თვალსაზრისი: ქვევრი

AutoSharing Option
"ხედავ, უფროსო? მილიციას მასხრად იგდებს!" - ქართული კინო ძალიან მაგარი ფენომენია და ფრაზეოლოგიაც თაობიდან თაობამდე რჩება გამოყენებაში.

ეს ფრაზა "ქვევრიდანაა", კომედიური ფილმიდან, რომელშიც დიდებული არტისტები თამაშობენ...

ეს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიც თანდათან კომედიას ემსგავსება, ოღონდაც, დიდებული შემსრულებლების გარეშე. მწვრთნელებს კი აიძულებენ, ქვევრის როლი შეასრულონ - რასაც ჩასძახებენ, ის ამოსძახონ. ზოგი მწვრთნელი ამას არ ეგუება და უმუშევარი რჩება, ზოგსაც კი უწევს ამ ყველაფერთან შეგუება.

ჯერ იყო და, გიორგი დევდარიანი გაუშვეს "დილადან", რისი ოფიციალური მიზეზიც არ დასახელებულა. დევდარიანი რამაზ სოღოლაშვილმა შეცვალა, გორის "დილას"
ყოფილმა მეკარემ და მერე მწვრთნელმა, ვისაც მეკარეობისას "შუმახერას" ეძახდნენ.

ჰარალდ შუმახერს გაუმართლა, ის დასავლეთ გერმანიაში დაიბადა, ევროპის ჩემპიონი გახდა, ორჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში... ყველამ იცოდა, ვინ იყო შუმახერი და მისი სახელი იმდენად იყო განთქმული, "დილას" მეკარესაც კი შეარქვეს. სოღოლაშვილს ბევრჯერ გადაურჩენია "დილა" და ვინ იცის, დასავლეთ გერმანიაში რომ დაბადებულიყო, რა გაქანების მეკარე გახდებოდა.

ახლა კი ის "დილას" თავკაცობს. სოღოლაშვილს იმდენი დამსახურება აქვს ამ გუნდის წინაშე, რომ განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა საქმე ისაა, რომ ის უკვე მწვრთნელია და ამ საქმის კეთება იმ დროს უწევს, როცა საქართველოს ჩემპიონატი კომედიას ემსგავსება.

ვიყავი "ვიტ ჯორჯია"-"დილას" შეხვედრაზე და საკუთარი თვალით ვნახე, რომ თამაშის დროს "დილას" ფეხბურთელებს მითითებებს და რჩევებს სოღოლაშვილი კი არა, სულ სხვა აძლევდა ტრიბუნიდან. რატომ ექცევიან ასე სოღოლაშვილს? განა ეს მწვრთნელის უპატივცემულობა არ არის? თანაც, რჩევა-მითითებებს ის იძლეოდა, ოფიციალურად რომ არ არის კლუბის თანამშრომელი.

რა არის ეს, თუ არა კომედია ან შაყირი?

ბევრმა არ იცის, რა ხდება სხვა გუნდებში და ყველაფრის დაწერა, ალბათ, არც არის საჭირო, რადგან გაფრთხილება სჭირდება იმ მცირერიცხოვან ქომაგს, ერთგულად რომ დადის საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე.

ბოლნისის "სიონიდან" გიორგი კიკნაძე წავიდა. მიზეზი - უფულობა. "სიონშიც" მოიძებნა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ახალ მწვრთნელს აღარ სჭირდება მყარი ფინანსური ზურგი? პრობლემის მოგვარება დაწყებულიაო, თქვეს კლუბში. და თუ პრობლემა მოგვარებადი იყო, რაღაზე დატოვა გუნდი კიკნაძემ?

კოაბიტაცია დასრულდა და დაიწყო ჟამი იმედიანი მოლოდინისა. სპორტის მინისტრი დაგვპირდა, საკლუბო ფეხბურთს ეშველება და საამისოდ ყოველწლიურად 30 მილიონ ლარს გამოვა სახელმწიფო, აქედან დაახლოებით მესამედი უმაღლესი ლიგის კლუბებზე გადანაწილდებაო.

კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ საკლუბო ფეხბურთში ტენდენცია კლუბების კერძო სექტორში გადასვლისკენ არ წავიდა, კომედიას და შაყირს, ალბათ, მომავალშიც ვერ ავცდებით.

კოაბიტაციამდე მწვრთნელის ხვედრი არ იყო ადვილად გასაძლები. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია - კლუბის ჩინოვნიკი ურეკავს ქვეშევრდომს, ქვეშევრდომი მიდის სათადარიგოთა სკამთან, ხელმძღვანელის დირექტივას აცნობს მწვრთნელს და მწვრთნელიც ვალდებულია, ის ფეხბურთელი შეუშვას მოედანზე, რომელიც ხელმძღვანელმა ჩათვალა საჭიროდ.

ქვევრია, აბა, სხვა რაღაა?

თუ სახელმწიფო მართლა აპირებს 10 მილიონის გადანაწილებას უმაღლესი ლიგის კლუბებზე, სიტუაციის განჭვრეტა-გაზომვაც მართებს - ასე მგონია და საამისო არგუმენტებიც, ვფიქრობ, სახეზეა - ფული კომედიაში არ უნდა გადაიყაროს.

ლავუაზიეს კანონი მაინც არ გაგიგიათ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართული ფეხბურთი საერთოდ გასაუქმებელია,იყიდიან X5-ს და მერე სუ &&&&& კიდიათ ქვეყანაც და ყველაფერიც,ხარჯე ამათში მილიონები.
ბეღურა83
შვილო შენ ფეხბურთის აზრზე ხაარ საერთოდ?
0
მეც ვიყავი მაგ თამაშზე და ის "სხვა" ვინც ტრიბუნიდან აძლევდა მითითებებს სხვა არ არის და გორის "დილას" თანამშრომელია და რას ხედავთ იმაში ცუდს რომ თავის მოთამაშეებს მითითებებს აძლევდა?
ბეღურა83
00:20 31-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული