გორელებმა, რომლებიც ავსტრიულ გუნდთან ორი მატჩის ჯამში ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ, ევროსარბიელზე გამოსვლა ამით დაასრულეს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს მეტოქეს და გოლის გატანის რამდენიმე რეალური მომენტიც შეექმნათ, თუმცა გორელთა ბომბარდირმა გრიგოლ დოლიძემ შანსი ვერცერთხელ გამოიყენა.
ნუკრი რევიშვილის კარზე მწვავე იერიში რამდენჯერმე სტუმრებმაც მიიტანეს და თუ პირველი ტაიმის მიწურულს გორელთა კარი ერთხელ ხარიხამ იხსნა, მეორე ეპიზოდში "რაპიდმა" მაინც გაიტანა
მეორე ტაიმის დასაწყისში გატანის კარგი შანსი გრიგოლ დოლიძეს კვლავ ჰქონდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მის დარტყმულს გოლი არ მოჰყვა. სამაგიეროდ, გოლით დააგვირგვინა სწრაფი კონტშეტევა მარსელ ზაბიცერმა (63 წუთი).
მატჩის საბოლოო ანგარიში (0:3) შეცვლაზე შემოსულმა ბრაინ ბეჰრენდტმა დააფიქსირა, რომელმაც მსაჯის მიერ წამატებულ დროში ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა, მოატყუა ლამის მთელი "დილა", გასცდა ნუკრი რევიშვილსაც და ბურთი კარში გადაგზავნა.