პრემიერლიგის მომდევნო ტურის წინ...

...ჩვენმა მეტოქემ ამ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი კვირას, 18 აგვისტოს ჩაატარა. იმის შემდეგ პირველი ვარჯიში თბილისში, 21 აგვისტოს ჰქონდა, 22-ში კი, ჩვენდა სამწუხაროდ, მეორედაც წაივარჯიშა და ახლა უკვე კვირის მატჩისათვის ("სოუნსისთან") მოემზადება.

თანაც, ხშირად გვინახავს, ამა თუ იმ მწვრთნელს თავისი შეგირდებისათვის ვარჯიშზე ქანცი რომ გაუძრია, მაგრამ თბილისში "ტოტენჰემს" ერთობ "სახალისო" სპარინგი ჰქონდა და ამ გუნდის ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (რაღა თქმა უნდა, მეკარე უგო ლორისის გარდა) საკუთარი შესაძლებლობების, ალბათ, 25 პროცენტი თუ გამოავლინა.

მიზეზი? მეტი არც იყო საჭირო და იმიტომ! უბრალოდ, მარჯვენა გარემარბი ენდი თაუნსენდი (გოლი და ორი საგოლე პასი რომ მიითვალა) სხვებისგან გამორჩეულად "ზედმეტად" აქტიურობდა, რამეთუ "ტოტენჰემში" იჯარის მერე დაბრუნებულს სურდა დაემტკიცებინა, რომ თავის სახელოვან კონკურენტს აარონ ლენონს ბევრით არაფრით ჩამორჩებოდა...

ერთი სიამოვნება იყო სტუმართა მრავალფეროვანი შეტევების ხილვა! მარჯვნიდან, მარცხნიდან, სიღრმიდან, - არც ერთი ზედმეტი მოძრაობა და არც ერთი გაუაზრებელი კომბინაცია! აღარაფერს ვამბობთ ბურთის ოსტატურად "ამოტანასა" თუ "ერთი შეხებით" თამაშზე: სტუმართა ყველა ფეხბურთელი ჩვენიანებთან შედარებით ბევრად სწრაფად აზროვნებდა და მრავალფეროვანი შეტევებითაც ხომ, საერთოდ, თავგზა აგვიბნიეს!

გრანდი და ანტირეკორდი
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი დონის გუნდი თბილისში არ ჩამოსულა; მეტსაც ვიტყვით: 1979 წელს მართლაც ლეგენდარული "ლივერპული "რომ დავამარცხეთ (3:0), აი, იმის მერე პირველად ვნახეთ მართლაც ძალიან მაღალი დონის კლუბი!

კლუბი, რომელთანაც დიდი ანგარიშით წაგება, რაღა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ არა - დამთრგუნველი: ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ აშკარად სხვა განზომილებასთან გვქონდა საქმე. ანუ საწყენი და დამთრგუნველი უფრო ის იყო, რომ 22 აგვისტოს მატჩმა უიმედობის გრძნობა უფრო დაგვიტოვა: ჩემპიონთა თუ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ძალიან, ძალიან ბევრი გვაკლია!

საწყენი ისიც იყო, რომ "დინამომ" ევროტურნირებზე თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო საკუთარ მოედანზე (აქამდე სარეკორდი მარცხი 2004 წელს, პორტუგალიურ "სპორტინგთან" გვქონდა - 0:4), თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე ისეთი სიტუაცია იყო, საბოლოო ანგარიშს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა; ისე, როგორც იმ ფაქტს, შეძლებდნენ თუ არა ქაოსურად შემტევი მასპინძლები პრესტიჟის გოლის გატანას...

...ზემოთ უგო ლორისი ვახსენეთ, რომელსაც, სავარაუდოდ, თბილისში ორი კვირის შემდეგ კვლავაც ვიხილავთ: საფრანგეთის ნაკრების მეკარემ "დინამოსთან" კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი! ყოველ შემთხვევაში, ბევრი მისი კოლეგა, ალბათ, ვერ მოახერხებდა ისეთ კონცენტრაციას, როგორც ლორისმა მოახერხა "დინამო არენაზე": თავისი გუნდი 5:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ჯაბა დვალისა და ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმებზე ისეთი რეაქცია გამოავლინა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ყოფილიყო.

აღარაფერს ვამბობთ ჩვენების მიერ შექმნილ ყველაზე რეალურ მომენტზე: პირველ ტაიმში, როცა ანგარიში 0:1 იყო, დავით კვირკველიას ფლანგური პასის მერე ჯაბა დვალი ახლო მანძილიდან, ურთულესი მდგომარეობიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ლორისმა მართლაც აუღებელი ბურთი აიღო!

რა თქმა უნდა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ეს გოლი რომ გასულიყო; თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ გოლს, შესაძლოა, თუნდაც პირველი ტაიმის თამაშის სცენარი მაინც შეეცვალა. ასეა, ხანდახან კი არა, უფრო ხშირ შემთხვევაში, იღბალიც ძლიერთა და ღირსეულთა მხარესაა. ოღონდ ისეც არავინ გაიგოს, თითქოსდა, 22 აგვისტოს იღბალმა გადმოხედა "ტოტენჰემს" და მხოლოდ ამის გამო ჩაგვიტარა მართლაც მშვენიერი "საფეხბურთო გაკვეთილი"...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უიმედო რეალობა
მატჩამდე არაერთხელ ვახსენეთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრისას ყველაზე ძალიან თბილისის "დინამოს" არ გაუმართლა და ეს სამწუხარო ვარაუდი, ფაქტობრივად, 100 პროცენტით გამართლდა! კიდევ ვიმეორებთ, 0:5 წაგება ძალიან საწყენია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა "სხვა განზომილებასთან" გვაქვს საქმე, ისღა დაგვრჩენია, ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელ ყოფას შევეგუოთ.

ჰო, სხვა რა გზაა, როცა მეტოქეს ყველაფერში ჩამორჩები და ისიც ყველა შენს შეცდომას თავის სასარგებლოდ იყენებს. აბა, გაიხსენეთ, როგორ გაიტანეს სტუმრებმა პირველი გოლი: ელგუჯა გრიგალაშვილმა (დინამოელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და უშიშარი რომ გახლდათ) მშვენიერი რეიდი განახორციელა, ბოლოს კუთხურით რომ დამთავრდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თუმცა ამ სტანდარტულის გათამაშებას ის მოჰყვა, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში დარკო გლიშიჩმა ბურთი დაკარგა და ჩვენი ნახევრიდან ენდი თაუნსენდმა მთელი მოედანი გადაირბინა და ბოლოს ზუსტადაც დაარტყა!

ასეთი შეცდომა უამრავი იყო, თუნდაც მეორე გოლის დროს სტუმრებმა ულამაზესი კომბინაცია რომ გაითამაშეს: მუსა დემბელემ რბილი პასით მატჩის გამორჩეული მოთამაშე ენდი თაუნსენდი მოძებნა, ამ უკანასკნელმა გლიშიჩი მეორედაც გააბითურა და ბურთი პირდაპირ თავზე დაასვა პაულინიოს - 0:2 და ყველაფერი ამით დამთავრდა.

...შესვენების შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა (რომელმაც ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გამოცდილ უსტარიცს ახალგაზრდა გიორგი გველესიანი ამჯობინა დაცვის ცენტრში) გლიშიჩი მოედნიდან გაიყვანა და ახალგაზრდა საყრდენი გიორგი პაპავა გამოიყვანა. სამაგიეროდ, მერებაშვილი დაუბრუნდა თავის "კუთვნილ ადგილს". "დინამომაც" რამდენჯერმე მოინდომა თამაშის გამწვავება (ჯაბა დვალს აქტიურობას ვერ დავუკარგავთ), მაგრამ გოლები (თანაც, ერთიმეორეზე ეფექტური კომბინაციების შემდეგ) ჩვენს კარში გადიოდა!

...თბილისში ჯერ კიდევ შემორჩენილნი არიან ნაღდი ფეხბურთის დამფასებლები და ამიტომაც არ დაინანეს ტაში სტუმართა მიმართ. აი, მასპინძლებისათვის კი ობსტრუქცია არავის მოუწყვია - დღევანდელ "დინამოსა" და დღევანდელ "ტოტენჰემს" შორის კლასში სხვაობა მართლაც ასტრონომიული საზომებით უნდა განგვესაზღვრა...

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ
დუშან უჰრინი: რა გინდათ, რომ გავაკეთო?

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
~რა გითხრათ? რით გაგახაროთ?~ დიდი ილიას ეს სიტყვები გამახსენდა, დინამოს თამაშზე კომენტარის დაწერა რომ დავაპირე. ასეთი თამაში საერთოდ არ არის რაიმე კომენტარის ღირსი!
beri@posta.ge
23:33 23-08-2013
0
საქართველოში უნდა აიკრძალოს ფეხბურთის თამაში. სჯობს რაგბი და კალათბურთი დააფიანსოს სახელმწიფომ.
ანდუყაფარი
18:12 23-08-2013
1

სიახლეები პოპულარული