კვირის 1000 წვრილმანი: მენტალური მოდერნიზაცია

AutoSharing Option
უცხოელი თუ ქართველი მწვრთნელი? - როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ჩამოვარდება სიტყვა, ეს კითხვა კამათის აუცილებელი ამხანაგია.

ზოგადად, მწვრთნელის ეროვნებას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ძალიან რთული თემაა და შესაძლოა, ეროვნებას ჰქონდეს კიდეც მნიშვნელობა. საერთოდ, უმნიშვნელო რაღაცები არ არსებობს...

როცა იოჰან ბოსკამპი ჩამოვიდა საქართველოში თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, მაშინ უცხოელის მოწვევის იდეა მომწიფებული იყო, ქართულ ფეხბურთს ეს სიახლე სჭირდებოდა - თუნდაც, თვალსაწიერის გასაფართოებლად.

ბოსკამპმა მართლა შემოიტანა სიახლეები. მაგალითდ, მან აკრძალა სიგარეტის მოწევა დიღმის ბაზის ტერიტორიაზე, რაც
ქართველების მენტალური მოდერნიზაციის ერთ-ერთი მცდელობა იყო.

მანამდე, ბაზაზე მწვრთნელები თავიანთ კაბინეტში ეწეოდნენ სიგარეტს, არც სხვები იკლებდნენ ამ სიამოვნებას, ბოსკამპის დროს კი მწეველები ბაზის ჭიშკართან იდგნენ სიგარეტით ხელში...

ცხადია, ბოსკამპი მხოლოდ ამით არ ფასობდა. მან არა ერთი საინტერესო ახალგაზრდა შენიშნა "დინამოსთვის" თუ ეროვნული ნაკრებისთვის, ზოგის დაწინაურება მოახერხა, ზოგისაც - არ დასცალდა.

ლიბეროს გარეშე თამაში და პასი მხოლოდ წინ - ესეც ბოსკამპის ნოვაცია იყო მაშინდელ სიტუაციაში.

მეორე უცხოელი, ვისაც საქართველოს ნაკრები ანდეს, ალენ ჟირესი გახლდათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ის ანრი მიშელის კანდიდატურას ანაცვალა.

ჟირესმა კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, ფეხბურთის ფედერაციაში უმცროსი ნოდარ ახალკაცი მიიყვანეს პრეზიდენტად და ჟირესი იმ დროს ჩაანაცვლეს გაიოზ დარსაძით, როცა ნაკრები ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ისევ ეჭიდებოდა.

მერე იყო კლაუს ტოპმიოლერი თავისი საახლობლოთი. ისინი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც მოედნენ - ჰერ კლაუსის ძმა, ჰაინცი, საქართველოს 19-წლამდელთა დამრიგებელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამწვრთნელო ბიოგრაფია ძნელად მოსაძიებელი გამოდგა.

ჰერ კლაუსი კი წელიწადის თითქმის ყველა დროს გარუჯული ჩამოდიოდა თბილისში თუ ნაკრების უცხოურ შეკრებებზე - ეტყობოდა, კურორტებზე წასასვლელად დრო ბლომად რომ რჩებოდა.

ტოპმიოლერს მას შემდეგ აღარსად უმუშავია. ანუ ისე გამოვიდა, რომ ბოლო მილიონები საქართველოში იშოვა. თუმცა ტოპის სამწვრთნელო კვალიფიკაცია მაინც ეჭვის გარეშე იყო - მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ერთი-ორი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, ჰერ კლაუსის უნარები აშკარად იგრძნობოდა.

ექტორ კუპერი კი სიტუაციაში ვერ გაერკვა. და ახლა რა უნდა ვქნათ? - ქართველი თუ უცხოელი? ქართველი მწვრთნელებიდან ასარჩევი ალბათ ორია - გია გეგუჩაძე და კახა ცხადაძე, უცხოელებიდან კი კანდიდატთა რიცხვი გაცილებით ბევრია.

რიცხობრივი უპირატესობა ნიშნავს უპირატესობას მრავალფეროვნებაშიც - აქეთ მხოლოდ ორი, განსხვავებული ტიპაჟის ქართველი მწვრთნელი, იქით კიდევ ბევრი სხვადასხვანაირი სპეციალისტი. ვფიქრობ, ეს ფაქტორიც გათვალისწინებული უნდა იყოს.

საქართველოში მომუშავე ქართველი მწვრთნელებისთვის ეს ხელობა განსაკუთრებულად რთულია და თუ რომელიმე მათგანი გახდება ეროვნული ნაკრების თავკაცი, ეს დიდი სტიმული იქნება დანარჩენი ქართველი მწვრთნელებისთვისაც.

ვინ გაუშვა "დილადან" გიორგი დევდარიანი? გამგებელმა, გამგებლის მოადგილემ, ბუღალტერმა თუ დამლაგებელმა? პასუხი ჯერ უცნობია და იმედია, კლუბი ამას ოფიციალურად გამოამზეურებს.

რამდენიმე თვის წინათ, სწორად მენიშნა გურამ რუხაძის ნათქვამი - სახელმწიფო კლუბები არ უნდა არსებობდნენო.

ვფიქრობ, იმის დროც მოვა, როცა გამგებლები თავიანთ საქმეს მიხედავენ, ფეხბურთს კი - სპეციალისტები.

ყველაფერს თავისი დრო აქვს, ოღონდაც, ამ დროში ცხოვრებაც გადის...

მენტალური მოდერნიზაცია კი მხოლოდ თამბაქოს აკრძალვა ვერ იქნება, სახელმწიფო კლუბებიც კარგა გვარიანი ანაქრონიზმი უნდა იყოს და ამისთვის უცხოელის ჩამოყვანა ნამდვილად არ არის აუცილებელი - რაღაცებს ჩვენ თვითონაც უნდა მივხვდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ვარ საკარტველოში თორემ მე ვითავებდი, როცა ნაკრების ტამაში იკნებე არ შევიდეთ სტადიონზე, გავაკეთოთ ჯაჭვი სტადიონზე და მოვითხოვოთ მისი წასვლა.
Gela
03:28 21-10-2013
0
შანსს კი მისცემენ, მაგრამ არ მიდის ეს უნამუსო ხომ ხედავთ!...ჟურნალისტები რომ გქვიათ, ბატონებო, გაანძრიეთ ერთი ადგილი და ბოლობოლო გაარკვიეთ ვის ხელშია ქეცბაიას მოხსნის საკითხი...ან შეკრიბეთ ერთად ფედერაციისა და სახელმწიფოს ის წარმომადგენლები, ვისაც ამის გადაწყვეტის უნარი აქვს...რამდენი გამოკითხვა უნდა ჩაატაროთ, რომ მიხვდეთ, ქეცბაია მოსახსნელია და სავარაუდოდ გეგუჩაძე დასანიშნი...ნუთუ ასე ძნელია ამის მოგვარება?!
murtalo
01:24 20-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული