გიორგი ონიანი: გული მომიკვდა, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება

AutoSharing Option
...10 აპრილს, ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", თასის მეოთხედფინალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" ხვდებოდა. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ბურთისთვის ბრძოლისას ქუთაისელთა მცველი გიორგი ონიანი მოედნის დამცავ ბადეს შეეჯახა.

თამაშის გაგრძელებას ვინ ჩიოდა, გონწასული სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს და უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
საბედნიეროდ, ონიანს ზურგის ტვინი არ დაუზიანდა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მალე ფეხზეც წამოდგა. ამიტომ, იმედი გვქონდა, რომ 30 წლის მცველი ფეხბურთს კიდევ ითამაშებდა.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - გიორგი იძულებულია, ბუცები ლურსმანზე
ჩამოკიდოს და სხვა საქმიანობაზე იფიქროს.

ეს დასანანი ამბავი თავად გვითხრა, როცა იმის შესატყობად დავუკავშირდით, თუ როდის განაახლებდა ვარჯიშს...

- დიდი ხანია, მკურნალობთ. მოედანს როდისღა დაუბრუნდებით?
- ახლა ისევ რეაბილიტაციას გავდივარ და ვისვენებ. მაგრამ ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებ. გერმანიაში ოპერაცია რომ გავიკეთე, ექიმებმა პირდაპირ მითხრეს, თუ სიცოცხლე გინდა, მოედანზე გასვლას აღარ გირჩევთო.

ახლა 2 კილოზე მეტის აწევა არ შეიძლება, არც სირბილის უფლება მოუციათ. ისეთი თავდადებული მოთამაშეც არ ვარ, ფეხბურთი ჯანმრთელობაზე წინ დავაყენო.

მოკლედ, კარიერა დავამთავრე და თქვენ უკვე ვეტერან ფეხბურთელს ელაპარაკებით.

- გერმანიიდან ჩამოსულმა ხომ თქვით, მალე ვარჯიშს დავიწყებო?
- სულ სამი ოპერაცია გავიკეთე - ორჯერ კისრის მალებზე და ერთხელაც ცხვირზე. ფეხბურთს რომ ვეღარ ვითამაშებდი, ეს ამბავი ბოლო ოპერაციის შემდეგ მითხრეს. გული მომიკვდა, მაგრამ რას ვიზამთ... ცხოვრება ამით არ მთავრდება...

- კარიერის ნაადრევად დასრულება სასიამოვნო ნამდვილად არ არის...
- რა თქმა უნდა, გული უზომოდ მწყდება, კიდევ ხუთ-ექვს წელიწადს ვაპირებდი თამაშს...

ძალიან ძნელია, საყვარელ საქმეს რომ მოწყდები. მძიმე განცდებში ვარ, მიჭირდა ამ აზრთან შეგუება. მაგრამ ისეთი ტრავმა გადავიტანე, რომ ემოციაც აღარ დამრჩა და ფეხბურთზე მეტად, ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი. ამის გამო, ფეხბურთიდან წასვლა არ მიჭირს.

რას ვიზამთ, სხვა გზა არც მქონდა... ცხოვრებაც გრძელდება, ამით მხოლოდ ერთი ეტაპი დასრულდა.

- ალბათ, უკვე დაფიქრებოდით, სად გააგრძელებთ საქმიანობას...
- ჯერ ზუსტად არ ვიცი. ვფიქრობ. ისე, მწვრთნელობა მსურს, ეს ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც შემომთავაზა.

არ ვიცი, ამ კაცზე ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ისე მოულოდნელად დამეხმარა, გაოცებული დავრჩი. მე არც მითხოვია, პირადადაც არ ვიცნობდი... სხვათა შორის, "ლელოში" დაბეჭდილი ჩემი ინტერვიუს შემდეგ შემხვდა და თავად მკითხა ანგარიშის ნომერი და ოპერაციისთვის აუცილებელი 13 ათასი ევრო ჩამირიცხა.

სიჭინავამ მაშინ მითხრა, ოპერაციის შემდეგ თუ ითამაშებ, ხომ კარგი, თუ არა და, სამწვრთნელო ლიცენზიის აღებაშიც დაგეხმარები და რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში დაგასაქმებო. არც ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო.

ცხადია, "ტორპედოც" დამეხმარა, გერმანიაში გასამგზავრებელი ბილეთები და ვიზა ამიღო. მაგრამ ოპერაციის თანხა მჭირდებოდა, რადგან ამხელა სახსრები თავად არ მქონდა და არც ვიცოდი, ეს ფული საიდან მომეტანა. უოპერაციოდ კი ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნებოდა.

ახლა ლიცენზიის აღებაზე ვფიქრობ. მხოლოდ ფეხბურთი ვიცი და აჯობებს, ისევ ამ საქმეს მივყვე. გავიგე, ვისაც პროფესიული კარიერა ჰქონდა, შეუძლია პირდაპირ B ლიცენზია აიღოსო.

- რა იყო ფეხბურთში თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონება? უსიამოვნოზე აღარ გკითხავთ...
- სასიამოვნო იყო ბურთთან პირველი შეხება და უმაღლეს ლიგაში დებიუტი. ეს 2002 წელს მოხდა, თბილისის "ლოკომოტივში" ახალი ჩარიცხული ვიყავი, როცა გასვლაზე ზესტაფონის "მარგვეთს" 5:0 მოვუგეთ. მაშინ გუნდს ლუის ცაკარიასი ავარჯიშებდა, პირველ ტაიმში შეცვლაზე შემიშვა. ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ ეს იყო დიდი სიამოვნება, იმის მიუხედავად, რომ მოედანი ატალახებული იყო...

- აუხდენელ ოცნებად რა დაგრჩათ?
- საქართველოს ნაკრებში თამაში. ტოპმიოლერის დროს, სამჯერ განაცხადშიც მოვხვდი, მათ შორის - გასვლაზე საფრანგეთთან და ასევე გასვლაზე ალბანეთთან, ამხანაგურ მატჩში. მაგრამ ერთხელაც არ მითამაშია.

- რა იყო თქვენი ყველაზე სერიოზული შეცდომა?
- ალბათ, გერმანიიდან წამოსვლა. დარჩენის შანსი მქონდა, კონკრეტული წინადადებაც იყო, მაგრამ საქართველოში დაბრუნება და რუსთავის "მეტალურგში" თამაში ვამჯობინე, რომელიც მაშინ ჩემპიონობისთვის იბრძოდა. გერმანიაში ჩემი კარიერაც სხვაგვარად წარიმართებოდა. მაგრამ მეორე მხრივ, წამოსვლა კარგიც იყო, ნაკრებში ხომ ამის შემდეგ მიმიწვიეს.

სიზარმაცე არ მახასიათებდა, განსაკუთრებული შეცდომაც არ დამიშვია. მაგრამ ამ გადასახედიდან, მეტის გაკეთება შემეძლო. საერთოდ, ცხოვრების კანონია - მეტი უნდა გასცე, მეტი რომ მიიღო...

- თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთი მოთამაშეებს რას აძლევს და რას - ვერა?
- საქართველოში თამაში რთულია, მაგრამ ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ცხოვრების პირობები გაიუმჯობესო, უკეთესი მომავლის იმედი გქონდეს და ხალხმა ტაში დაგიკრას. ხალხის აღიარება და ოვაციები ყველაზე დიდი სიამოვნებაა. გერმანიაში, "კარლ ცაისში" სულ ერთი სეზონი ვითამაშე და ვიცი, სავსე სტადიონი რამხელა სიამოვნებაა. მხოლოდ ამიტომ ღირს თამაში და შრომა. გერმანიაში საოცარი გულშემატკივარია, გავარდნილ გუნდსაც კი ქომაგობენ.

ასეთი თანადგომა მენატრებოდა საქართველოში, სავსე ტრიბუნების გარეშე თამაში საშინელებაა. ასე იყო "ზესტაფონში", კარგი ქომაგები ჰყავთ "ტორპედოსა" და "დილას", მაგრამ ზოგადი სურათი მაინც დამთრგუნველია. ამიტომ, მოტივაციაც ნაკლებია, კონცენტრირებასაც ვერ აკეთებ და დიდი პროფესიონალიზმი გჭირდება, ბოლომდე რომ დაიხარჯო.

ასეთ გარემოში თამაში ვარჯიშებს ჰგავს და ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. მოედანი მოედანს არ ჰგავს და სტადიონი - სტადიონს. ბევრჯერ ისეთ მოედანზე მითამაშია, ერთი საზრუნავი მქონდა - გასახდელამდე ჯანმრთელი მივსულიყავი. ეს თუ მოგვარდა, სანახაობრივადაც და დონითაც ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. ის მაინც გეცოდინება, რომ სტადიონზე არ მოკვდები, რაც მე მომივიდა.

ნეტავ, შემდგომმა თაობებმა მაინც იგრძნონ საქართველოში ისეთი ემოცია, რაც მე გერმანიაში განვიცადე. თუ ამას არ მიეხედა, უკან-უკან მივდივართ და საშველიც არ ჩანს. არადა, კარგი თაობები მოდიან და არ მინდა, ჩვენი თაობის ბედი გაიზიარონ.

გიორგი ონიანი
დაიბადა 1983 წლის 23 ნოემბერს
სიმაღლე: 185 სმ; წონა: 79 კგ
პოზიცია: ცენტრალური მცველი

კარიერა
2002-05 ლოკომოტივი თბ
2006 დინამო ბთ
2006-07 ოლიმპი
2007-08 კარლ ცაისი
2008-09 ოლიმპი
2009-12 ზესტაფონი
2013 2012-13 დილა
2014 ტორპედო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ
"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები შენს სამწვრთნელო კარიერაში!ჯანმრთელობა და ბედნიერება.წინ გაქვს ყველაფერი მართლაც!გული არ გაიტეხო!
Onos
23:43 01-12-2013
0
გიო ეგ არაფერი, მთავრია ჯანმრთელობა ! ღმერთის წყალობით დიდი მწვრთნელი დადგები მჯერა მე ამის წარმატებებს გისურვებ მთელი სულით და გულით !!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული