ალექსანდრე გოგობერიშვილი: დარწმუნებული ვარ, "დინამოს" მოვუგებთ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი", ალბათ, ყველაზე ხანდაზმული გუნდია მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, თუმცა წინა ტურში კინაღამ მოუგო ლიდერთა შორის მყოფ საჩხერის "ჩიხურას", მანამდე კი თასის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში "ზესტაფონი" 1:0 დაამარცხა.

"სიონში" ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ეროვნულ ნაკრებში რომ უთამაშია: რევაზ ქემოკლიძე, ვალერი აბრამიძე, დავით იმედაშვილი, ლადო ახალაია, თორნიკე აფციაური, ალექსანდრე გოგობერიშვილი...

მათ გარდა, "სიონში" კიდევ არიან ისეთები, თავის დროზე ასაკობრივ ნაკრებებში რომ ყოფილან. ერთი სიტყვით, "სიონს" გამოცდილება ნამდვილად არ აკლია.

გოგობერიშვილი 36 წლის გახლავთ. თბილისის "დინამოს" გარდა, მას საქართველოს სხვა წამყვან გუნდებშიც უთამაშია.
"ბაქიში" აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, მერე ისევ საქართველოში დაბრუნდა...

როგორ უნდა გაუმკლავდნენ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები ახალგაზრდა მეტოქეებს - გოგობერიშვილს მეტწილად ამაზე ვესაუბრეთ და სხვა საკითხებსაც გადავწვდით...

- "ჩიხურასთან" 2:1-ს იგებდით, თუმცა მატჩის მიწურულს ისე გამოჩნდა, რომ "სიონს" ჯანი აღარ შერჩა და "ჩიხურამაც" ამით ისარგებლა ანგარიშის გასათანაბრებლად...
- გამძლეობას ვერ დავაბრალებდი ამას, უბრალოდ, არ გაგვიმართლა, ბოლო წამებზე კონცენტრაცია დავკარგეთ. პირველ ტაიმში ცოტა ქაოტურად თუ ვითამაშეთ, მეორეში მკვეთრად გამოვასწორეთ საქმე, ჯანიც გვქონდა... სხვანაირად მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ვერ განვახორციელებდით.

ასე რომ, საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჩემპიონატი, გამოცდილი ფეხბურთელების ყოლა აუცილებელია.

- ნომინალურად ნახევარმცველი ხართ, "სიონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე კი მარცხენა მცველად გათამაშებთ. ამ გადაადგილებას როგორ შეეგუეთ?
- ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, საწუწუნო არაფერი მაქვს. მარცხენა მცველის პოზიციაზე გვქონდა პრობლემა და მე თავად შევთავაზე კიკნაძეს, შემიძლია ამ პოზიციაზე თამაშიც-მეთქი. ნახევარდაცვის ცენტრში "სიონს" ისედაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე კომფორტული საყრდენ ნახევარმცველად თამაში იქნებოდა, მაგრამ მთავარი ის არის, რაც გუნდს სჭირდება.

- როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი 36 წლის ასაკში? არსებობს ამის რეცეპტი?
- პირველ რიგში, აუცილებელია მოტივაცია, ეს დაბადებიდან უნდა გქონდეს სისხლში გამჯდარი. გასაგებია, რომ ფეხბურთელობა პროფესიაა, მაგრამ ამავე დროს, უნდა გსიამოვნებდეს ვარჯიში და შრომა, უნდა გწყუროდეს თამაში, გამარჯვების სურვილი და ჟინი უნდა გქონდეს.

36 წლის ვარ და ახლაც ძალიან მიხარია მოგება, ახლაც მსიამოვნებს, როცა ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები და მინდა, არავის არ ჩამოვრჩე, მათ შორის - ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც. მოტივაციის მერე მოდის ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ფეხბურთელმა საკუთარ თავს უნდა მოუაროს, სპორტსმენისთვის ნომერ პირველი მტერი ხომ ჭარბი წონაა.

რაც შეეხება ალკოჰოლს, მისი მიღება მხოლოდ ზომიერად უნდა მოხდეს.

- ბევრი სირბილი, ენერგია - ასაკის მატებასთან ერთად, ეს კომპონენტები რა ცვლილებას განიცდის?
- ვფიქრობ, ახალგაზრდებს არც სირბილში ჩამოვრჩები და არც ენერგიაში, ზოგს თუ არ ვჯობივარ კიდეც.

- "სიონმა" ამ კონტინგენტით რას შეიძლება მიაღწიოს?
- ექვსეულში მოხვედრა შეგვიძლია და ამას მოვახერხებთ კიდეც. არის პატარა პრობლემები "სიონში" და იმედია, ყველაფერი დალაგდება. თასის გათამაშებაშიც შეგვიძლია წინ წასვლა.

- "სიონი"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩში (1:1 - ავტ.) ისე ჩანდა, თითქოს "ვიტ ჯორჯიამ" სწორედ ახალგაზრდული ჟინითა და ენერგიით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება...
- შესაძლოა, "ვიტ ჯორჯიამ" რაღაც კომპონენტებში ახალგაზრდული ენერგიით გვაჯობა, მაგრამ ეს ფეხბურთია. მიმაჩნია, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მოსაგები თამაში გვქონდა.

- "სიონის" 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს თუ გილაპარაკიათ ერთმანეთში იმაზე, თუ როგორ უნდა აჯობოთ ახალგაზრდა მეტოქეებს?
- რა თქმა უნდა, ამაზე გვისაუბრია და ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლია კიდეც მეტოქეების დამარცხება. ფეხბურთს მარტო სირბილი არ იგებს, ყველაფერი ტვინიდან მოდის. "სიონის" ფეხბურთელებს გვჯერა ერთმანეთის.

6 ოქტომბერს თბილისის "დინამოს" ვეთამაშებით და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ.

- მართალია, თითქოს "სიონში" ფინანსური პრობლემებია?
- არის დავალიანება და იმედია, მალე მოგვარდება. ასეთი დაპირება მოგვცეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სიონი-ჩიხურა 2:2 - ბოლნისელებს ჯანი დააკლდათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული