ის არავის დაავიწყდება... ვიტალი დარასელია 56 წლის გახდებოდა

AutoSharing Option
"ქართული სპორტის ლიდერები", - აი, ასე ჰქვია იმ მართლაც საინტერესო პროექტს, ჩვენმა კოლეგებმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტებმა: ბიძინა ბარათაშვილმა, ლევან სალუქვაძემ, გიგა გვენცაძემ და ტოტალიზატორ "ლიდერბეთის" ხელმძღვანელებმა ერთად რომ მოიფიქრეს.

ამ პროექტის მიხედვით, სავარაუდოდ თვეში ორჯერ, ტოტალიზატორ "ლიდერბეთში" სპორტის ამა თუ იმ გამოჩენილ მოღვაწესთან შეხვედრა იქნება შესაძლებელი ან კიდევ გარდაცვლილ სპორტსმენს გაიხსენებენ.

სიმბოლურია, რომ პროექტის პირველი "პრეზენტაცია" გუშინდელ დღეს დაემთხვა: 9 ოქტომბერი ხომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორის, ვიტალი დარასელიას დაბადების დღეა!

...ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, ვეტერანი გულშემატკივრები, თბილისის
"დინამოს" ორი ფეხბურთელი (ჯაბა დვალი, ომარ მიგინეიშვილი), ვიტალი დარასელიას მეგობარი და 70-80-იანი წლების "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვახტანგ ქორიძე, - "ლიდერბეთის" ოფისში საგანგებოდ ამ შეხვედრისათვის გამოყოფილ ადგილას ის საზოგადოება შეიკრიბა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშის ნიჭის დამფასებელი რომ იყო.

Sportall.Ge
ფოტოზე: ღონისძიების ორგანიზატორებმა დიდი ვიტალის მეუღლეს, ქალბატონ მარინას, სიმბოლური მაისურა გადასცეს

ამ შეხვედრას ჩვენი კოლეგა ბიძინა ბარათაშვილი უძღვებოდა და მოკლე სიტყვაში ერთობ მრავლისმთქმელი ფრაზაც თქვა:

"1981 წელს თბილისის "დინამომ" პირველი საერთაშორისო ტიტული ვიტალი დარასელიას გოლით მოიპოვა; ამის მერე, დღემდე კი, საერთაშორისო ასპარეზზე "დინამოს" ასევე ერთადერთი ტიტული აქვს და, ალბათ, სიმბოლურია, რომ 2004 წელს, "თანამეგობრობის თასზე" თბილისის "დინამომ" რომ გაიმარჯვა, იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი... ვიტალი დარასელია-უმცროსი გახდა"!

ამის შემდეგ "საუკუნის გოლის" ავტორი ვის უნდა გაეხსენებინა, თუ არა მართლაც ამაგდარ მწვრთნელს, ვიტალი დარასელიას ნიჭის აღმომჩენსა და პირველ აღმზრდელს ბონდო კაკუბავას!

ბატონმა ბონდომ საინტერესო ფაქტები გაიხსენა, მაგრამ განსაკუთრებით, ერთი ეპიზოდი გვინდა აღვნიშნოთ:

"უკვე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყო და ყოველი მატჩის მერე მშობლიურ ოჩამჩირეში გამოეშურებოდა ხოლმე; ჯერ დედას მოინახულებდა და მერე, საღამოთი, ჩემთან ვარჯიშობდა..."

Sportall.Ge
ფოტოზე: ვიტალი დარასელიას პირველი მწვრთნელი ოჩამჩირის "ამირანში" ბონდო კაკუბავა

ამის შემდეგ ვიტალი დარასელია მოიგონეს ვახტანგ ქორიძემ და ჩვენმა კოლეგებმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტებმა: ჯამლეტ ხუხაშვილმა, გია გორგოძემ, დემიკო ლოლაძემ, თენგიზ პაჭკორიამ, გიგა გვენცაძემ; ბოლოს კი ვიტალი დარასელიას მეუღლემ იქ დამსწრე საზოგადოებას ბევრი ისეთი ამბავიც მოუთხრო, აქამდე ყველასათვის უცნობი რომ იყო...

ვიტალი დარასელია 56 წლის გახდებოდა...
იხილეთ ვიდეო
13.05.1981. დინამო (თბ)-კარლ ცაისი 2:1
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა გაანათოს შენი სული ვიტალი!
tony
16:05 10-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული