უფრო ზუსტად, არსებობს კიდევ რამდენიმე ვარიანტი: კერძოდ, იმის იმედად უნდა დავრჩეთ, რომ უეფას მართლაც რეფორმატორმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იქნებ კიდევ რაიმე "მოიფიქროს" ჩვენნაირი ქვეყნებისათვის. თუმცა, რეალურად ვიმსჯელოთ და გულახდილად ვთქვათ: დღევანდელი ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე ნამდვილად არ აკმაყოფილებს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მოთხოვნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ -
არადა, ვინმემ, შესაძლოა, ისიც "შეგვახსენოს", რომ ევროპალიგის 2013-14 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმეა ძლიერი კლუბი ("ტოტენჰემი", "ლაციო", "ფიორენტინა", კიევის "დინამო", "რუბინი", "ვალენსია", პსვ), დანარჩენები კი აშკარად "დაბალი წონის კატეგორიას" წარმოადგენენო ("სენტ გალენი", "ელფსბორგი", "ესბიერგი", "ფერეირა", "პანდური", "თუნი", "ეშტორილი", "რიეკა", "აპოლონი", "ტრომსო", და ასე შემდეგ).
ჰო, კინაღამ ყარაღანდის "შახტიორი" გამოგვრჩა - ვისთვის პროვინციულ-პერიფერიული კლუბი, რეალურად კი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა, რამდენიმე წამი რომ დააკლდა უპრესტიჟულესი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.
აი, ასე - თურმე, "პანდურის" თუ "ეშტორილს" არაფერი ესაქმებათ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე და ამ დროს, "ქრონიკული უიღბლობითა" თუ "არაობიექტური მსაჯობით" დაჩაგრული ქართული კლუბები კვლავაც განზე რჩებიან!
ვინ იცის, იქნებ "ვიღაცებს" არც სურდეთ ქართული კლუბების ტრიუმფული სვლა ევროტურნირებზე და ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით გვიღობავენ გზას ჯგუფური ეტაპისკენ? თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს სარკაზმიც უადგილოდ გვეჩვენება და ისღა დაგვრჩენია, ბოლო წლებში კი არა, უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ რეალობას შევეგუოთ: ევროტურნირების ელიტაში ქართული კლუბების ადგილი ჯერჯერობით არ არის!
ერთადერთი, თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ამ ბოლო წლებში გარკვეული "გამონათებებია" და ასე იყო წლეულსაც გორის "დილას" მაგალითზე...
უარესიც გვახსოვს...
ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდი მონაწილეობდა და ოთხივეს ჯამური მაჩვენებელი ასეთია: 18 მატჩი, 5 მოგება, 5 ფრე და 8 წაგება (ბურთების სხვაობა - 20-29). კატასტროფული შედეგი ნამდვილად არ არის, რამეთუ ბევრად უარესიც გვახსოვს (ისეთი შემთხვევაც ყოფილა, ყველა ქართულ გუნდს ევროტურნირებზე ასპარეზობა პირველსავე ეტაპზე დაუმთავრებია).
თუმცა უკვე არაერთხელ ნათქვამს კვლავაც მივუბრუნდებით და ვიტყვით, რომ ხშირად რეალობის შეგრძნებას ვკარგავთ ხოლმე: აი, როცა ევროტურნირების საწყის ეტაპზე ჩვენზე ბევრად სუსტ მეტოქეს (ასეთები ყოველთვის იყვნენ, არიან და, ალბათ, იქნებიან კიდეც) სოლიდური ანგარიშით დავამარცხებთ, მაშინვე ეიფორიაში ვვარდებით!
არადა, იმავე ფარერების, სან მარინოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, უელსისა თუ ისლანდიის გუნდებთან დიდი ანგარიშით მოგება სრულიადაც არ ნიშნავს ჩემპიონთა თუ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპისათვის მზადყოფნას.
უფრო ზუსტად, როგორც კი მომდევნო ეტაპზე საშუალო-ევროპული დონის მეტოქეს გადავეყრებით, ჩვენი გუნდების რეალური ძალა მაშინვე გამოჩნდება. თუმცა, ვატყობთ, თემას გადავუხვიეთ და ევროტურნირებზე ქართული გუნდების წლევანდელ ასპარეზობას დავუბრუნდეთ.
თბილისის "დინამომ" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო და ევროპალიგაზე გააგრძელა; დუშან უჰრინის გუნდმა 6 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, 3 წააგო (ბურთების სხვაობა 10-13). ასევე 6 მატჩი გამართა გორის "დილამ", - წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდებიდან ყველაზე უკეთესი შთაბეჭდილება რომ დატოვა. არადა, ახალი მწვრთნელის (გიორგი დევდარიანი) ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ასპარეზობდა, თუმცა ისე, როგორც შარშან, "დილამ" წლეულსაც მოახერხა ევროპალიგის პლეი ოფში გასვლა.
მართალია, ვენის "რაპიდი" უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრ ქართველ გულშემატკივარს ეგონა, "დილას" გამოსვლა კრიტიკულად მაინც არ უნდა შეფასდეს. თანაც, "დილა" ერთადერთი ქართული კლუბია, წლევანდელი ევროტურნირები დადებითი ბალანსით რომ დაამთავრა: 6 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (ბურთების სხვაობა - 5-4).
პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას ქუთაისის "ტორპედო", თუმცა ეს მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო.
ახალ მწვრთნელსა (ჟერარდ სარაგოსა) და ახალ ფეხბურთელებს "ტორპედოსთან" (და, საერთოდ, ქუთაისთან) ადაპტაციისათვის გარკვეული დრო რომ სჭირდებოდათ, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით "ტორპედო" ბევრად უკეთ არის შეთამაშებული, ვიდრე ევროტურნირების პირველ ეტაპზე, და რაც მთავარია, გუნდის ესპანელმა თავკაცმაც ძირითადი შემადგენლობის ბირთვიც ჩამოაყალიბა.
შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" შინ დამარცხდა სლოვაკურ "ჟილინასთან" (0:3), სამაგიეროდ, საპასუხო შეხვედრაში 3:3 ითამაშა.
და ბოლოს, დებიუტანტ "ჩიხურაზეც": გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, სხვადასხვა დროს ევროტურნირებზე არაერთი მატჩი რომ ჩაუტარებია.
დებიუტანტის კვალობაზე "ჩიხურას" ასპარეზობასაც ვერ ვუწოდებთ წარუმატებლობას, - ბოლოს და ბოლოს, გუნდმა ერთი ეტაპი დაძლია! შვეიცარიულ "ვადუცთან" საშინაო ფრეს (0:0) გასვლაზეც საყაიმო ანგარიში (1:1) მოჰყვა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერული კლუბი გავიდა.
აი, შემდგომი ბარიერი კი "ჩიხურასთვის" დაუძლეველი აღმოჩნდა: შვეიცარიული "თუნი" თავისი ქვეყნის "მასშტაბითაც" არასდროს ყოფილა გრანდი, მაგრამ "ჩიხურაზე" ბევრად მაღალი დონის გუნდი რომ იყო, ორივე მატჩმაც დაადასტურა (2:0, 3:1)...
ახალი ანტირეკორდი
თბილისის "დინამოს" ისეთი მეტოქე შეხვდა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიფიქრეთ, ევროტურნირებზე ქართული გუნდების მიერ დიდი ანგარიშით მოგების ახალი რეკორდი დამყარდებოდა, თუმცა ჩვენმა ჩემპიონმა მხოლოდ 6:1 იკმარა.
ასე რომ, კვლავაც ძალაში რჩება ერთდროულად სამი ქართული გუნდის რეკორდი: ბათუმის "დინამო" - ფარერების "ტორსჰავნი" 6:0, ქუთაისის "ტორპედო" - სომხეთის "ერებუნი" 6:0, "ზესტაფონი" - ჩრდილოეთ ირლანდიის "ლისბერნი" 6:0.
...სამაგიეროდ, "დინამომ" ახალი ანტირეკორდი დაამყარა: ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს აქამდე არასდროს წაეგო საშინაო მატჩი ხუთბურთიანი სხვაობით და აი, "ტოტენჰემთან" 0:5 დამარცხდა!
ისე, ქართული გუნდებისგან უარესებიც გვახსოვს: ფოთის "კოლხეთი" - სერბეთის "ცრვენა ზვეზდა" 0:7, თბილისის "ლოკომოტივი" - საბერძნეთის პაოკ-ი 0:7, თბილისის "ვიტ ჯორჯია" - პოლონეთის "ვისლა" 2:8 და ასე შემდეგ...
რამაზ შენგელიას ნიშნული
დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ქართული გუნდები ევროტურნირებზე 1993 წლიდან ასპარეზობენ და იქიდან მოყოლებული, მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეძლო ჰეთ თრიქის შესრულება: თეიმურაზ ტუღუშმა (ბათუმის "დინამო"), გიორგი მეგრელაძემ (ქუთაისის "ტორპედო") და ჯაბა დვალმა ("ზესტაფონი").
ამ უკანასკნელმა წლევანდელ ევროტურნირებზე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 2 გოლი გაიტანა, სულ კი 16 დაუგროვდა და ევროტურნირების ქართველ ბომბარდირთა სიას კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს. ოღონდ, ამ შემთხვევაში 1993-2013 წლების პერიოდს ვგულისხმობთ, თორემ საერთოდ, ევროტურნირებზე ყველაზე მეტი გოლი ლეგენდარულ რამაზ შენგელიას აქვს გატანილი (19). თანაც, ნურც იმას დავივიწყებთ, თუ რა დონის მეტოქეების კარში გაჰქონდა ის ერთიმეორეზე ეფექტური თუ უმნიშვნელოვანესი გოლები ქართული ფეხბურთის ყველა დროის ნომერ პირველ ბომბარდირსა და, საერთოდ, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს...
ყველა ქართული გუნდი
ქართველებისგან ევროტურნირებზე ჰეთ თრიქებით განებივრებულნი ნამდვილად არა ვართ, სამაგიეროდ, უამრავი დუბლია შესრულებული და ამ მხრივ, გამონაკლისი, არც წლევანდელი ზაფხული ყოფილა. თანაც, ამ სამი დუბლიდან ორი დებიუტანტმა შეასრულა: "დინამოს" კოტდივუარელი ლეგიონერი პატრიკ ვუო "სტრეიმურთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და დროის მოკლე მონაკვეთში 2 გოლის გატანა მოასწრო.
ვუო ადრე სხვადასხვა ევროპულ (კვიპროსის, პორტუგალიის) კლუბში თამაშობდა, "ტორპედოს" ახალწვეული თორნიკე კაპანაძე კი პირდაპირ... პირველი ლიგიდან (წყალტუბოს "სამგურალი") მოხვდა ევროტურნირებზე და "ჟილინასთან" საპასუხო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.
მესამე დუბლი კიდევ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გორის "დილას" მარცხენა გარემარბმა მიხაილ გორელიშვილმა შეასრულა.
ახლა კი წლევანდელი ევროტურნირების ყველა ქართული გოლი: ჩისკო - 2, ვუო - 2, უსტარიცი - 2, დვალი - 2, ე. გრიგალაშვილი - 1, გლიშიჩი - 1 (ყველა - "დინამო"); მიხაილ გორელიშვილი - 2, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ილურიძე, გრიგოლ დოლიძე (ყველა - "დილა"), თორნიკე კაპანაძე - 2, ალეკო მზევაშვილი (ორივე - "ტორპედო"), ჯაბა ჯიღაური, გიორგი რეხვიაშვილი (ორივე - ჩიხურა").
აქვე ორი უიღბლოც უნდა ვახსენოთ: დარკო გლიშიჩმა ("დინამო") და ვაჟა ლომაშვილმა ("ჩიხურა") ავტოგოლები მიითვალეს.
...წლევანდელ ევროტურნირებზე "დინამომ" და "დილამ" ექვს-ექვსი მატჩი ჩაატარეს, "ჩიხურამ" - ოთხი, "ტორპედომ" - ორი; ყველაზე მეტი (6) მატჩი ჩაატარეს ნუკრი რევიშვილმა, მამუკა კობახიძემ, ლაშა გვალიამ, გიორგი ილურიძემ, დავით ბოლქვაძემ, გრიგოლ დოლიძემ, გიორგი გურულმა (ყველა - "დილა"), გიორგი ლორიამ, გივი კვარაცხელიამ, გიორგი მერებაშვილმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა, დავით კვირკველიამ (ყველა - "დინამო").
თუმცა ამათგან მხოლოდ ხუთმა ითამაშა ექვსივე მატჩი შეუცვლელად: ნუკრი რევიშვილმა, მამუკა კობახიძემ, ლაშა გვალიამ, გიორგი ლორიამ და გივი კვარაცხელიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"