კვირის 1000 წვრილმანი: ვითომ შეირჩენენ?

AutoSharing Option
ამ უქმეების შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება, ეროვნული ჩემპიონატის ეს ტური კი ბევრ საინტერესოს გვპირდება.

წინა კვირაში არა ერთი საინტერესო რამ მოხდა როგორც საკლუბო ფეხბურთში, ისე ნაკრების ირგვლივ. ლევან კობიაშვილი გამოვიდა და თქვა, რაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ხდება, ბლეფიაო (იხილეთ ვრცლად).

BLUFF - ამის პირდაპირი თარგმანი არ არსებობს, ხოლო რა მნიშვნელობაც აქვს ამ სიტყვას, ყველამ იცის. 70-იან წლებში იტალიური ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს ადრიანო ჩელენტანო ასრულებს. იმ ფილმსაც ასე ჰქვია - "ბლეფი".

ფილმი წარმატებული გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ის ძალიან
პოპულარული იყო და მას შემდეგ სიტყვა "ბლეფი" უფრო მყარად დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკონში. ფილმიც იმისაა, რომ მისგან რაღაც ჩაიბეჭდოს გონებაში. "ბლეფი" კომედიური, საინტერესო ფილმია, კარგი რეჟისურითა და დიდებული მსახიობებით...

ჩვენი სანაკრებო ბლეფი კი გულდათუთქვის გარდა არაფერს არ იწვევს. ნაკრებსა და მის მწვრთნელზე წერაც უკვე მოსაბეზრებელი გახდა. ნაკრებს ცვლილებები სჭირდება, ოღონდ როგორი, ეს უკვე ჟურნალისტიკის სფეროს სცილდება, ეს ცვლილებები ამ სქმის სპეციალისტების გასაკეთებელია.

ისე, ნაკრებში 100 კეპის მომნაგრებელი ფეხბურთელი ასეთ რამეს რომ იტყვის, ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბიდანაც უნდა მოვისმინოთ პასუხი. კობიაშვილის ინტერვიუს იგნორირება იმის მაუწყებელი იქნება, რომ მისი ნათქვამი თემურ ქეცბაიამ და მისმა
სამწვრთნელო გუნდმა შეირჩინეს.

პოლემიკა ჩვეულებრივი რამეა, საინტერესო და ხშირად თავშესაქცევიც. მძიმე ხასიათის ადამიანები პოლემიკას ერიდებიან, რადგან არ აქვთ საკუთარი თავის იმედი - პოლემიკის დროს აგრესიული ტონით საუბარი დამარცხებას ნიშნავს და - ამიტომ.

ბლეფი - ქართულ ფეხბურთში მოსაქმეთაგან ინტერვიუში ეს სიტყვა მანამდე მგონი არავის არ გამოუყენებია, თორემ ბლეფობა ნაკრებშიც
ხდებოდა და ჩვენს კლუბებშიც.

მიკიბ-მოკიბულ ლაპარაკს მწვავე, არგუმენტირებული განცხადებები და პოლემიკა სჯობს - ვფიქრობ, ეს უკეთესი ტენდენცია იქნება.

* * *
ამ ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში 20 ოქტომბრამდე შესვენება იქნება. სამი კვირა ის მონაკვეთია, დაფიქრების საშუალებას რომ იძლევა. ზოგმა კი ამ პაუზამდეც მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ეს ჩემპიონატი ჯერჯერობით ისეთია, მატჩების შედეგის პროგნოზირება ძალიან რთულია. მოულოდნელობის ეფექტი გაიზარდა, ოღონდაც, მხოლოდ ეს არ კმარა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სტადიონზე მაყურებელმა კიდევ უფრო იკლო, არადა, არცთუ ცოტაა ისეთი მატჩი, ათასობით ქომაგის დასწრება რომ დაამშვენებდა...

მარტვილის "მერანი" ამ დროისთვის მეოთხე ადგილზე რომ არის, ამის წინასწარმეტყველება, ალბათ, შეუძლებელი იყო. "მერანი" რაღაცნაირი გუნდია, ვერ მიხვდები, როდის ითამაშებს რიგიანად და როდის - ურიგოდ. მცხეთაში ვუყურე "ვიტ ჯორჯია"-"მერანის" შეხვედრას, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, "მერანს" კი იმის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა, რომ უახლოეს ხანში რაიმე საინტერესოს მოახერხებდა, თუმცა...

"ვიტ ჯორჯიას" შემდეგ "მერანმა" მიჯრით 3 მატჩი მოიგო ჩემპიონატში, მერე "დინამოსთან" 2:4 ისე წააგო, ძლიერ მეტოქეს კარგი ბრძოლა რომ გაუმართა.

"მერანში" გამოჩნდა საინტერესო ახალგაზრდაც - 17 წლის აკაკი შულაია, რომელმაც გოლი "დინამოსაც" კი გაუტანა.

გათამაშების ცხრილში, სხვათა გარდა, "მერანს" გორის "დილა" და რუსთავის "მეტალურგიც" ჰყავს უკან მოტოვებული, ის გუნდები, მოწინავეებად რომ მიიჩნევიან დღევანდელი მოცემულობით (ფეხბურთელების კონტინგენტს ვგულისხმობ).

ამ ტურში მთავარი მატჩი "სიონი"-"დინამო" მგონია. რამდენიმე დღის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში სიონელმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა თქვა - დარწმუნებული ვარ, "დინამოს" მოვუგებთო (იხილეთ ვიდეო).

გოგობერიშვილი ის კაცია, სიტყვას ჰაერში რომ არ ისვრის. "დინამოსთვის" "სიონთან" შეხლა ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა უნდა იყოს, "სიონისთვის" კი ეს, შესაძლოა, წლის თამაში გახდეს. ბოლნისურ გუნდს ყველაზე ტიტულოვან მეტოქესთან სურს იმის დამტკიცება, რომ ფეხბურთელების გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს.

აბა, ვინ იცის, თუ რა მოხდება "სიონი"-"დინამოს" შეხვედრაში, მაგრამ ასაკი მაინც თავისას შვრება და "სიონის" შანსი მხოლოდ გამოცდილება არ უნდა იყოს, გამოცდილი მოთამაშეები ხომ "დინამოსაც" ჰყავს.

მე მაინც მგონია, რომ "სიონს" სტრატეგიული გეგმის იმედი უფრო ექნება, ვიდრე - ცალკეული ფეხბურთელების გამოცდილების.

"სიონი"-"დინამო" თითქოს ვაკეში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსთავში გადაიტანეს. თუმცა უქმე დღეა და, იქნებ, ეს თამაში გულშემატკივართა მაღალი ყურადღების ღირსიც შეიქნას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბლეფში აშკარად ერკვევი რადგან ეს სტატია დაგაბეჭდინეს :D :D
levani
10:03 07-10-2013
0
რაში გიხდიან ხელფასს და საწყალი ხალხი კიდე "ოცნებით კვდება!!! ჟურნალისტი ხარ თუ უბნის ჭორიკანა ვერ გავიგე
levani
10:00 07-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული