"დილას" ერთ-ერთი ნათელი წერტილი უდავოდ ნუკრი რევიშვილია. საქართველოს ნაკრების მეკარემ 4 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა, თუმცა ავსტრიელებისგან, ვენასა და თბილისში, 4 გოლი მიიღო.
რა იყო "რაპიდთან" მარცხის (რაც, თავისთავად, სირცხვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ წინა შეხვედრების ფონზე გაცილებით მეტის იმედი გვქონდა) მიზეზი და რას ფიქრობს 26 წლის გოლკიპერი ქართული ფეხბურთის დღევანდელობაზე?
ამ თემებზე რევიშვილი "ლელოს" ესაუბრება:
- არ შემიძლია, ვთქვა,
გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ და ამავე დროს, ბოდიშიც ვუთხრათ - სამწუხაროდ, იმედები ვერ გაგიმართლეთ.
- "დილასგან" თბილისში გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ველოდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ საპასუხო შეხვედრაში "რაპიდი" პირველ მატჩზე უკეთ გამოიყურებოდა. რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი?
- არავინ იცის, მომენტებით რომ გვესარგებლა, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებდით. თუმცა ყველაფერი მაინც ლოგიკური იყო - თბილისში ჩვენ უნდა შეგვეტია და თამაშიც გავხსენით, ავსტრიელებმა კი ამით ისარგებლეს, რადგან ეს არის სწორედ "რაპიდის" ფეხბურთი - მეტოქე კონტრშეტევაზე უნდა გამოიჭირონ.
მათი უპირატესობა ისიც იყო, რომ ამ შემადგენლობით წლების განმავლობაში თამაშობდნენ, ჩვენ კი ზაფხულში შევიკრიბეთ და ყოველდღე ახალ-ახალ მოთამაშეებს ვიმატებდით. ცხადია, ავსტრიელებივით შეთამაშებულები ვერ ვიქნებოდით. როცა ასეთი პრინციპული მატჩია, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
- ანუ თავს ზემოთ ძალა არ იყო...
- სამწუხაროდ, ასეა. რა პირობებიც საქართველოშია, ამის ფონზე "დილამ" შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა. ამ გადასახედიდან ისიც მახარებს, "ოლბორგსა" და "ჰაიდუკს" რომ ვაჯობეთ. შეადარეთ მათი და ჩვენი პირობები, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ პირველ ორ ეტაპზე საკუთარ თავს გადავახტით? დამისახელეთ სხვა, ორი თვის შეკრებილი გუნდი, რომელიც ასეთი დონის მეტოქეებს წინააღმდეგობას გაუწევდა და პლეი ოფამდე მივიდოდა. მით უფრო, რომ ეს გუნდი ქართულია და მისი ბიუჯეტი მეტოქისას საგრძნობლად ჩამორჩება.
ყველას მეტის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება. მე კი ასეთი ზღაპრების არ მჯერა. ასეთ პირობებში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა წარმოუდგენელია.
გიორგი დევდარიანმა მოახერხა და ძალიან პერსპექტიული გუნდი შეკრიბა, მაგრამ ევროპულ დონეზე გასასვლელად, ფინანსების გარდა, მას დრო სჭირდებოდა და თან ჩვენი ჩემპიონატის დონეც უფრო მაღალი უნდა იყოს. საქართველოში კი ფეხბურთის დონე საგრძნობლად დაეცა. არ არის ფული და ჩემპიონობისთვის დიდი კონკურენცია. ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ რასაც მივაღწიეთ, ამ ეტაპზე ცუდი შედეგი არ ყოფილა.
- ველოდით, რომ "დილას" შემადგენლობაში "რაპიდთან" ბოლო შეხვედრას ატარებდით...
- არა, რატომ? ჯერ ჩემი წასვლა გადაწყვეტილი არ არის და არ დავმალავ, არც კი ვიცი, რაიმე კონკრეტული წინადადება თუ არის.
- რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" ჯერ არ დახურულა...
- 6 სექტემბერს იხურება და ვნახოთ... მართალია, "დილასთან" კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს ხელს არ უშლის და თუ რომელიმეს უცხოეთში წასვლის შანსი გაუჩნდება, კონტრაქტს მის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ. ეს არის ნორმალური დამოკიდებულება და ამიტომაცაა, რომ "დილაში" მოსვლა ყველას უხარია.
- მართალია, თითქოს მოლდოვური და აზერბაიჯანული კლუბები გიწვევდნენ?
- დიახ, იყო ასეთი წინადადებები, მაგრამ იქ წასვლას, ზამთრამდე "დილაში" დარჩენა მირჩევნია. შეიძლება, უკეთესი ვარიანტებიც გამოჩნდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კლუბისა და მისი ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ, რადგან "კრასნოდარში" უთამაშებლობის გამო ბევრმა ჩემზე ხელი ჩაიქნია.
"დილაში" ფორმა აღვიდგინე, ნაკრებშიც დავბრუნდი და თამაში რომ შემიძლია, ეს ყველას დავუმტკიცე.
- ევროტურნირების გამო "დინამოდან" და "დილადან" ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები საფრანგეთ-ფინეთთან გასამართ შეხვედრებს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხომ არ ხვდებით?
- ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მართლაც დიდი სტრესი მივიღეთ, მაგრამ მხოლოდ წარსულსა და მარცხზე ფიქრი არაფერს გვარგებს. ვინ იცის, იქნებ გულშემატკივარი ნაკრებმა მაინც გაახაროს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"